საქართველოში ქრისტიანობის ისტორია 1700 წელს ითვლის. 2026 წელს საქართველო აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს მას შემდეგ, რაც ქართლმა სინათლე ანუ ქრისტეს სჯული მიიღო. ეს იყო არამხოლოდ რელიგიური, არამედ კულტურული და ეროვნული გარდატეხა, რომელმაც საქართველო და ქართველები როგორც სახელმწიფო და ეთნოსი ჩამოაყალიბა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანობის არსის, მისი პრინციპებისა და საფუძვლების, ასევე რელიგიის ისტორიის შესახებ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვესაუბროთ. როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ქრისტიანობაზე და რომელ ასაკში რამდენად სიღრმისეულად უნდა ველაპარაკოთ? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან სირაძე გვესაუბრება.
- რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი ბავშვისთვის ქრისტიანული სწავლების გაცნობა? რა არის უმჯობესი, ბავშვს ელაპარაკონ მშობლები თუ სასულიერო პირები? რომელ ასაკში რამდენად სიღრმისეულად უნდა ვესაუბროთ?
- პირველ რიგში, რელიგიური განათლება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გავზარდოთ ქრისტიანული ცნობიერების მქონე ადამიანი და არა უბრალოდ მცოდნე იმ ფაქტების, მოვლენებისა თუ ეტიკეტისა, რაც გარეგნულ ქრისტიანულ ყოფას ახლავს. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რომ თავად მშობელი იყოს ქრისტიანული მორალური პრინციპების საქმით დამცველი და ბავშვის სამაგალითო ნიმუში.
ამასთან, ქრისტიანობა ავისა და კარგის გარჩევას გვასწავლის. ეს არის სულიერი განსჯა, რომელიც წმინდა მამათა სწავლებით უმნიშვნელოვანესი სათნოებაა. ამგვარი განსჯა სათნოებებით აღსავსე მოთხრობების კითხვითაც ყალიბდება. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული იაკობ გოგებაშვილის დედაენა, ასევე რევაზ ინანიშვილის მოთხრობები, რომელსაც სინათლით სავსე პროზა უწოდეს. მოსწავლე სწავლობს მცნებათა დაცვას, მაგალითად, იმას, რომ მშობელს პატივი უნდა სცე არა მხოლოდ იმიტომ, რომ „პატივსაცემია“, არამედ იმიტომ, რომ მე-5 მცნების თანახმად, შენ ამით ღმერთისგან სიკეთე მოგენიჭება და დღეგრძელი იქნები. მარტივად რომ ვთქვათ, ანუ ეს ყველაფერი თავად მას სჭირდება. აი, ასეთი მიდგომა უნდა შევამეცნებინოთ ბავშვებს. როცა ამგვარი სწავლებანი გამჯდარი იქნება სისხლსა და ხორცში, მაშინ ასეთი ბავშვისგან მივიღებთ მართალ ქრისტიანს.
- რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი ბავშვისთვის ქრისტიანული სწავლების გაცნობა? რა არის უმჯობესი, ბავშვს ელაპარაკონ მშობლები თუ სასულიერო პირები? რომელ ასაკში რამდენად სიღრმისეულად უნდა ვესაუბროთ?
- ჩვენ ვიცით, რომ არის შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და მათი წამალი - შვიდი სათნოება
ვფიქრობ, ამაზე უნდა ავაგოთ სწავლებები ასაკობრივი შერჩევით. მაგალითად, სრულიად მცირეასაკოვან ბავშვს, რა თქმა უნდა სიძვაზე ვერ დაელაპარაკები, მაგრამ თავისუფლად შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რა ცუდია სიხარბე, ყველაფერი შენთვის რომ გინდა.
ასევე უნდა ვესაუბროთ, რომ არ შეიძლება ღორმუცელობა. ბავშვი უნდა ფიქრობდეს, რომ გაუყოს სხვას საკვები. ვფიქრობ, მაინც ნებისმიერ შემთხვევაში მშობელია პირველი მაგალითი და მასწავლებელი ბავშვისა.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა და როგორ უნდა მიაწოდოს ბავშვს რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სრულად რწმენაზეა დამოკიდებული? მაგალითად, რა უნდა ვუპასუხოთ, როცა გვეკითხება „სად არის ღმერთი?“
- როგორც ბიბლიაშია თხრობა იგავური, ასევე უნდა შევეცადოთ, რომ მხატვრული სახეებით გადავცეთ ეს ჭეშმარიტება. მაგალითად, ღმერთს ვერ ვხედავთ, მაგრამ ბიბლიაში მას ეწოდა სიყვარული. ღმერთს შევიგრძნობთ სწორედ ამ გრძნობის საფუძველზე. ღმერთს ეწოდა ყველაზე შორეული, რადგან ვერ ვხედავთ და ყველაზე ახლობელი, რადგან თუ ჩვენ მას ვირწმუნებთ, ის მუდამ ჩვენს გულში იქნება. ასევე შესაძლოა ვუთხრათ, რომ როდესაც გულში ვეჩურჩულებით, ქრისტეს მუდამ ესმის ჩვენი. სწორედ ამიტომ საკუთარ თავთანაც გვმართებს ფიქრების განწმენდა. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ უხილავად ჩვენ ყოველი სიტყვა და ფიქრი მიდის უფალთან.
- რა ასაკიდან უნდა ვატაროთ ბავშვები ზიარებასა და აღსარებაზე?
- ბავშვის ზიარება უნდა მოხდეს მონათვლისთანავე და მას რეგულარული სახე უნდა ჰქონდეს.
- როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს განსხვავებულ რწმენათა არსებობა?
- სახარებისეული სწავლებით. ვფიქრობ, ჯერ უნდა ავუხსნათ საკუთარი რწმენის ჭეშმარიტება. ამისათვის უნდა ვესაუბროთ მართლმადიდებლობის შეუმცდარობის შესახებ. ქრისტე რომ არსებობდა, ამას ადასტურებს არა მარტო ბიბლიური, არამედ სხვა არაერთი წყარო. ქრისტე რომ ნამდვილად აღდგა, ამაზეც არაერთი რეალური მტკიცებულებაა, კათოლიციზმი რომ გამოეყო მართლმადიდებელ წიაღს და არა პირიქით, ესეც დადასტურებული ფაქტია. მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლაც ამის საბუთია.
რაც შეეხება განსხვავებულ რწმენებს, უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ყველა ადამიანი პატივსაცემია, რომ ადამიანი უნდა გვიყვარდეს, განურჩევლად სარწმუნოებისა. სხვა რელიგიების შესახებ უნდა ვუთხრათ, რომ მათ ის ჭეშმარიტება ვერ ნახეს, რაც სახარებისეულ მარგალიტის იგავშია.
სხვა რელიგიის წარმომადგენელთა გადარწმუნებას არ უნდა ვეცადოთ. მათ უნდა მივაწოდოთ ჩვენი რწმენა, როგორც კულტურული ფაქტორი და დავანახოთ ის სიბრძნე, რაც ევანგელურია. ამით მათ გაუჩნდებათ მოწიწება ჩვენი რელიგიისა და დანარჩენი ღმერთის ნებაა.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ხედავს, რომ ბავშვი არ ინტერესდება რელიგიური საკითხებით?
- ვფიქრობ, ძალდატანება ეკლესიაში სიარულისაც არ შეიძლება. ყველაზე კარგი მაინც პრაქტიკული რჩევებია. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ავთანდილის შეგონებები ტარიელის მიმართ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ვასწავლოთ კონკრეტულ სიტუაციებში სწორი ქრისტიანული ხედვა და მოვლენათა სწორი ანალიზი.
- რას ურჩევთ მშობლებს, როგორ უნდა შეიტანონ ქრისტიანული ღირებულებები ბავშვის ცხოვრებაში?
- ვინმეს გარდაქმნა რომ შეძლო, პირველ რიგში, თავად უნდა იცხოვრო ამ მცნებათა დაცვით. ცოცხალი მაგალითი ყველაზე ძლიერი იარაღია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია წმინდანთა და მართალთა ცხოვრებათა გაცნობა. ადამიანი ბაძვით ყალიბდება. მის გულში თუ გაღვივდა სიყვარული ასეთი სათაყვანებელი გმირისა, ის შეეცდება მის ბაძვას, მისი შეგონებებით ცხოვრებას. ამიტომ უმნიშვნელოვანესი სიყვარულის გაღვივებაა. მხოლოდ სიყვარულით მიდის ადამიანი ქრისტიანულ ღირებულებებთან. ასევე, მშობელმა უნდა ასწავლოს დაფიქრება საკუთარ საქციელთა გამო, სინდისის ხმის მოსმენა და თავმდაბლობა. მხოლოდ თავმდაბლური სულით გაზრდილი ადამიანია ნამდვილი ქრისტიანი და არა ის, ვინც ამ სწავლებათა ცოდნით მედიდურდება.