მაღალი აკადემიური ზეწოლა, სასკოლო სტრესები და მშობლების გადაჭარბებული მოლოდინები - კორეაში ყოველი მესამე მოსწავლე თვითმკვლელობაზე ფიქრობს და ყველაზე მაღალია მოსწავლეთა თვითმკვლელობათა მაჩვენებელი - მშობლები

მაღალი აკადემიური ზეწოლა, სასკოლო სტრესები და მშობლების გადაჭარბებული მოლოდინები - კორეაში ყოველი მესამე მოსწავლე თვითმკვლელობაზე ფიქრობს და ყველაზე მაღალია მოსწავლეთა თვითმკვლელობათა მაჩვენებელი

2025-10-31 13:46:35+04:00

სამხრეთკორეელი მოსწავლეების შესახებ ლეგენდები დადის. ხშირად ვრცელდება ინტერნეტში ამბები, რომ ბევრი კორეელი მოსწავლე ვერ უძლებს სასკოლო დატვირთვებს, მოთხოვნებს, სტრესებს და მოლოდინებს და თავს იკლავენ. ასევე ცნობილია ამბავი სეულში მდებარე მაპოს ხიდზე, რომელსაც ადგილობრივები ხშირად „თვითმკვლელების ხიდსაც“ უწოდებდნენ. ადრე იქ მართლაც ხშირი იყო მსგავსი შემთხვევები, რის გამოც ხელისუფლებამ ბოლო წლებში კამერები დაამონტაჟა, მოაჯირები დაამატა და დაცვა დააყენა.

2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ყოველი მესამე კორეელი მოსწავლე თვითმკვლელობზე ფიქრობს - ძლიერი აკადემიური დატვირთვების, სტრესის და გადამეტებული მოლოდინების გამო. და სამხრეთ კორეაში ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოსწავლეების, თვითმკვლელობათა მაჩვენებელი ნამდვილად მაღალია სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.

ძირითადი მიზეზებია:

  • მაღალი აკადემიური ზეწოლა — სკოლებში კონკურენცია უზარმაზარია, განსაკუთრებით - უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.

  • სოციალური მოლოდინები — კორეულ საზოგადოებაში წარმატება ხშირად გაიგივებულია მხოლოდ განათლებასთან და კარიერასთან.

  • ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა — ფსიქიკური ჯანმრთელობის თემები მხოლოდ ბოლო წლებში ძალიან აქტუალური გახდა.

სტატისტიკა და რეალობა

სამხრეთ კორეაში თვითმკვლელობა სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია ახალგაზრდებში.

  • 2024 წლის მონაცემებით, თვითმკვლელობაა პირველი სიკვდილის მიზეზი 10–24 წლის ახალგაზრდებში.

  • ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მოსწავლე სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს (ზუსტი ციფრები იცვლება, მაგრამ დაახლოებით 300–400 შემთხვევაა წელიწადში).

  • საერთო ჯამში, კორეას განვითარებულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმაღლესი თვითმკვლელობების მაჩვენებელი აქვს (დაახლოებით 22 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე).

ბოლო წლებში დაფიქსირდა შემთხვევების მატება განსაკუთრებით 10-19 წლის ასაკობრივ კატეგორიაში. მაგალითად, 2020 წლის მონაცემებით, სკოლის მოსწავლეთა შორის თვითმკვლელობის მაჩვენებელი დაახლოებით 6,5 შემთხვევა იყო 100 000 ადამიანზე, ხოლო უფროსკლასელებისა და სტუდენტების ჯგუფში ციფრი თითქმის ორჯერ მაღალია.

მკვლევრები და ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის უკიდურესად მაღალი აკადემიური და სოციალური წნეხი, რომელსაც მოსწავლეები განიცდიან. კორეული განათლების სისტემა გამორჩეულია მკაცრი კონკურენციით — მაღალი შეფასებები და უნივერსიტეტში მოხვედრა ხშირად განსაზღვრავს ბავშვის მომავალს, კარიერასა და სოციალურ სტატუსს. შედეგად, ბევრი მოზარდი თავს გრძნობს გადაღლილად, სტრესულად და დაუცველად. მშობლები შვილებს ხშირად აიძულებენ გამუდმებით ისწავლონ, რომ მოხვდნენ ე.წ. „SKY უნივერსიტეტებში“ (სეულის უნივერსიტეტი, კორეის უნივერსიტეტი, იონსეი უნივერსიტეტი). ეს უნივერსიტეტები განიხილება როგორც კარიერისა და სოციალური სტატუსის გარანტია.შედეგად, ბევრ ბავშვს ბავშვობიდან უწევს სწავლა გვიან ღამემდე, შაბათ-კვირასაც კი.

მოსწავლეები ხშირად 12-14 საათისწავლობენ დღეში (დილის 8-დან 4-მდეა სკოლა, მერე - რეპეტიტორები), მათ შორის დამატებით კერძო სკოლებში და ხშირად, შაბათობითაც. სკოლებში შედარება ძალიან ხშირია — მოსწავლეებს მუდმივად ადარებენ ქულებით ერთმანეთს. საკმაოდ მკაცრი დისციპლინაა და მუდმივი გამოცდები.

ბოლო კლასში (მე-12) მთავარი გამოცდაა CSAT (Suneung) — ეროვნული გამოცდა, რომლის შედეგზე დამოკიდებულია, რომელი უნივერსიტეტი მიგიღებს. გამოცდის დღეს მთელი ქვეყანა ჩერდება — თვითმფრინავები კი აგვიანებენ გაფრენას, რომ ხმაური არ შეუშალოს მოსწავლეებს.

20131229144418670734-20-1761983443.webp

მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე არსებული სტიგმაც. კორეაში ჯერ კიდევ რთულია ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მიმართვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რადგან საზოგადოებაში ეს ხშირად აღიქმება სისუსტედ ან სირცხვილად. ამ მიზეზით ბევრი მოზარდი ვერ ახერხებს დროულად დახმარების მიღებას და საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩება.

გარდა ამისა, ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებსაც: სიღარიბეს, ოჯახის ფინანსურ სირთულეებს, მარტოობას, მშობელთა ზედმეტ მოლოდინებს და ზოგჯერ ოჯახურ კონფლიქტებს. ამ ყველაფერს ემატება სოციალური ქსელების გავლენა და მუდმივი შედარება თანატოლებთან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს არასრულფასოვნების განცდას. ასევე, კორეულ კულტურაში მიღებულია, რომ „თუ არ ხარ საუკეთესო, ვერ მიაღწევ წარმატებას“. სოციალური მედია და პოპულარული კულტურაც აძლიერებს ამ წარმოდგენას.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და სკოლები ბოლო წლებში ცდილობენ პრევენციული პროგრამების დანერგვას, შედეგები ჯერაც არასაკმარისია. პანდემიამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა: იზოლაციამ, დისტანციურმა სწავლებამ და სოციალური ურთიერთობების შემცირებამ მრავალი მოზარდის ემოციური მდგომარეობა დაამძიმა.

ჯამში, კორეაში თვითმკვლელობის პრობლემა — განსაკუთრებით ახალგაზრდებში — მჭიდროდ უკავშირდება სტრესს, კონკურენციას, სტიგმასა და არასაკმარის მხარდაჭერას.

როგორ ცდილობს კორეა ამ სირთულის გადაჭრას

მიუხედავად მცდელობებისა, რომ ქვეყანა ამ საკითხთან ბრძოლას სისტემურად მიუდგეს, პრობლემა კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საზოგადოებრივ გამოწვევად რჩება.

ბოლო წლებში კორეაში დაიწყო საზოგადოების მოძრაობაც, რომ განათლება გახდეს უფრო ბალანსირებული, სკოლებმა შეამცირონ სტრესული ტესტები და უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ბოლო ათწლეულში კორეის განათლების სამინისტრომ დაიწყო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ყველა სკოლაში იყოს პროფესიონალი კონსულტანტი ან ფსიქოლოგი. მოსწავლეებს შეუძლიათ, მიმართონ საიდუმლოდ — მათ არ სჭირდებათ მშობლების ან მასწავლებლის ინფორმირება. არსებობს სპეციალური ოთახები, სადაც ბავშვები ისვენებენ ან ესაუბრებიან ფსიქოლოგს, თუ სტრესი ან დეპრესია აქვთ. სკოლებს ავალდებულებენ, წელიწადში მინიმუმ ორჯერ ჩაატარონ ფსიქოლოგიური გამოკითხვები, რათა აღმოაჩინონ რისკის ჯგუფში მყოფი მოსწავლეები.

მოქმედებს რამდენიმე 24-საათიანი კონფიდენციალური ცხელი ხაზი, ასევე ჩათ-ბოტები და აპლიკაციები, სადაც ახალგაზრდები წერენ თავიანთ პრობლემებზე ან საუბრობენ ანონიმურად. საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორები აგზავნიან პოლიციას ან ფსიქოლოგს ადგილზე.

ბოლო წლებში გაჩნდა ახალი საგნები და აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარებას. მასწავლებლები ატარებენ გაკვეთილებს თემებზე, როგორიცაა „როგორ გავუმკლავდეთ წარუმატებლობას“, „რა არის სტრესი“, „როგორ ვილაპარაკოთ ემოციებზე“. ზოგიერთ სკოლაში კვირაში ერთხელ ტარდება "Mind Care Day", სადაც ბავშვები სწავლობენ სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციას და ჯგუფურ საუბარს.

სახელმწიფომ აამოქმედა ე.წ. „Suicide Prevention Act“, რომელიც ავალდებულებს სკოლებსა და უნივერსიტეტებს, რომ ყოველი თვითმკვლელობის შემთხვევის შემდეგ ჩაატარონ პრევენციული შეფასება და გაუმჯობესების გეგმა. ასევე შექმნილია სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც აკვირდება, თუ როგორ მოქმედებს სწავლების სტრუქტურა მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი ნელა მიდის, კორეაში დღეს უკვე გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ მოსწავლეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობას, ვიდრე 10–15 წლის წინ.

140424102152-korea-school-pupils-512x288-getty-1761904601.jpg.webp

კორეელი მოსწავლის ტიპური დღე

  • უმეტესობა იღვიძებს დილის 6:00-6:30-ზე.

  • სწრაფად ემზადებიან, საუზმობენ ოჯახთან ერთად და მიდიან სკოლაში.

  • სკოლა იწყება დაახლოებით 8:00-ზე. ზოგიერთი მოსწავლე მანამდეც კი — 7:00-ზე მიდის “მოსამზადებელ გაკვეთილზე”, რათა უკეთ მოემზადოს გამოცდებისთვის.

  • გაკვეთილები გრძელდება დაახლოებით 8:00-დან 4:00-მდე.

  • თითო გაკვეთილი 45–50 წუთია, მათ შორის მხოლოდ მცირე შესვენებებია.

  • საგნები ძალიან ბევრია: მათემატიკა, ინგლისური, კორეული ენა, ისტორია, მეცნიერებები, ზოგჯერ მეორე უცხო ენაც.

  • სკოლებში არის მკაცრი დისციპლინა: ტანსაცმელი, თმის სიგრძე, ტელეფონების აკრძალვა და ა.შ.

საღამოს იწყება ყველაზე სტრესული ნაწილი:

  • გაკვეთილების შემდეგ ბავშვების უმეტესობა მიდის კერძო აკადემიებში (hagwon), სადაც აგრძელებენ მათემატიკის, ინგლისურის ან საბუნებისმეტყველო საგნების სწავლას.

  • სწავლა გრძელდება საღამოს 10–11 საათამდე, ზოგჯერ კი შუაღამემდე.

  • სახლში ბრუნდებიან გვიან, ზოგჯერ ღამის 12-ისკენ, შემდეგ კიდევ ამზადებენ საშინაო დავალებებს.

ზოგიერთ რეგიონში სკოლების შემდეგ აკადემიების მუშაობა კანონით შეზღუდულია ღამის 10 საათამდე, მაგრამ მშობლები მაინც ხშირად არღვევენ ამ წესს.

  • საშუალოდ მოსწავლეებს სძინავთ მხოლოდ 4–6 საათი.

  • ბევრი უჩივის უძილობას, ქრონიკულ დაღლილობას და სტრესს.

  • ეს სტრესი განსაკუთრებით მძაფრდება ბოლო (მე-12) კლასში, როცა მოდის ეროვნული გამოცდა CSAT (Suneung) — ის ფაქტობრივად წყვეტს, როგორ იქნება შენი მომავალი ცხოვრება.

  • შაბათობით ბევრი სკოლა მაინც მუშაობს ნახევარ დღემდე.

  • კვირაობითაც ბევრი მიდის რეპეტიტორებთან ან თვითონ სწავლობს სახლში.

  • თავისუფალი დრო თითქმის არ აქვთ — მხოლოდ რამდენიმე საათი კვირაში, ფილმის საყურებლად ან მეგობრებთან შესახვედრად.

ამ ყველაფერმა შექმნა ტერმინი „시험지옥“ (shiheom jiok) — რაც ნიშნავს „გამოცდების ჯოჯოხეთს.“ ბავშვები უკვე ადრეული ასაკიდან ცხოვრობენ „კონკურენციის რეჟიმში“, რაც იწვევს სტრესს, დეპრესიას და ზოგჯერ უკიდურეს გადაწყვეტილებებსაც.

კორეელები ამბობენ, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, კორეელი მოსწავლეები ცნობილნი არიან მაღალი დისციპლინით, გამძლეობით, გუნდურობით და განათლებისადმი პატივისცემით. თუმცა დღეს უკვე სულ უფრო მეტი მშობელი და სკოლა ცდილობს შეცვალოს მიდგომა — მეტი ბალანსი, ნაკლები ზეწოლა და მეტი თავისუფლება ბავშვებისთვის.