2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება იკრძალება. ცვლილება "საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შევიდა.
ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს აღარ ექნება უფლება, სხვა საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სამუშაო დაიკავოს. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი 2 პოზიციაზე იმუშავებს, მას ორივე თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში დასაქმება აეკრძალება და ასევე, ვალდებული იქნება, მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს.
თუმცა, ამ შემთხვევაში გარკვეული გამონაკლისებიც არსებობს, რომელთა შემთხვევაში, 1-წლიანი თანხმობის საფუძველზე, ადამიანმა ორ ან მეტ საჯარო დაწესებულებაში შეიძლება, იმუშაოს. კანონში ვკითხულობთ:
"საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს გარდა:
სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობებისა ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ან საავიაციო სფეროს სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში განხორციელებული საქმიანობისა, აგრეთვე საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საქმიანობისა, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის საქმიანობისა.
ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია, მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.”
ეხებათ თუ არა ცვლილება მასწავლებლებს?
ხშირად მასწავლებლები ერთზე მეტ სკოლაში ასწავლიან. მათ დიდ ნაწილს აინტერესებს, აეკრძალებათ თუ არა ერთდროულად ორ ან მეტ სკოლაში სწავლების შესაძლებლობა.
როგორც აღნიშნულ კანონში ვკითხულობთ, პირმა შესაძლოა, პედაგოგიური საქმიანობა ერთდროულად რამდენიმე დაწესებულებაში განახორციელოს.
გარდა ამისა, ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გადავამოწმეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, პედაგოგიური საქმიანობა ერთდროულად რამდენიმე დაწესებულებაში განახორციელოს, თუმცა ამისათვის აუცილებლად დასჭირდება დამსაქმებლის თანხმობა. აღნიშნული თანხმობის დოკუმენტი 1-წლიანი იქნება. 1 წლის გასვლის შემდეგ კი მას მოუწევს, თანხმობა თავიდან აიღოს.
ასევე, საქართველოს მთავრობის №482 დადგენილებით განისაზღვრა ის საქმიანობები, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში. უმეტესად ეს დეფიციტურ პროფესიებს ეხება. მათ შორის არიან ურბანიზაციის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფეროს, აგრარული სფეროსა თუ სხვა მიმართულებების წარმომადგენლები. ასევე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
საგანმანათლებლო სფეროდან, დადგენილების მიხედვით, განსაზღვრულია ის მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც პირს ერთზე მეტ საჯარო დაწესებულებაში შეუძლია. ესენია:
- ა)საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი −უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;
- ბ)საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტი−საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შეფასება;
- გ)ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი −ადრეულიაღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;
- დ)საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი− საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
- ე)უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი− უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
- ვ)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი− პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
- ზ)ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი− ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
- თ)პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი− პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
- ი)სააპელაციო საბჭოს წევრი− სააპელაციო საჩივრებზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
- კ)ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოს რეცენზენტი/ტექნიკური რეცენზენტი− ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირების პროცესის ფარგლებში, მაკეტის შინაარსობრივი რეცენზირება, მაკეტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება;
- ლ)ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი− სააღმზრდელო ფუნქციების განხორციელება; სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება;
- მ)ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და არაფორმალური განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი− სააღმზრდელო პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება; ინტერესების მიხედვით შექმნილ წრეებსა და კლუბებში არაფორმალური განათლების სასწავლო პროცესის წარმართვა;
- ნ)ტესტების/საგამოცდო მასალების შემქმნელი− სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და შესაბამის სტანდარტებზე დაყრდნობით, ტესტის კრიტერიუმების, სპეციფიკაციებისა და ფორმატის შემუშავება; ტესტური დავალებების შექმნა; ტესტირების ფსიქომეტრული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ტესტური დავალებების რედაქტირება; ტესტების შეფასების სქემის შემუშავება; საინფორმაციო კრებულებისთვის მასალების მომზადება;
- ო)საგამოცდო პროცესის მეთვალყურე− სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგამოცდო სექტორში გამოცდის/ ტესტირების/კონკურსის დროს წესრიგის დაცვა; გამოცდის/ტესტირების /კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა; ინსტრუქციების შესაბამისად, საგამოცდო პროცესის მონიტორინგის განხორციელება; საგამოცდო სექტორში შესაბამისი დოკუმენტების, სექტორის უწყისების შევსება; გამოცდაში/ ტესტირებაში/კონკურსში მონაწილე კონკურსანტებისთვის ინსტრუქტაჟის მიცემა;
- პ)საგამოცდო პროცესის რეგისტრატორი− სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგამოცდო ცენტრის მომზადება; საგამოცდო ცენტრის მეთვალყურე-კურატორთა და გამოცდაში/ტესტირებაში /კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა რეგისტრაცია; კონკურსანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების შემოწმება; საგამოცდო ცენტრის მეთვალყურეთა/კურატორთა ჩანაცვლება;
- ჟ)ბრაილის ოპერატორი; ბრაილის კორექტორი; ბრაილის ტესტების რედაქტორი; ბრაილის ექსპერტი− სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, უსინათლო კონკურსანტთათვის სპეციალურ ხმოვან პროგრამაზე/ბრაილზე საგამოცდო ტესტების/პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების გადაყვანა და რედაქტირება; საგამოცდო ტესტების/პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების კორექტირება და ექსპერტიზის განხორციელება;
- რ)გამსწორებელი− სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, გამოცდაში/ტესტირებაში/ კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა ნაშრომების გასწორება და შეფასება;
- ს)ტესტური დავალების ლაპარაკის ნაწილის შერჩევის სპეციალისტი− სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, ტესტების მოსმენის დავალებების ჩაწერა; საგამოცდო აუდიოფაილების მონტაჟი (პაუზები, ხმაურისგან გაწმენდა, ინსტრუქციების სტანდარტიზაცია, ხმის ტემბრის რეგულირება, ხარისხის უზრუნველყოფა); მოსმენის დავალებების აუდიოფაილების მომზადება და დაარქივება; ლაპარაკის დავალებების შერჩევა;
- ტ)ზეპირგამომცდელი(KET, PET, CAE, YLE და FCE გამოცდები) − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე სერტიფიცირებული პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, გამოცდებში მონაწილეთათვის ზეპირი გამოცდის ჩატარება და მათი ცოდნის შეფასება;
- უ)განათლების ექსპერტი:პროფესიული განათლების ექსპერტი/ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი/დარგობრივი/მეთოდოლოგიური ექსპერტი, კვალიფიკაციების შემუშავებაში/განვითარებაში ჩართული დარგის ექსპერტები და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის სპეციალისტები− სათანადო პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ, პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფა, პროგრამის განვითარება, სასწავლო პროცესის წარმართვა, შეფასების წარმართვა, პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მეთოდოლოგიის შექმნა; შესაძლებლობების განვითარების აქტივობებში მონაწილეობა; საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, მასწავლებლებისათვის, პროფესიული სტუდენტებისათვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების − დარგობრივი სახელმძღვანელოების, გზამკვლევების მომზადება; განათლების სისტემის ეფექტიანი მართვისათვის, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში, ანალიტიკური დოკუმენტების, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ან/და ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- ფ)ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი− შესაბამისი გადამზადების მქონე პირის მიერ მცირეკონტინგენტიან სკოლებში სკოლის მანდატურის ფუნქციების შესრულება;
- ქ)ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შემქმნელი− შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შექმნა, დაკაბადონება, რედაქტირება;
- ღ)პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი− პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამებისა და სერვისების გაცნობა, სამიზნე ჯგუფის ინფორმირების მიზნით; პროფესიული სტუდენტებისათვის/მსმენელებისათვის კარიერის დაგეგმვაში, სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში დახმარების გაწევა;
- ყ)ინკლუზიური განათლების სპეციალისტი− დაინტერესებული პირისათვის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, პროფესიის მოსინჯვა, სასწავლო გეგმის ადაპტირება, სწავლის შედეგების მიღწევაში მხარდაჭერა, სასწავლო პროცესში მხარდაჭერა;
- შ)საგანმანათლებლო სფეროში სოციალური მუშაკი− სოციალური მუშაობის მომსახურების გაწევა, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის მომსახურების მიწოდება; საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებლების ინფორმირება და კონსულტირება, პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში; საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციასა და მასწავლებლებთან სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;
- ჩ)საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური− საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
- ც)ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი (მათ შორის, სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებითა და ქცევის სირთულეების მიმართულებით)− მოსწავლის/პირის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და პირის/მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
- ძ)საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი− ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში შექმნილი მრავალდისციპლინარული გუნდის ხელმძღვანელობა და საქმიანობის კოორდინაცია; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროგრამ(ებ)ის მიმდინარეობის, განხორციელების გეგმებისა და ვადების შესრულების მონიტორინგი;
- წ)პროფესიული ზედამხედველი (ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების, ფსიქოლოგიური, სოციალური მუშაობის მიმართულებით)− პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების საქმიანობისა და მათზე დაკისრებული სამუშაოს განსაზღვრულ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა; მომსახურების მიწოდების საუკეთესო და ერთიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა; პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, ვიზიტების განხორციელება და დაკვირვება სპეციალისტის სამუშაო გარემოში; სპეციალისტების პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეფასება, მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მხარდაჭერის აღმოჩენა; პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სპეციალისტებისთვის პროფესიული მხარდაჭერის გაწევა.
თამარ იაკობაშვილი