სრულფასოვანი სადილი წიწიბურით: "ცილას და რკინას ორგანიზმი ასე უკეთ ითვისებს" - მშობლები

სრულფასოვანი სადილი წიწიბურით: "ცილას და რკინას ორგანიზმი ასე უკეთ ითვისებს"

2025-10-29 13:42:35+04:00

წიწიბურა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მარცვლეულია — ის მდიდარია ბ ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმითა და ცილით, რომელიც შედარებით ახლოს დგას კვერცხის ცილის შემადგენლობასთან. წიწიბურა ასევე შეიცავს ლეციტინს, თუთიას, იოდს, ბორსა და 18 აუცილებელ ამინომჟავას. ხორცთან ერთად მოხმარებისას კი ის სრულფასოვან საკვებ ბალანსს ქმნის — ცილა და რკინა ხორციდან ადვილად აითვისება, ხოლო წიწიბურაში არსებული ბოჭკოები და ვიტამინები აუმჯობესებს მონელებას და ენერგიის დონეს. ეს კერძი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც ეძებს ნოყიერ, მაგრამ ჯანსაღ საკვებს.

აქედან გამომდინარე, გთავაზობთ სასარგებლო სადილის რეცეპტს წიწიბურითა და ხორცით.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წიწიბურა

  • 100 გ ფარში

  • 1 სტაფილო

  • 1 თავი ხახვი

  • 1 კბილი ნიორი

  • 2–3 ცალი ახალი პომიდორი (ან 2 სუფრის კოვზი ტომატის პასტა)

  • 20 გ მცენარეული ზეთი

მომზადება: სტაფილო გახეხეთ, ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთზე მოშუშეთ ოქროსფრამდე. დაამატეთ ფარში და მოხარშვისას კოვზით დააშორეთ ერთმანეთს, რომ არ შეიკრას. ბოლოს ჩაყარეთ დაჭრილი პომიდორი ან ტომატის პასტა, კარგად აურიეთ და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, სანამ ფარში ფერს არ შეიცვლის. შემდეგ დაუმატეთ წიწიბურა და დაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ ოდნავ დაფაროს. მოაყარეთ მარილი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, თავსახურის ქვეშ, სანამ წყალი ბოლომდე არ აორთქლდება. თუ წიწიბურა ბოლომდე არ დარბილდა, დაამატეთ ცოტა წყალი. როცა კერძი მზად იქნება, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და აურიეთ.