"ამ ფრაზებით უფრო შეაშინებთ ბავშვს, რომელსაც სიბნელის ეშინია" - არასწორი ფრაზები, რომლებსაც ბავშვის დასამშვიდებლად ვიყენებთ და რჩევები, როგორ დავეხმაროთ შიშის დაძლევაში - მშობლები

"ამ ფრაზებით უფრო შეაშინებთ ბავშვს, რომელსაც სიბნელის ეშინია" - არასწორი ფრაზები, რომლებსაც ბავშვის დასამშვიდებლად ვიყენებთ და რჩევები, როგორ დავეხმაროთ შიშის დაძლევაში

2025-10-28 11:17:19+04:00

სიბნელის შიში სრულიად ნორმალური განვითარების ეტაპია სკოლამდელი და უმცროსი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. ამ შიშის საფუძველში რამდენიმე მექანიზმი დევს:

თვითგადარჩენის ინსტინქტი

ევოლუციური თვალსაზრისით, სიბნელე ყოველთვის ასოცირდებოდა პოტენციურ საფრთხესთან. ეს უძველესი მექანიზმი დღემდე რჩება ჩვენს ქვეცნობიერში.

ფანტაზიის გააქტიურება

სიბნელეში მხედველობა, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო, პრაქტიკულად არ მუშაობს. ამიტომ ტვინი იწყებს „ნაკლული სურათის შევსებას“ ხმების და სილუეტების მიხედვით — და ფანტაზია თავისას შვრება - ავეჯი და ჩრდილები ურჩხულებად იქცევიან.

კვლევების მიხედვით, ბავშვური შიშების პიკი სწორედ სკოლამდელ ასაკზე მოდის, და სიბნელე ყველაზე გავრცელებული მათგანია. ამ პერიოდში ბავშვის ფანტაზია ძლიერად ვითარდება, თუმცა მას ჯერ არ შეუძლია გამოგონილისა და რეალური სამყაროს გამიჯვნა. ამიტომ ტვინი თითქოს აცოცხლებს ზღაპრებიდან ან მულტფილმებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებსა და გამოსახულებებს. ამიტომ სპეციალისტები ურჩევენ მშობლებს, ამ ასაკში შეზღუდონ საშიში შინაარსის მულტფილმებისა და ვიდეოების ნახვა და აკონტროლონ ეკრანთან გატარებული დრო — რათა ბავშვის ნერვული სისტემა არ გადაიტვირთოს.

shishinebuli-bavshvi-1761638960.jpg

6–8 წლის ასაკში სიბნელის შიში თანდათან იცვლება — მის ადგილს უფრო რეალისტური შიშები იკავებს: ქურდობა, ავარიები, საკუთარი ან ახლობელი ადამიანის სიკვდილი. ამ ეტაპზე სიბნელე აღიქმება არა როგორც მონსტრების სამყოფელი, არამედ როგორც საშიში სამყაროს მეტაფორა.

7–8 წლისთვის უმეტეს ბავშვებში ეს შიში საგრძნობლად იკლებს, ხოლო 9 წლის შემდეგ — საერთოდ ქრება. თუმცა შიში შეიძლება დაბრუნდეს ან შენარჩუნდეს ბავშვებში, რომლებსაც გადაჭარბებული შფოთვა ახასიათებს ან სტრესულ სიტუაციებში (მაგალითად, საცხოვრებლის შეცვლა, მშობლების განქორწინება, სკოლის პრობლემები).

728x486-1-9779a1b27a69d2065282a378c7f9948d1000x667-0xhflkvdbu-0594088059487798906-1761638718.jpg

რა არ უნდა გააკეთონ მშობლებმა, როცა ბავშვს სიბნელის ეშინია

ზოგჯერ ყველაზე კეთილი განზრახვებიც საპირისპირო შედეგს იძლევა. აი, რამდენიმე ტიპური შეცდომა:

შეცდომა №1: „უკვე დიდი ხარ და აღარ უნდა გეშინოდეს!“ ან „ბიჭები არ ტირიან!“

რატომ არ მუშაობს?: ბავშვი თავს არა მხოლოდ შეშინებულია, ამას ემატება დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა.

შეცდომა №2:

„არავინ არის! შეწყვიტე სისულელეების მოგონება!“

რატომ არ მუშაობს: ბავშვისთვის შიშები რეალურია. როცა უარყოფთ მათ, უარყოფთ მისი გრძნობების ნამდვილობასაც — და ის კარგავს ნდობას თქვენს მიმართ.

შეცდომა №3:

„თუ ცუდად მოიქცევი, გუდიანი კაცი წაგიყვანს!“

რატომ არ მუშაობს:

ასე თავად უძლიერებთ შიშს, იყენებთ მას როგორც კონტროლის იარაღს. შედეგად, ბავშვს სახლში აღარ აქვს უსაფრთხოების განცდა.

შეცდომა №4:

ბავშვის ძალით დატოვება ბნელ ოთახში, „რომ შეეჩვიოს“.

რატომ არ მუშაობს: ეს არ ამხნევებს — პირიქით, აჩენს ფსიქოლოგიურ ტრავმას. შიში მას უფრო ღრმად მოიცავს და შეიძლება ფობიად ან ნევროზად გადაიქცეს.

ასე რომ, ნუ დასჯით ბავშვს შიშის გამო. მისთვის ეს შიში რეალურია. თქვენი ამოცანაა კი არ გაამტყუნოთ, არამედ დაეხმაროთ მას გადალახვაში.

the-girl-under-a-cover-holds-at-dark-night-a-small-lamp-in-hand-picture-id932572260-1761639203.jpg

როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები ბავშვს, რომელსაც ეშინია

აღიარეთ და სახელი დაარქვით შიშს

უთხარით: „მე მესმის, რომ გეშინია. სიბნელე მართლაც შეიძლება საშიში იყოს, რადგან ვერაფერს ხედავ“. ასე აჩვენებთ, რომ მის გრძნობებს ითვალისწინებთ და მის მხარეს ხართ.

გამოიკვლიეთ „საშიში“ ერთად

უთხარით, „მოდი, ერთად ვნახოთ, რა არის ეს უცნაური ჩრდილი?“ ჩართეთ შუქი, დაათვალიერეთ ოთახი, აჩვენეთ, რომ ჩრდილი სკამიდან მოდის. აქცევთ მას თამაშად — მაგალითად, „იპოვე და გააქრე მონსტრი“.

მიეცით კონტროლის საშუალებები

ეს შეიძლება იყოს პატარა სანათი, საყვარელი სათამაშო-დამცველი, „მონსტრების საწინააღმდეგო სპრეი“ (წყლით შევსებული პულვერიზატორი) ან „ჯადოსნური ფანარი“, რომლითაც თავად გაანათებს ბნელ კუთხეებს. ასეთი ნივთები აძლევს ბავშვს განცდას, რომ თავად აკონტროლებს სიტუაციას.

728x581-1-8b09a85bba26ecbd79e45326788995f0790x630-0xmqnn5wmv-6467245064158290790-1761638877.jpg

როგორ ვაქციოთ სიბნელე ჯადოსნურ სივრცედ

ჩრდილების თეატრი

იყიდეთ ან თავად გააკეთეთ ჩრდილების თეატრის ნაკრები. აჩვენეთ ბავშვს, როგორ შეიძლება ბნელიდან არა მონსტრები, არამედ ზღაპრული გმირები შეიქმნას. ეს საუკეთესო გზაა ჩრდილების „მოშინაურებისთვის“.

საღამო სანთლის შუქზე

შექმენით ტრადიცია — ივახშმოთ ან წაიკითხოთ ზღაპარი სანთლის ან პატარა ნათურის შუქზე. ასე სიბნელე ასოცირდება სითბოსა და ოჯახურ მყუდროებასთან.

„განძის ძებნა“ ფანრით

დამალეთ ოთახში პატარა საგანძური (სტიკერები, სათამაშოები) და ერთად მოძებნეთ ფანრით. ეს გამოცდილება სიბნელეს გარდაქმნის თავგადასავლად.

"შემოქმედება" სიბნელეში

ექსპერიმენტად გამოიყენეთ მბზინავი საღებავები, ჩხირები ან სტიკერები. დახატეთ სურათები, რომლებიც სიბნელეში „ცოცხლდება“ — ასე ბნელი ოთახი ჯადოსნურ და მიმზიდველ სივრცედ გადაიქცევა.

სიბნელის შიში შეიძლება მშობლისა და ბავშვის დაახლოების შესაძლებლობა გახდეს — ერთად შექმნათ ახალი, თბილი ოჯახური ტრადიციები. მონსტრებთან ბრძოლის ნაცვლად შესთავაზეთ თამაში, გაუფასურების ნაცვლად — მხარდაჭერა. და მაშინ ბნელი საღამოები თქვენი ოჯახისათვის სითბოსა და ნდობის წყაროდ იქცევა.