"ვცდილობდი, შვილებისთვის მეცხოვრა ისე, ენერგიული დედა ვყოფილიყავი, მაგრამ იმის იქით ჩემში რაღაც ძალიან დიდი ჩაკვდა..." - ნატო ჭოხონელიძე შვილებისა და ცხოვრებაში განცდილი ტრაგედიების შესახებ - მშობლები

"ვცდილობდი, შვილებისთვის მეცხოვრა ისე, ენერგიული დედა ვყოფილიყავი, მაგრამ იმის იქით ჩემში რაღაც ძალიან დიდი ჩაკვდა..." - ნატო ჭოხონელიძე შვილებისა და ცხოვრებაში განცდილი ტრაგედიების შესახებ

2025-10-27 10:51:11+04:00

მომღერალი ნატო ჭოხონელიძე, რომელსაც ადრე დაენგრა ოჯახი და მარტომ გაზარდა შვილები, გადაცემაში "ნოესთან" იმ სირთულეების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ცხოვრებაში შეხვდა:

- გასახსენებელიც არაფერია, უბრალოდ, ერთმა ადამიანმა ჩემს ნაჭუჭში ვიცხოვრე იმ სიჩუმესთან ერთად, რაც მქონდა იმიტომ, რომ არასდროს დამთავრდა ეს განსაცდელები. ბოლო განსაცდელმა, ალბათ, საერთოდ დამადუმა. ვცდილობდი, შვილებისთვის მეცხოვრა ისე, რომ ძალიან ენერგიული დედა ვყოფილიყავი, მაგრამ იმის იქით ჩემში რაღაც ძალიან დიდი ჩაკვდა, რომელიც არავინ არ თქვას, რომ ცოცხლდება, რაღაცაში გადადის და ცხოვრება გრძელდება... არა, რაღაც რომ მთავრდება, მთავრდება და წერტილი ესმევა. უბრალოდ, იმ ყველაფრის გარეშე ცხოვრებას სწავლობ, რასაც დიდი გულშემატკივართა გუნდი ერქვა. ესენია: ძმა, დედა, მამა. ყველაზე ძვირფასი, რაც გაგაჩნია ცხოვრებაში ადამიანს...

ჩემი ძმა სულ მახსოვს. ყოველი წუთი მასთან ერთად ვცხოვრობ. ეს იყო პირველი დარტყმა, რომელმაც, ალბათ, დედისა და მამის გაცილება გამიადვილა ძალიან მოკლე დროში.

ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ტკივილს ვეღარ გრძნობ. როცა ეს დამემართა, მივხვდი, რომ ეს არის ის, რომლის მერეც ტკივილიც გიმსუბუქდება. რადიკალურად სხვა ნატო გავხდი. ძალიან მოულოდნელად, ძილში, თრომბით, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმის მერე ნატო, ალბათ, აღარც არის... ვინც მანამდე მიცნობდა, მან კი იცის, რომ მე იქ ძალიან, ძალიან დიდი ნაწილი დავტოვე და რაღაცნაირად ცხოვრება გავაგრძელე მერე დედისთვის. ერთ წელიწადში დედაც გამომეცალა. მერე მამისთვის გავაგრძელე ცხოვრება და მამაც გარდაიცვალა. ჩვენ ძალიან ხელჩაჭიდებული ოჯახი ვიყავით. მე ყველაზე სალი კლდე აღმოვჩნდი. თავიდან ფეხზე გავლა ძალიან რთულია. თუმცა, რაღაცნაირად ეს მაინც მოვახერხე.

სულ მგონია, რომ რაღაც დავაკელი, რაღაც შემეძლო. სულ ვფიქრობ, იქ რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, გადამერჩინა... ეს ბრძოლა სულ არის, რომელიც არ სრულდება. ძალიან მენატრებიან. სამივე მესიზმრება ხოლმე. სხვათა შორის, ყოველთვის რაღაც კარგი ამბისთვის მამზადებენ. რაღაცნაირად გავაგრძელე ცხოვრება. ეს, ალბათ, ბიჭების დამსახურებაცაა და ასე თუ ისე დაბრუნდა ნატო, რომელიც ძალიან ბევრი წელი გაქრა.

ამავე გადაცემაში ნატო ჭოხონელიძის ვაჟებმა, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა, დედის შესახებ ისაუბრეს:

გიორგი ჭოხონელიძე: - შემიძლია, ვთქვა, რომ მან საუკეთესო ცხოვრება გვაჩუქა, რაც დედას შეეძლო, ეჩუქებინა ჩვენთვის. თავისუფალი, ლაღი... კაცებად ჩამოგვაყალიბა.

ლუკა ჭოხონელიძე: - მგონია, სადაც სიყვარულია, კამათიც უნდა იყოს. "თავის ქნევით" სიყვარულის არ მჯერა. ვკამათობთ, მაგრამ ფორმა მხოლოდ სიყვარულია. აზრს აუცილებლად ვაფიქსირებთ ხოლმე, რომ "დე, მოდი ასე არ გავაკეთოთ."

გიორგი ჭოხონელიძე საუბრობს, როგორ შეცვალა ქორწინებამ და მამობამ:

- რა თქმა უნდა შემცვალა. ალბათ, თავისუფალი კაცი, სანამ ოჯახს შექმნი, ბევრ რამეზე არ ფიქრობ. მეტი პასუხისმგებლობა წამოვიდა. ნაწილობრივ სასიამოვნოც და ნაწილობრივ უსიამოვნოც. ვფიქრობ, როგორც მე და ლუკამ გავატარეთ ეს წლები, ასეთი სიყვარული ჰაერიდან არ მოსულა - ძალიან ბევრი ჩხუბი ყოფილა და ერთმანეთი გამოვწვრთენით. იმავე გზის გავლა გიწევს შემდეგ, როცა ოჯახს ქმნი. მაგრამ, ის სხვა განშტოებაა. გვერდით საყვარელი ადამიანი გიდგას. აქეთ სხვა ველია, იქით - სხვა. ჩემს ცხოვრებაში ორივეს უდიდესი როლი აქვს. ერთი ბიჭი, ერთი გოგო, ულამაზესი მეუღლე მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ.

ლუკა ჭოხონელიძე: - ვფიქრობ, გიორგი უკეთესობისკენ შეიცვალა. ასე ვიტყოდი - ჯერ დინებას გაჰყვა, მერე ერთი ნიჩაბი იპოვა, მერე მეორე, მერე სადღაც ნავი იპოვა და ახლა უკვე უხვევს. ერგება "მდინარეს". ვფიქრობ, რომ ძალიან მაგრად გამოსდის იმიტომ, რომ გვერდში მაგარი ადამიანი ჰყავს. მანაც ისეთივე ნიჩბები იპოვა და ახლა ერთად უსვამენ. მგონია, მივლენ იქ, სადაც უნდათ, რომ მივიდნენ...

ლუკა ჭოხონელიძემ პირადი ცხოვრებისა და გულშემატკივართა დიდი რაოდენობის შესახებაც ისაუბრა:

- ძალიან სასიამოვნოა... სიყვარული როგორ შეიძლება, უსიამოვნო იყოს. მაგრამ, ჩემი პირადი დაჩქარებადი გახდა. "როდის მოგყავს ცოლი?!" - მგონია, ეს თავისით მოდის. ახლა 26 წლის ვარ, არსად არ მეჩქარება.