ალინა მარატოვნა კაბაევა რუსი სპორტსმენი, პოლიტიკური მოღვაწე და მედიამენეჯერია. 2014 წლის სექტემბრიდან ჰოლდინგ "ნაციონალური მედია ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, 2016 წლიდან კი "სპორტ-ექსპრესის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს.

ის ცნობილი ტანმოვარჯიშე, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია. რამდენჯერმე რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მას არაერთი ჯილდო გადასცა.



თუმცა, წლებია, მედიაში წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და ალინა კაბაევას ურთიერთობა მხოლოდ სამსახურებრივ თანამშრომლობას არ ემყარებოდა.
წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ალინა კაბაევა რუსეთის "არაოფიციალური პირველი ლედი" იყო და მას პუტინისგან ორი შვილიც ჰყავს - ვაჟები. ადგილობრივმა და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებმა არაერთი სტატია მიუძღვნეს, თუმცა პუტინის ადმინისტრაცია რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ყოველთვის უარყოფდა.


ალინა კაბაევას პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ დაფარულია. მაგრამ არის ერთი ახალი და საინტერესო ისტორია მისი მამის, მარატ კაბაევის შესახებ. ალინა კაბაევას მამამ, ანუ პუტინის არაფორმალურმა სიმამრმა, თურქეთის პასპორტი მიიღო. ნატოს წევრი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო ადამიანმა, რომელიც ვლადიმერ პუტინთანაა დაახლოებული... მარატ კაბაევმა 2023 წელს თურქეთში 400 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მანამდე მარატ კაბაევი იყო უზბეკეთისა და რუსეთის მოქალაქე. ამჟამად ის "ისლამური ბიზნესის საერთაშორისო ასამბლეას“ ხელმძღვანელობს და მიიჩნევს, რომ რუსეთმა თურქეთთან, ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან უნდა გააერთიანოს ძალები, რომ ისრაელს წინააღმდეგობა გაუწიოს.
 
მარატ კაბაევის ქალიშვილი კი ფუფუნებაში ცხოვრობს. მის ძვირად ღირებულ უძრავ ქონებაზე, საბანკო ანგარიშებზე და მდიდრული ცხოვრების სხვა დეტალებზე მედია უამრავ სტატიას წერს. ხშირად ამბობენ, რომ ქალს ეს ყველაფერი მხოლოდ სპორტული კარიერით არ აქვს. ვლადიმერ პუტინი მფარველობს და ბიუჯეტიდან ფულს ითვისებს. საუბარი მილიონებზე და მილიარდებზეა. ალინა ხშირად მოგზაურობს ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავით, ფლობს უძრავ ქონებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მუდმივად აბანდებს ფულს, მამასთან ერთად.

აქამდე რუსეთში გაურბოდნენ ამ თემაზე საუბარს, თუმცა ბოლო დროს იქაც დაიწყეს ლაპარაკი, მით უმეტეს, რომ ალინას და პუტინთან დაახლოებული პირების საარაკო გამდიდრების ფონზე, რუსეთში უბრალო ხალხი, განსაკუთრებით, პროვინციებში, უკიდურესად ღარიბია და ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ.