სოციალურ ქსელში ინგლისური ენის პედაგოგმა, მირანდა კიკალიშვილმა, უმცროსი ძმისთვის მიძღვნილი ვიდეო გამოაქვეყნა და საკუთარი ემოციები გამომწერებს გაუზიარა. მისი თქმით, ოჯახში 5 დის შემდეგ, ერთი ძმა რომ დაიბადა, იმ დღიდან მისი ქორწილისთვის ემზადებოდნენ და სურდათ, სიყვარული კიდევ ერთხელ გამოეხატათ.
"39 წლის ვარ, ჩემი ძმა კი 20 წლისაა. 5 და ვიყავით და ჩვენი ძმა ოჯახში მე-6 შვილია. 5 დის შემდეგ, მე-6 ბიჭი რომ დაიბადა, ძეობის დღიდან მოყოლებული, ყველა ამბობდა, 5 და მის ქორწილს როგორ დაგეგმავსო. ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. მართლაც, რამდენიმე თვის განმავლობაში ვემზადებოდით. დები მრავალშვილიანები ვართ, ვმუშაობთ, გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ღამით, 12-ის ნახევრის მერე ვაწყობდით რეპეტიციებს, სიმღერებისა და ცეკვის დეტალებს გავდიოდით. ძალიან დიდი სამზადისი გვქონდა. ჩვენი უმცროსი და სიმღერებს წერს, ჩავწერეთ და ძმას მივუძღვენით.

ჩემი ძმის ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ყველაფერი ეროვნული თემატიკის ყოფილიყო. მას უნდოდა, რომ შესაბამისი სამოსიც ჩაგვეცვა და, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ. ქორწილის დღეს განსაკუთრებული ემოციები მქონდა. ძმის გაბედნიერების ემოციას თან ქართული ეროვნული სამოსის მორგების სიხარულიც ახლდა. მთელი დღე სიხარულის ცრემლებს ვიკავებდი. ქორწილი მცხეთაში გაიმართა და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით." - ამბობს მირანდა კიკალიშვილი mshoblebi.ge-სთან საუბარში.
მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და და-ძმის ბედნიერება არაერთმა ადამიანმა გაიზიარა.