ქონებრივი დეკლარაციების შევსების და ქონების გადასახადის გადახდის ვადა თანდათან იწურება. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ზუსტად არ იცის, არის თუ არა ქონების გადამხდელი და არც ის იცის, დეკლარაცია როგორ შეავსოს. არადა, ვადის გადაცილება და დავალიანების გადაუხდელობა უზარმაზარ ჯარიმებს და საურავებს ითვალისწინებს. ეკონომისტი რომან გოცირიძე ამის შესახებ წერს და განმარტავს, რამდენად ელემენტარული შემოსავალიც კი აკისრებს ოჯახებს ქონების გადასახადს.
"თუ ოჯახში არის 2 წევრი და თითოეული ხელზე იღებს თვეში შემოსავალს( არა მარტო ხელფასს, მაგალითად, იჯარიდანაც) 1300 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი.
 
თუ ოჯახში არის სამი წევრი და თითოეული მათგანი იღებს თვეში 880 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი. ასეთი საქართველოში ლამის ყოველი მეორე ოჯახია.
 
მათ არ იციან, რომ გადასახადის გადამხდელები არიან. ყველაფრიდან უნდა გადაიხადონ გადასახადი: ბინა, მანქანა, სოფელში მამა-პაპისეული სახლი, ავტოფარეხი,მიწა, აგარაკი თუ კომერციული ფართი, რომელიც შესაძლოა არც კი გამოყენებულა არასდროს, დგას სადღაც შენობა თავისთვის.
 
ერთია, რომ რეპრესიების პოტენციური სამიზნეები არიან ეს ადამიანები და მეორეც, არ შეუძლიათ მისი გადახდა.
 
20 წელზე მეტი გავიდა რაც ეს გადასახადი შემოვიდა( ჩემი ხელით დაწერილია ეს ნაწილი საგადასახადო კოდექსში, ჩემი გამოგონებაა 40 ათას ლარამდე განთავისუფლება გადასახადებიდან). იმის შემდეგ ხელფასებიც გაიზარდა და ფასებმა თითქმის სამჯერ მოიმატეს. დღევანდელი 900 ლარი მაშინდელ დაახლოებით 300 ლარს უდრის. მაშინ ერთეულები იხდიდნენ ამ გადასახადს, ახლა მასობრივად უწევთ.
 
საჭიროა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სასწრაფოდ რეფორმა. ამას იმიტომ ვამბობ დღესაც და აგერ უკვე მრავალი წელია, რომ 31 ოქტომბერსვე უნდა შეივსოს დეკლარაცია და 15 ნოემბრამდე უნდა იქნას გადასახადი გადახდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ჯარიმებია. მთავრობა ჯერ-ჯერობით თვალს ხუჭავს, იცის, რომ ყოველ მეორე თუ არა, მესამე ოჯახს უნდა მიადგეს, ამავე დროს არც არაფერს აკეთებს.
 
დევს ჩემი ახალი კანონპროექტი პარლამენტში. ყველამ აღიარა, რომ სწორი ვიყავი. მთავრობა გამოასწორებს ამას და მალე შემოვიტანთ ცვლილებებსო. იმის შემდეგ სამი წელი გავიდა და ისევ იმ მდგომარეობაში ვართ. იმიზეზებენ, რომ იურიდიული პირის ქონების გადასახადიც უნდა შევცვალოთო( არაფერი შესაცვლელი, მხოლოდ განაკვეთია შესამცირებელი). დემაგოგობენ. არა აქვს რაიმე კავშირი ამ ორ გადასახადს ერთმანეთთან. ჯერ იმას მიხედონ, რაც საჩქაროა. ნუ ჰყავთ ხალხი მძევლად აყვანილი." - წერს რომან გოცირიძე.