მძიმე ბავშვობას მოზრდილ ასაკში გარკვეული პლუსებიც აღმოაჩნდა - ფსიქოლოგებმა გაჭირვებაგამოვლილი და დეპრესიული ადამიანები შეადარეს ერთმანეთს - მშობლები

მძიმე ბავშვობას მოზრდილ ასაკში გარკვეული პლუსებიც აღმოაჩნდა - ფსიქოლოგებმა გაჭირვებაგამოვლილი და დეპრესიული ადამიანები შეადარეს ერთმანეთს

2025-11-04 01:54:01+04:00

ფსიქოლოგების ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში სერიოზული სირთულეები გადახდათ, ზრდასრულ ასაკში ცხოვრებისეულ სტრესს უფრო მშვიდად და დაბალანსებულად აღიქვამენ. ხოლო ისინი, ვინც უკვე ზრდასრულობის წლებშიდეპრესიას ებრძოდნენ, ჩვეულებრივ მოვლენებსაც კი ხშირად უფრო მძიმედ, მტკივნეულად და უიმედოდ აფასებენ.

კვლევა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა ჯგუფმა ჩაატარა ელლი ქოულის ხელმძღვანელობით, ხოლო შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Cognition and Emotion-ში გამოქვეყნდა. მკვლევრებმა 42 მოკლე სცენარი შექმნეს, რომლებიც აღწერდა როგორც ყოველდღიურ, ისე სერიოზულ ცხოვრებისეულ სირთულეებს — მაგალითად, მეგობრებთან კონფლიქტს, წარუმატებლობას სწავლაში, ავადმყოფობას ან დანაკარგს. თითოეული ეპიზოდი, სირთულის მიხედვით, ექსპერტებმა ექვსბალიანი სისტემით შეაფასეს.

ექსპერიმენტში 237 სტუდენტი მონაწილეობდა. მათ უნდა შეეფასებინათ, რამდენად რთული იქნებოდა თითოეული სიტუაციის გადატანა მათთვის. პარალელურად, მონაწილეებმა შეავსეს კითხვარები, რომლებიც ადგენდა, ჰქონდათ თუ არა ბავშვობაში მძიმე გამოცდილება და გამოუცდიათ თუ არა დეპრესიის სიმპტომები ბოლო წლის განმავლობაში.

შედეგებმა ორ ჯგუფს შორის მკაფიო განსხვავება გამოავლინა:

  • ის ადამიანები, ვინც ბოლო წლებში დეპრესიას ებრძოდნენ, ნებისმიერ სიტუაციას გაცილებით უფრო მძიმედ და ნეგატიურად აღიქვამდნენ. რაც უფრო რთული იყო სცენარი, მით მძაფრი იყო მათი ემოციური რეაქცია. ფსიქოლოგების აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დეპრესია სტრესისადმი მგრძნობელობას კიდევ უფრო ზრდის და ხელს უწყობს უარყოფითი ფიქრების გამყარებას.

  • ისინი, ვინც ბავშვობაში სერიოზულ სირთულეებს შეეჯახნენ, ზრდასრულ ასაკში უფრო მტკიცენი და სტრესისადმი გამძლეები აღმოჩნდნენ. მეცნიერები ამას „სტრესისადმი იმუნიტეტის ეფექტს“ უწოდებენ — როცა ადრეულ ასაკში გადატანილი სიძნელეები გარკვეულწილად ამაგრებს ფსიქიკას და შინაგან გამძლეობას აყალიბებს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ დეპრესიის შემდეგ სამყაროს ზედმეტად მძიმედ დანახვა ერთგვარი მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს დაავადების გახანგრძლივებას— ადამიანი მოვლენებს აუტანლად რთულად აღიქვამს, თავს უძლურად გრძნობს და აქტიურობის სურვილი ეკარგება.

ამასთან, ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი მენტალური პროცესების გააზრება დიდ დახმარებას უწევს ფსიქოთერაპიას — განსაკუთრებით კოგნიტურ-ქცევით თერაპიაში, სადაც პაციენტი სწავლობს, როგორ აღიქვას ცხოვრებისეული სირთულეები უფრო რეალისტურად და სტრესთან გამკლავება უფრო მშვიდად შეძლოს.