ერთი წლის იყო, სადარბაზოსთან რომ მოვიდა. მეზობელმა შეამჩნია, რომ მიუსაფარი იყო და ყოველდღე აჭმევდა. შემდეგ შეგვეჩვია, დაგვიმეგობრდა. ჩვენ ყველა მასზე ვზრუნავდით ის კი - ბავშვებზე.
რიტუალად ჰქონდა, დილის ექვს საათზე, ზუსტად კორპუსის გვერდით ხორცის მაღაზიასთან მისულიყო და მოეცადა, როდის მოვიდნენ და გააღებდნენ, რომ გამასპინძლებოდნენ. სახელიც სწორედ მაღაზიის თანამშრომლებმა დაარქვეს - კუპატა. ხორცი იმდენად უყვარდა, რომ ხანდახან მაღაზიიდან სოსისს მოიტანდა, თავთან დაიდებდა და უბრალოდ დაიძინებდა ხოლმე. ცელქი არ იყო, არც ხალხში გარევა უყვარდა, თუმცა ყოველთვის მზად იყო, ბავშვებს დახვედროდა და გზაზე გადასვლაში დახმარებოდა. ჩემი ფანჯარა ზუსტად იმ ქუჩას გადაჰყურებს, სადაც კუპატა ბავშვების ჯგუფს ელოდებოდა და ყოველდღიურად ვხედავდი, როგორ მიირბენდა შუქნიშანთან, როგორ ჟრიამულით ხვდებოდნენ პატარები და ასე ხმაურით და მხიარულად გადადიოდნენ ქუჩაზე.
ეს ფაქტი ბავშვებში იმხელა აღტაცებას იწვევდა და ჩვენთვისაც, დიდებისთვისაც იმდენად სასიამოვნო საყურებელი იყო, რომ შეუძლებელია, დაგავიწყდეს, რა დროც არ უნდა იყოს გასული.

მეგობარს მოვუყევი, ჩვენს კორპუსში მიკედლებული ძაღლი წლებია, ყოველდღე ასე იქცევა-მეთქი და არ დამიჯერა. აქამდე აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ ამჯერად მისთვის გასაგზავნად გადავიღე ვიდეო და შემდეგ გადავწყვიტე, სოციალურ ქსელშიც ამეტვირთა. აქედან დაიწყო ჩვენი ჭკვიანი ოთხფეხა მეგობრის თავბრუდამხვევი პოპულარობა.
გზაზე გადასვლის ვიდეო სწრაფად აიტაცა ხალხმა, მოდიოდნენ და თავისი თვალით ნახულობდნენ, ხომ ნამდვილად ასე იქცეოდა კუპატა. არ წყდებოდა თვითონ ბათუმის მცხოვრებლების, უფრო მეტად ბავშვების ნაკადი, მოდიოდნენ ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, პოლიტიკოსებიც კი. ტურისტები სპეციალურად ჩვენს სადარბაზოსთან იყრიდნენ თავს, რომ ენახათ, კუპატა როგორ გადაიყვანდა ბავშვებს გზაზე. ხშირად გვწერდნენ და გვთხოვდნენ, ვიდეო და ფოტოები გაგვეგზავნა მათთვის.
ჩვენი გადაღებული ვიდეო სწრაფად აიტაცა საერთაშორისო მედიამაც - მოხვდა Fox News-სა და სხვა ამერიკულ პლატფორმებზე, მოიცვა იტალიური და სხვა ევროპული სოციალური მედიაც.
სწორედ ამიტომ არის კუპატა გმირი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მზრუნველობასა და სიკეთეს მასშტაბები არ აქვს და აუცილებლად უკან გიბრუნდება ის.
კუპატა ყველაფერს ხვდებოდა, ძალიან ჭკვიანი იყო. ერთხელ მეზობლის ბავშვი სკოლაში გააცილა და შემდეგ უკან დაბრუნდა. არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და რადგან მის გამო სულ ხალხმრავლობა იყო, ბოლოს უკვე იშვიათად გამოდიოდა ხოლმე გარეთ. სამწუხაროდ, ვერ ვაკონტროლებდით, რითი იკვებებოდა - გამვლელებს მისი გამასპინძლება ძალიან უყვარდათ, საბოლოოდ ზედმეტმა კვებამ და წონამ თავისი ქნა. ძალიან დაგვწყდა გული, ბავშვებიც გულისტკივილით იყურებოდნენ ხოლმე იმ ადგილისკენ, სადაც ერთგული მეგობარი ელოდებოდათ და რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ.
კუპატას გამოჩენის შემდეგ შევამჩნიეთ, რომ ბათუმში ძალიან შეიცვალა დამოკიდებულება მიუსაფარი ძაღლების მიმართ. ყველა ქუჩის კვეთაში ნახავთ მათთვის გამოტანილ საკვებს, შეძლებისდაგვარად უვლიან და ეფერებიან მათ.
კუპატა თავისი მეგობრობით, ერთგულებითა და მზრუნველობით კეთილი საბავშვო ზღაპრის პერსონაჟს ჰგავს. ოთხფეხა მეგობრებზე ბევრი ამაღელვებელი ამბავი დარჩა ისტორიას და ვფიქრობ, ესეც ერთ-ერთია. გვიხარია, რომ ჯერ ანიმაციის, ახლა კი უკვე საბავშვო მოთხრობის პერსონაჟად იქცა. ასე მისი სიკეთე მუდმივად დარჩება თაობებს და კიდევ უფრო შთააგონებთ მათ ის, რომ წიგნის მიღმა რეალური გმირი დგას.
ბავშვების მეგობრის, კუპატას უცნობი თავგადასავლების შესახებ თავად ავტორი, გიორგი კეკელიძე გიამბობთ, 1-ელ ნოემბერს, 17:00-დან 18:00 საათამდე, „თბილისი მოლში“, სადაც წიგნიც დაგხვდებათ, მხიარული ილუსტრაციებითა და სათამაშოთი.

კუპატას სიკეთის ამბავი გრძელდება მაშინაც კი, როცა ის ჩვენთან აღარ არის.
R