მოდელი ბიანკა ბალტი, რომელიც საკვერცხის კიბოს მესამე სტადიას ებრძვის Victoria's Secret-ის ჩვენებაზე არ დაუშვეს.
41 წლის მოდელმა თქვა, რომ თავად მისწერა Victoria's Secret-ს თხოვნით, რათა ჩვენებაში მონაწილეობის უფლება მიეცათ. მიმართვაში მან განმარტა, რომ ამით უნდოდა, გაემხნევებინა სხვა ქალები, რომლებიც კიბოს ებრძვიან.
„მივწერე Victoria's Secret-ს, რომ მსურდა წელს მონაწილეობა მივიღო ჩვენებაში. მე წარმოვადგენ ყველა იმ ქალს, რომელიც კიბოს ებრძვის და მაინც ბედავს, თავი ლამაზად იგრძნოს. მე არ ვარ ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე გამხდარი და ყველაზე ტანადი. მაგრამ ძლიერი ვარ, მამაცი, ცოცხალი და ჯერ კიდევ სექსუალური! ვამაყობ ჩემი ნაწიბურებით და სიამაყით ვაჩვენებ ჩემს ახლად ამოსულ თმას,“ — დაწერა ბალტიმ თავის ინსტაგრამში.
თუმცა ბრენდმა მას უარი უთხრა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ თავისუფალი ადგილი აღარ იყო დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ ბიანკა უკვე მონაწილეობდა Victoria's Secret-ის ჩვენებაში 2005 წელს — მაშინ ის პოდიუმზე ჰაიდი კლუმთან, ტაირა ბენქსთან, ადრიანა ლიმასთან, ალესანდრა ამბროსიოსთან და სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად გამოდიოდა.
მოდელმა აღნიშნა, რომ ბრენდზე ნაწყენი არ არის:
„მე ეს ნაბიჯი გადავდგი, რადგან ავადობის შემდეგ ვიგრძენი პასუხისმგებლობა იმ ქალების მიმართ, რომლებიც კიბოს ებრძვიან და იმ ადამიანების მიმართაც, ვინც სირთულეების შემდეგ თავიდან სწავლობს ცხოვრებას. კიბომ მასწავლა, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ გეშინოდეს მცდელობის, და რომ მცდელობა არასდროს კლავს.“
გასული წლის სექტემბერში ბიანკა ბალტიმ განაცხადა, რომ მესამე სტადიის საკვერცხის კიბო დაუდგინეს. ორი წლით ადრე მოდელმა ორმაგი მასტექტომია ჩაიტარა ძუძუსა და საკვერცხის კიბოს გენეტიკური რისკის გამო. თუმცა მაშინ მან საკვერცხეების ამოღება გადადო, რადგან კიდევ სურდა შვილების გაჩენა. მიუხედავად ავადობისა, ბალტი კვლავ აქტიურად ჩნდება საზოგადოებრივ ღონისძიებებზე.

ბიანკა ბალტი ორჯერ იყო დაქორწინებული. 2007 წელს შეეძინა ქალიშვილი მატილდა — ფოტოგრაფის ასისტენტ კრისტიან ლუჩიდისგან. 2010 წელს, ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ, ისინი დაშორდნენ. 2015 წელს ბიანკას მეორე ქალიშვილი — მია — შეეძინა მეთიუ მაკრეისგან. ორი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა, თუმცა მალევე დაშორდნენ.

