- მყავს ქალიშვილი, რომელიც გათხოვილია და მინდა მის სახელზე გავაფორმო ჩემი ბინა. ვთქვათ, მოხდა ისეთი გაუთვალისწინებელი რამ, რომ დაშორდნენ ერთმანეთს, განქორწინების შემთხვევაში მის ქმარს ხომ არ შეეძლება იმ ბინიდან წილის მოთხოვნა?
- თუ თქვენსა და თქვენს ქალიშვილს შორის დაიდება ნასყიდობის ხელშეკრულება, მაშინ მის მეუღლეს განქორწინების შემთხვევაში ექნება უფლება, რომ მოითხოვოს ბინის ნახევარი, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებისა. თქვენს შემთხვევაში უმჯობესი იქნება ქალიშვილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაუფორმოთ ბინა, რადგან ქორწინების პერიოდში ნაჩუქარი და მემკვიდრეობით მიღებული ქონება არ ითვლება მეუღლეთა საერთო საკუთრებად და განქორწინების შემთხვევაში მეუღლე ვერ მოსთხოვს წილს.
- ბინა და მანქანა ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სახელზეა. ჩემი შვილი ჩემი თანხმობის გარეშე შეძლებს თუ არა ეს ქონება თავის სახელზე გადაიფირმოს?
- მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეებმა უნდა მიმართონ სამკვიდროს გახსნის თაობაზე განცხადებით ნებისმიერ ნოტარიუსს, ხოლო 6 თვის შემდგომ საჭირო იქნება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი გზით მიღების წესის დადგენა. თქვენს შვილს შეუძლია თქვენგან დამოუკიდებლად მიმართოს ნოტარიუსს და მისი კუთვნილი წილი მიიღოს სამკვიდროდან 6 თვის ვადაში, 6 თვის შემდგომ კი, თუ თქვენი წილი არ გექნებათ მიღებული, არსებობს იმის რისკიც, რომ სრული სამკვიდრო ქონება მიიღოს მხოლოდ მან.