საქართველოს მკაცრი ზამთარი ელოდება: "არაერთი ციკლონი შემოვიდა და კიდევ მოსალოდნელია. ამ დროს დაბალი ტემპერატურებია დამახასიათებელი, ხოლო სიცივის შეგრძნება - უფრო მძაფრი" - მშობლები

საქართველოს მკაცრი ზამთარი ელოდება: "არაერთი ციკლონი შემოვიდა და კიდევ მოსალოდნელია. ამ დროს დაბალი ტემპერატურებია დამახასიათებელი, ხოლო სიცივის შეგრძნება - უფრო მძაფრი"

2025-11-03 20:01:38+04:00

კლიმატის ცვლილების გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, როცა სპეციალისტები ქვეყანაში სტიქიის განმეორების საფრთხეებზე საუბრობენ, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მეწყრულ კერებზე თანამედროვე მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება, ადრეული საფრთხეების შეფასება და რეკომენდაციების მომზადებაა საჭირო. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ გარემოს დამცველ ნინო ჩხობაძეს:

- ამბობენ, რომ მკაცრი ზამთარი გველოდება, ბარში - 10, მთაში კი 24 გრადუსამდეც დაეცემა ტემპერატურა.

- შეიძლება ტემპერატურა მართლაც საგრძნობლად დაეცეს. კლიმატური ცვლილების გამო ატმოსფეროში ძალიან ცუდი პროცესები მიდის და ბევრ მეტეოსადგურს უჭირს გრძელვადიანი პროგნოზირება, განსაკუთრებით ახლა, რადგან არაერთი ციკლონი შემოვიდა და კიდევ მოსალოდნელია. ამ დროს დაბალი ტემპერატურებია დამახასიათებელი, ხოლო სიცივის შეგრძნება - უფრო მძაფრი.

- შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში წერია, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, გაფრთხილების სისტემა კი სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა... იზიარებთ აზრს, რომ შეცვლილ კლიმატურ პირობებს ქვეყანა მოუმზადებელი ხვდება და კვლევის მეთოდები მოძველებულია?

- საკმაოდ რთული სიტუაციაა და უწყებას ძალიან გაუჭირდება ყველა საკითხის წამოწევა, გრძელვადიანად პრობლემების ჩამოყალიბება და ბევრ ადგილას გზების მოძიება, იმიტომ, რომ მთიან რეგიონში კლიმატის ცვლილების დროს რისკები მატულობს. ჩვენ არ ველოდებოდით გურიაში ამხელა დიდთოვლობას, რომელმაც ასევე შექმნა კრიზისი გაზაფხულის პერიოდში. ასე რომ, სად როდის და რა შეიძლება მოხდეს, არავინ იცის. წელს უჩვეულოდ წვიამიანი იყო შემოდგომა, იყო წყალდიდობებიც. ველოდებით ასეთი პროცესების უფრო გაძლიერებას, ასევე, შესაძლებელია არასეზონური წყალდიდობებიც.

- სპეციალისტები განმეორებით საფრთხეებზე, მეწყრულ კერებზე თანამედროვე მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებაზე, საფრთხეების შეფასებასა და რეკომენდაციების მომზადების საჭიროებაზე საუბრობენ...

- საერთოდ არაფერი გვაქვს, ახლა ასრულებენ რისკების ზონის შეფასებებზე მუშაობას, სად შეიძლება იყოს საფრთხეები. შესამუშავებელია ძალიან რთული სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც იქნება ჩადებული ყველა ღონისძიება (გამაფრთხილებელი თუ პრევენციული) და მოძიებული იქნება ფინანსური რესურსი. შეიძლება ეს მუნიციპალიტეტებს დაევალოთ, მაგრამ ამას სჭირდება მთავრობის გადაწყვეტილება, გეგმის შემუშავება, რაც მოგვცემს საშუალებას ჩვენი მოქალაქეები დავაზღვიოთ.

- თბილისში რამდენი მეწყერსაშიში ზონაა?

- მხოლოდ კუს ტბის მიდამოებში 50-მდე მეწყრული კერაა. ასეთი სხვა უამრავი ზონა გვაქვს, მაგალითად, მახათას მთა, ლოტკინის მხარე, გლდანის, სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, რომელთა ფერდობები მოძრავი ფენებისგან შედგება, მუხათგვერდის ფერდობები... მათი წარმოშობა დაკავშირებულია მიწისძვრაზე, ტემპერატურებზე, ამინდებზე, როცა ტემპერატურა ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალია, როცა ამპლიტუდა განსხვავებულია იწყება ეროზიული პროცესები, მიდის ნიადაგის გამოფიტვა, ხდება წყალდიდობები, ძლიერი წვიმები, დიდთოვლობა...

თბილისში ძალიან ბევრი მეწყერსაშიში უბანია, რაც გარემოს დაცვის სააგენტოს ბიულეტენებში შეტანილია, უბრალოდ, ამას წაკითხვა უნდა, და იმის თქმა, რომ ასეთ ადგილებში არ შეიძლება რაღაცის აშენება. განაგრძეთ კითხვა