ბოლო პერიოდია, მშობლები სკოლებში სკაბიესის, ე.წ. მუნის, შემთხვევების მატების შესახებ საუბრობენ. სოციალურ ჯგუფებში დიდი ხანია, ამ თემის განხილვა მიმდინარეობს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განაცხადეს, რომ სკოლებში შემთხვევების გამოვლენის სტატისტიკას არ აწარმოებენ. როგორც აღმოჩნდა, ამ ინფექციის გავრცელებას არც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აკონტროლებს (იხილეთ მათი პასუხები)
ვინაიდან ოფიციალური უწყებები ამ თემაზე კომენტირებისგან თავს იკავებენ, ერთადერთ წყაროდ ის უბრალო ადამიანები რჩებიან, ვისაც პირადად შეეხო ეს პრობლემა. არსებულ ვითარებას ყველაზე კარგად მშობლები აღწერენ - მათ თავად მოუწიათ პრობლემასთან შეჯახება. რას ამბობენ მშობლები, რომელთა ოჯახებმაც ეს დაავადება თავად გადაიტანეს ან ვინც იძულებული გახდა, ინფექციის გავრცელების გამო, ბავშვები სკოლაში არ გაეშვა - ამის შესახებ დედები სოციალურ ქსელში წერენ.
- "ჩვენს სკოლაში როცა დაფიქსირდა, არ გვაქვს სასწავლო პროცესის შეწყვეტის უფლებაო, გამოგვიცხადა დირექციამ. ამიტომ მშობლების ინიციატივით მთელს სკოლაში არავინ დადიოდა რამოდენიმე დღე. არც ერთი მოსწავლე არ მისულა სკოლაში, სანამ წესების დაცვით არ ჩაატარეს დეზინფექცია."
- "ამ საღამოს გავიგე, რომ ჩვენს სკოლაში დაფიქსირდა 2 შემთხვევა, არ ვუშვებთ რამდენიმე დღე, მშობლები, დეზინფექცია ტარდება ხვალ."
- "უპირველეს ყოვლისა, დავრეკეთ ჯანდაცვასა და განათლების სამინისტროში, მათ სკოლას მოსთხოვეს ღონისძიების გატარება. იმდენი გავაკეთეთ მშობლებმა, რომ გამოიძახეს სადეზინფექციო სამსახური, მთელი აღჭურვილობით და დაუჯდათ დაახლოებით 1500ლარამდე ეს ყველაფერი. თან სიტუაციას მშობლები აკონტროლებდნენ სკოლასთან, ვნახეთ, როგორ მუშაობდნენ... დეზინფექცია დასვენების დღეს ჩატარდა."
- "დირექციასგან ველოდით პასუხს, მაგრამ იგნორი იყო, ამ დროის მანძილზე ბავშვები არ დადიოდნენ სკოლაში. როგორც იქნა გამოიძახეს. ორი დღე შაბათ კვირა დაემთხვა და არ უვლიათ. ორშაბათიდან განაგრძეს სიარული"
- "ჩემს შვილს 6 წლის წინ შეხვდა ბაღიდან და ვიცი, როგორი სიმწარეცაა ეგ. მთელი ოჯახი მოუსვენრად ვიყავით წამლებზე 14 დღე. ეს ბატონებზე უარესია, ბატონები თავისით გადის მაინც და ეს თუ არ იმკურნალე, თავისით არ გავა. მკურნალობის შემდგომ ტოვებს დერმატიტს."
- "კოშმარია. გამიგია, თავსაც კი იწვავდნენ, იმდენად გასუაძლისი ქავილი იცის."
- "სამწუხაროდ მშობლები მალავენ და გვიან იგებს დირექცია."
- "დამლაგებლებმა შეწამლეს. ეს რო გავიგეთ და ვნახეთ მშობლებმა, რა თქმა უნდა, არ გავუშვით ბავშვები. მოვითხოვეთ სათანადოდ შეწამვლა. მოვიდა სპეც სამსახური, შეწამლეს და მერე გავუშვით ბავშვები!"
- "ოჯახში თუ ერთს უფიქსირდება მუნი, ჩათვალეთ, რომ მთელმა ოჯახმა უნდა გაიაროთ ის მკურნალობა, რასაც მუნიანი გაივლის, რადგან თქვენც მატარებელი ხართ მუნის, იმ მომენტში არა მაგრამ ,შემდეგ გამოუვლინდება აუცილებლად ოჯახის წევრს."
- "ჩვენს სკოლაში შეწყდა სწავლა და დეზინფექცია ჩატარდა, ჯგუფი იქნა გამოძახებული სპეციალურად"
- "რამოდენიმე დღე თავს ვიკავებდით გაშვებისგან მშობლები. სკოლამ ჩაატარა დეზინფექცია პლიუს დამრიგებლებმაც დაასუფთავეს კლასები"
იმედია, სათანადო სამსახურები უახლოეს მომავალში გააკეთებენ შესაბამის განცხადებას და დაბნეულ და შეშინებულ მშობლებს პრობლემის გადაჭრის სწორ გზას შესთავაზებენ.