რუსეთი 12-წლიან სწავლებაზე გადადის - "ქვეყანა მზადაა 12-წლიან სასკოლო განათლებაზე გადასასვლელად" - მშობლები

რუსეთი 12-წლიან სწავლებაზე გადადის - "ქვეყანა მზადაა 12-წლიან სასკოლო განათლებაზე გადასასვლელად"

2025-10-31 15:49:19+04:00

იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანაში გააქტიურდა 11-წლიან სწავლებაზე გადასვლაზე საუბარი, როცა ევროპა და ამერიკა 12-წლიან სასკოლო განათლებას ემხრობა და როცა 11-წლიანი განათლება ახალგაზრდებს პირველ რიგში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაში შეუშლის ხელს, საინტერესოა სიახლე, რომელიც რუსეთში ხდება. სწორედ ახლა მიმდინარეობს იქ საუბარი 12-წლია სასკოლო განათლებაზე.

"12-წლიან სასკოლო განათლებაზე გადასვლა განათლების სისტემას საერთაშორისო სტანდარტებთან დააახლოებს" - ამის შესახებ გამოცემა Pravda.ru-სთან საუბარში პედაგოგიკის დოქტორმა, პროფესორმა, საერთაშორისო პედაგოგიური განათლების აკადემიის აკადემიკოსმა სერგეი კომკოვმა განაცხადა.

ადრე რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოადგილემ ვლადისლავ გრიბმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა 12-წლიან სასკოლო განათლებაზე გადასასვლელად. კომკოვის თქმით, მსგავსი პრაქტიკა დიდი ხანია გამოიყენება ევროპაში, სადაც დაწყებითი და საშუალო საფეხურები მკაფიოდ არის გამიჯნული. მისი თქმით, რუსეთი ფაქტობრივად უკვე იგივე მიმართულებით მიდის — საბავშვო ბაღები ასრულებენ ნულოვანი კლასების ფუნქციას, სადაც ბავშვები სკოლისთვის საჭირო საბაზისო უნარებს იძენენ. „ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს ევროპაში და თანდათან ჩვენთანაც ინერგება. ნულოვანი კლასები საბავშვო ბაღებში ფაქტობრივად სკოლაში სწავლების პირველ საფეხურად იქცევა. ბავშვი პირველ კლასში უკვე მიდის საბაზისო ცოდნითა და უნარებით,“ — განმარტა კომკოვმა. მისი თქმით, წარმატებული გადასვლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება მცირე ასაკის მოსწავლეებისთვის კომფორტული პირობების შექმნა — დამოუკიდებელი სივრცე, სპეციალურად ადაპტირებული პროგრამა და ეტაპობრივი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.

„ბავშვები უნდა იწყებდნენ სწავლას ექვსი წლიდან და თანდათან ეჩვეოდნენ სასწავლო პროცესს. დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს თამაშის და აღზრდის ელემენტები, რათა ადაპტაცია მარტივი იყოს. გონივრულად დაგეგმილი 12-წლიანი სისტემა სწავლას უფრო მოქნილსა და თანმიმდევრულს გახდის,“ — აღნიშნა კომკოვმა. ასევე, კომკოვის თქმით, 12-წლიანი სისტემის დანერგვას თან უნდა ახლდეს სასწავლო პროგრამების და სწავლების მიდგომების განახლება. „მთავარია არა მხოლოდ სწავლის ვადის გაზრდა, არამედ მისი ხარისხობრივი შევსება და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობა,“ — დაასკვნა მან.