თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 26 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი არასრულწლოვნებმა ცემით მოკლეს. საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს. შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა და დაიღუპა...
არსებული ინფორმაციით, ავალიანს სადარბაზოსთან რამდენიმე არასრულწლოვანი დახვდა, მათ შორის 16 წლის გოგო. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მოკლული ბიჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყვარებული "გიგასთან მიმოწერით აეჭვიანა", რასაც ქალის თქმით, ჩასაფრება და მკვლელობა მოჰყვა.

მოკლული გიგა ავალიანის დედა აგრძელებს ბრძოლას, რომ ყველა დამნაშავე დაიჭირონ და სათანადოდ დასაჯონ. დღეს, როცა მისი შვილი უკვე დაკრძალეს, ის ისევ იხსენებს შემთხვევის წინა დღეებს, როგორ შენიშნა უცხო ბიჭები სახლთან, რომლებიც, თურმე, მის შვილს უთვალთვალებდნენ, და კიდევ ერთხელ საუბრობს თავს დატეხილ ტრაგედიაზე. ეკა კუპატაძის თქმით, გიგა ამერიკაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, თუმცა არ დასცალდა.