როგორ ცხოვრობს პუტინის ყოფილი ცოლი, ვინ არის მისი მეორე ქმარი და რამდენს უხდიან "დუმილში - მას არ სურდა, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გამხდარიყო და როცა ისმა ქმარმა გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, მთელი დღე ტიროდა... - მშობლები

როგორ ცხოვრობს პუტინის ყოფილი ცოლი, ვინ არის მისი მეორე ქმარი და რამდენს უხდიან "დუმილში - მას არ სურდა, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გამხდარიყო და როცა ისმა ქმარმა გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, მთელი დღე ტიროდა...

2025-10-27 12:37:37+04:00

ლუდმილა პუტინა რუსეთის უცვლელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი ცოლია, რომელთანაც იგი დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 1999 წლიდან 2008 წლამდე და 2012 წლიდან 2013 წლამდე რუსეთის პირველი ლედი იყო... როგორია მისი ცხოვრება განქორწინების შემდეგ და რატომ არ უნდოდა ქმრის პრეზიდენტობა?

უბრალო ოჯახის შვილი

ლუდმილა ალექსანდროვნა შკრებნევა 1958 წლის 6 იანვარს, კალინინგრადში დაიბადა. მისი მამა მექანიკური სარემონტო ქარხნის მუშა იყო. დედა საავტომობილო ტრანსპორტის კომპანიაში მოლარედ მუშაობდა.

ludmila-putina-2-1761554682.jpg
ლუდმილა პუტინა ახალგაზრდობაში

ლუდმილამ 1975 წელს კალინინგრადის მე-8 საშუალო სკოლა დაამთავრა და კომკავშირის აქტიური წევრი იყო. მსახიობობაზე ოცნებობდა, ამიტომ სკოლის პერიოდიდანვე სხვადასხვა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. შემდეგ ქალაქის საავადმყოფოში ექთნის თანაშემწედ მუშაობდა და პარალელურად, პიონერთა სახლში დრამის კლუბს ხელმძღვანელობდა, აკომპანიატორის თანამდებობას ასრულებდა და კალინინგრადის საჰაერო ესკადრილიაში შიდა რეისებზე ბორტგამცილებლადაც მუშაობდა.

1986 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომანული ფილოლოგიის სპეციალობით. 1990 წლიდან 1994 წლამდე ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების დეპარტამენტში გერმანულ ენას ასწავლიდა.

საბედისწერო შეხვედრა

მომავალ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ლენინგრადში, არკადი რაიკინის კონცერტზე შეხვდა.

1983 წლის 28 ივლისს ისინი დაქორწინდნენ. ქორწილი მდინარე ნევაზე, ნავზე აღნიშნეს.

ludmila-putina-3-1761554722.jpg

1985 წლის 28 აპრილს წყვილის ქალიშვილი, მარია, დაიბადა. ოთხი წლის განმავლობაში, 1986 წლიდან 1990 წლამდე, ლუდმილა ქმართან ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა გდრ-ში, სადაც მათი მეორე ქალიშვილი, კატერინა, გაჩნდა. ორივე გოგონას ბებიების სახელი დაარქვეს: მარია ივანოვნა პუტინა და ეკატერინა ტიხონოვნა შკრებნევა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ოჯახი იყო, თუმცა ლუდმილას თავიდანვე არ მოსწონდა ქმრის საქმიანობა და მისი პოლიტიკური მისწრაფებები.

2001 წელს ჰამბურგელი ბანკირის მეუღლემ და პუტინების გერმანელმა მეგობარმა, ირენ პიჩმა წიგნი გამოსცა, სადაც ვლადიმერ პუტინისა და მისი მეუღლის შესახებ ისაუბრა. წიგნი როგორც პირად დაკვირვებას, ასევე უშუალოდ ლუდმილასთან საუბრებს აერთიანებს. მაგალითად, ამ წიგნის მიხედვით, ლუდმილა ჩიოდა, რომ პუტინმა დაარღვია დაპირება, რომლის თანახმადაც, ჯაშუშური სამყაროსგან შორს იქნებოდა. პუტინმა 1998 წლის ივლისში FSB-ს ხელმძღვანელის თანამდებობა მიიღო.

"ეს საშინელებაა. ერთმანეთთან კომუნიკაციას ვეღარ შევძლებთ. საშინელი იზოლაცია გველის. ვერ შევძლებთ იქ წასვლას, სადაც გვინდა, ვერაფერს ვიტყვით, რაც გვინდა. არადა, მე ახლახან დავიწყე ცხოვრება." - უთხრა ლუდმილამ მეგობარს სატელეფონო საუბრის დროს. ეს საუბარი ორ ქალს შორის ბოლო კონტაქტი იყო.

putina-1761554781.jpeg

როგორც ცნობილია, ქალს კატეგორიულად არ სურდა, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გამხდარიყო. მეტიც, როგორც ამბობენ, იმ დღეს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, ქალი მთელი დღე ტიროდა და ამბავს "კატასტროფად" აღიქვამდა. ლუდმილა თვლიდა, რომ მისი ოჯახური ცხოვრება თავდაყირა დადგებოდა და აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც იქამდე.

ludmila-putina-8-1761554900.jpg

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლუდმილა ნამდვილად რუსეთის პოლიტიკური სცენის ჩრდილში დარჩა, ცდილობდა, ზედმეტი ყურადღება თავიდან აერიდებინა და ქმართან ერთად საჯაროდაც ხშირად არ ჩნდებოდა. არ ეკუთვნოდა აქტიური პირველი ქალბატონების კატეგორიას.

ლუდმილა ამბობდა, რომ პირველი ლედის მოვალეობის შესრულება რთული იყო:

"როგორც პირველი ლედი, შენ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ქალის სახე ხარ. შენი ქვეყანა, მისი წეს-ჩვეულებები და ზნე-ჩვეულებები შეფასდება იმით, თუ როგორ გამოიყურები, როგორ იცვამ, როგორ საუბრობ და როგორ ხვდები სტუმრებს. ასეთ სიტუაციაში ძნელია, შენში საკუთარი თავი შეინარჩუნო. ყველა ადამიანმა საკუთარი ჯვარი უნდა ატაროს. ის მათ თავიანთი ძალის მიხედვით ეძლევა. თუმცა ბევრი ადამიანი თვლის, რომ საკუთარი ჯვარი ყველაზე მძიმეა." - ამბობდა რუსეთის ყოფილი პირველი ლედი.

ლუდმილა სულ ცდილობდა, ახალი რაღაცები შეესწავლა და ხალხისთვის საკუთარი თავი სოციალურ სფეროში მუშაობითაც დაემახსოვრებინა. მაგალითად, მან პირველი ლედის ამპლუაში არასრულწლოვან დამნაშავეებზე ზრუნვა იკისრა.

2008 წლის შემდეგ, ის საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა. ორი ვერსია გავრცელდა. ერთი ამტკიცებდა, რომ ლუდმილა მონაზვნად აღიკვეცა, მეორე ვერსიის თანახმად კი, ქალი პუტინს გაშორდა. მაშინ ოფიციალურად ორივე ვერსია უარყვეს. პუტინი საქორწინო ბეჭდის ტარებას კვლავ აგრძელებდა. თუმცა მისი საყვარლის - ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასა და მოგვიანებით - მასთან გაჩენილი ვაჟების შესახებ ხმებიც არ ცხრებოდა.

ludmila-putina-4-1761554808.jpg

2013 წლის 6 ივნისს, კრემლში ბალეტის "ესმერალდას" პრემიერის შესვენების დროს, წყვილმა ერთობლივი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. მაშინ ვლადიმერ და ლუდმილა პუტინებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი ქორწინება, ფაქტობრივად, ორმხრივი გადაწყვეტილებით დასრულდა. 2014 წლის 1 აპრილს, პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ წყვილი ოფიციალურად განქორწინდა.

განქორწინების შემდეგ

განქორწინების შემდეგ მცირე ხანს ლუდმილას შესახებ არაფერი იყო ცნობილი, 2016 წლის იანვარში კი რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ყოფილი პირველი ლედი მასზე ბევრად უმცროს, 37 წლის არტურ ოჩერეტნიზე, ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრისა და ლიტერატურული კვლევების გამომცემლობის დირექტორზე დაქორწინდა. სავარაუდოდ, წყვილმა ქორწინების გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო, თუმცა მათ რომანის შესახებ დეტალები არ გაუხმაურებიათ.

ludmila-putina-9-1761554835.jpg
ლუდმილა და არტურ ოჩერეტნი

მოგვიანებით, მისი სახელი ფინანსურ განხილვებში არაერთხელ გამოჩნდა.

მაგალითად, 2022 წელს ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა გამოაქვეყნეს გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინის ყოფილი ცოლისა და მისი ახალი ქმრის, არტურ ოჩერეტნის მიერ მართული კომპანია დაფინანსებას მოსკოვის მერის ოფისიდან, "გაზპრომბანკიდან" და ალექსეი მორდაშოვის "სევერსტალისგან" იღებს. გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ ოჩერეტნი ყიდულობს ბინებსა და სახლებს საფრანგეთის სამხრეთით, შვეიცარიასა და ესპანეთში. გამომძიებლებმა უცხოური ქონების საერთო ღირებულება თითქმის 600 მილიონ რუბლად შეაფასეს.

"ინსაიდერის" ცნობით, 2022 წელს პუტინამ მასთან დაკავშირებული კომპანია "CarMoney"-გან 58 მილიონი რუბლის შემოსავალი მიიღო.

ludmila-putina-14-1761554936.jpeg

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პუტინთან განქორწინების მიუხედავად, ლუდმილა რუსეთის მთავრობისგან შეღავათიანი მოპყრობით კვლავაც სარგებლობს და საკუთარ ბიზნესს ისე წარმართავს, როგორც თავად სურს.

ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს თანხები, ლუდმილას სიმდიდრე და სასახლეები არის საფასური, რომელსაც ყოფილი ქმარი და მისი გარემოცვა უხდიან დუმილისთვის. ის უბრალოდ ჩუმად უნდა იყოს და არ ისაუბროს არაფერზე, რაც იცის და გაუგონია, სანამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ცოლი იყო...