რა უნდა გააკეთოს სკოლამ, თუ მუნის შემთხვევა დაფიქსირდება და რა წესები უნდა დაიცვან ბავშვებმა და მშობლებმა, რომ საფრთხე თავიდან აირიდონ - მშობლები

რა უნდა გააკეთოს სკოლამ, თუ მუნის შემთხვევა დაფიქსირდება და რა წესები უნდა დაიცვან ბავშვებმა და მშობლებმა, რომ საფრთხე თავიდან აირიდონ

2025-11-03 11:41:46+04:00

ბოლო პერიოდია, მშობლები სკოლებში სკაბიესის, ე.წ. მუნის, შემთხვევების მატების შესახებ საუბრობენ. გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე სკოლა დაიხურა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მივმართეთ, სადაც ე.წ. მუნის შემთხვევების მატების გამო სკოლების დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დაადასტურეს.

სამინისტროს შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკა არ აქვს, თუმცა როგორც გვეუბნებიან, თუ რომელიმე სკოლაში სკაბიესის შემთხვევა ფიქსირდება, სკოლა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომპანიას უკავშირდება და ტერიტორიაზე სრულყოფილი დეზინფექცია ტარდება.

ოფიციალური სტატისტიკისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსაც მივმართეთ, თუმცა როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ისინი ე.წ. მუნის შემთხვევების სტატისტიკას არ აღრიცხავენ.

ერთ-ერთი სკოლა, სადაც ე.წ. მუნის შემთხვევები დაფიქსირდა, თბილისის 180-ე საჯარო სკოლაა. ინფორმაცია ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც დაგვიდასტურეს.

მათი თქმით, სკოლაში 4 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 2 ერთი ოჯახის წევრი იყო, ერთ შემთხვევაში კი მოსწავლეს სკოლაში არ უვლია. როგორც რესურსცენტრში გვითხრეს, შაბათ-კვირასა და გაკვეთილების შემდეგ ტერიტორიაზე სრულყოფილი დეზინფექცია ჩაატარეს და ამის შემდეგ შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გასულ წელსაც, ზამთრის პერიოდში ე.წ. მუნის შემთხვევები სკოლებში აქტიურად ფიქსირდებოდა. თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია ჩავწერეთ, რომელმაც მშობლებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა:

- სკაბიესი, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად მუნის სახელით მოიხსენიებენ, პარაზიტული, გადამდები ინფექციაა. ის ადამიანიდან ადამიანზე კანით კანთან ახლო კონტაქტით გადადის. ასევე, მეორადად, შესაძლოა, პაციენტის ინფიცირება სკაბიესის მქონე ადამიანის ტანსაცმლის, პირსახოცის, თეთრეულის გამოყენებამ გამოიწვიოს. სკაბიესი ხელის ჩამორთმევითა და გადაკოცნით, ხანმოკლე ინტერვალში არ გადადის. მოზრდილებში გამონაყარი, რომელსაც თან ძლიერი ქავილი ახლავს, კისრიდან ქვემოთ გვხვდება და მთელ სხეულზეა გავრცელებული. როგორც წესი, კისერზე, თავზე არ აღენიშნებათ. ბავშვებში, ჩვილებში შეიძლება კისერზე, თავსა და სახეზეც გავრცელდეს. ძლიერი ქავილი, უპირატესად, ღამის საათებშია გამოხატული. მკურნალობის თვალსაზრისით და შედეგის მიღების კუთხით, რთული დიაგნოზია. ძალიან სწორი დანიშნულება და მკურნალობაა საჭირო, რომ პაციენტი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს. ეფექტური მკურნალობის დასრულების შემდგომაც, სკაბიესს ქავილის გახანგრძლივება ახასიათებს. შესაძლოა, აღნიშნული სიმპტომი თვეების, 1 წლის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს, რაც პაციენტისათვის ძალიან შემაწუხებელია. განსაკუთრებით ბავშვებში, ინფექციას ე.წ. პოსტსკაბიესური დერმატიტი ახასიათებს. ეს ანთებითი პროცესია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმ პაციენტებზე, რომლებსაც ზოგადად, კანის სიმშრალისა და ატოპიური დერმატიტისკენ აქვთ მიდრეკილება. ბავშვი, რომელსაც ატოპიური დერმატიტი აქვს, თუ სკაბიესი დაემართება, ძალიან რთული სამკურნალოა. იმდენად რთულია, რომ ზოგჯერ მშობლებს დიაგნოზის სისწორეში ეჭვიც ეპარებათ. მაგალითად, თუ სკაბიესის დიაგნოზის დასმის შემდეგ, პაციენტმა იმკურნალა, მაგრამ ქავილი კვლავ უგრძელდება, მშობელი ეჭვდება, მართლა აღნიშნულ ინფექციასთან გვაქვს საქმე, თუ ბავშვს სხვა დაავადება აქვს.

- მკურნალობის რა გზა არსებობს?

- როგორც წესი, პროცესი გარეგანი გამოყენების მედიკამენტით იმართება. საქართველოში პერმეთრინი გამოიყენება. ძველად სხვადასხვა ხალხურ მეთოდს მიმართავდნენ, მაგალითად, მრავალი წლის წინ გოგირდს იყენებდნენ, მაგრამ დღეისათვის მსგავსი საშუალებები აღარ გამოიყენება. პერმეთრინრეზისტენტული სკაბიესის შემთხვევა იშვიათია. თუმცა, ასეთ დროს სხვა რიგის პრეპარატს მიმართავენ.

- რა შეიძლება დაავადების განვითარების წინაპირობა გახდეს?

- როგორც აღვნიშნე, სკაბიესი გადამდები დაავადებაა. ეს არის ინფექცია, რომელიც ადამიანს მეორე ადამიანისაგან, ან დაინფიცირებული ტანსაცმლისგან, თეთრეულის, პირსახოცის, რბილი ავეჯისგან გადაედება. თუმცა, პარაზიტი, რომელიც ინფექციას იწვევს, ადამიანის კანის გარეშე დიდხანს ვერ ცოცხლობს და მალე კვდება.

- როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომ ინფექციის გადადება თავიდან აირიდონ?

- პირველ რიგში, პირადი ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტატისტიკურად, გადადების ყველაზე ხშირი შემთხვევა ერთმანეთის ტანსაცმლის გამოყენებაა. თუ ადამიანს სკაბიესი აქვს, რა თქმა უნდა, პირადი პირსახოცი, თეთრეული უნდა ჰქონდეს. ასევე, მიჰყვეს ექიმის რეკომენდაციებს. როგორც გითხარით, სკაბიესი ხელის ჩამორთმევით, კოცნით არ გადადის. კანით კანთან ძალიან ახლო კონტაქტია საჭირო, რომ ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს გადაედოს. შესაბამისად, სკოლის პირობებში, როდესაც რბილი ავეჯი არ გვაქვს, ტანსაცმელსაც არ უცვლიან ბავშვები ერთმანეთს, გადადების რისკი მცირეა.

თამარ იაკობაშვილი