ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მსახიობი თვეში 100 დოლარით ცხოვრობს. კილიან მერფის ქონება 460 მილიონ დოლარს შეადგენს. ის 27 ფილმში და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს, თითოეულმა მათგანმა კი 200 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

თუმცა, თუ მსახიობს ოდესმე დუბლინში შეხვდებით, მას ჩვეულებრივი ლიტერატურის მასწავლებლისგან ვერ გაარჩევთ… გაცვეთილი ტყავის ქურთუკი, წიგნებით სავსე ჩანთა და არავითარი დიზაინერული აქსესუარები.

2023 წელს, "ოპენჰაიმერის" დამაჯერებელი წარმატების შემდეგ, სტუდიებმა მას ერთ პროექტში 15 მილიონი დოლარი შესთავაზეს. მაგრამ, მერფიმ ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა და განაცხადა: "ეს ფული ჩემი ცხოვრების რიტმს შეცვლის - და მე ეს არ მჭირდება."

ეს მისი პირველი უარი არ ყოფილა. 2019 წელს ერთ-ერთმა თამბაქოს გიგანტმა სიგარეტის რეკლამაში მონაწილეობისათვის 10 მილიონი დოლარი შესთავაზა. მისი გმირი, ტომი შელბი, "ალესილი კეპების" თითოეულ ეპიზოდში ეწეოდა. მაგრამ მსახიობმა უარი თქვა, რადგან მისი მამა ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

"არ მინდა, ბავშვებმა ასეთ კონტექსტში დამინახონ," - თქვა მსახიობმა. დღეს "ოპენჰაიმერის" ვარსკვლავი, კილიან მერფი, ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ მსახიობად ითვლება, თუმცა მან წითელი ხალიჩებისა და ხმაურიანი წვეულებების გარეშე ცხოვრება შეგნებულად აირჩია.

"ფული - ეს არ არის მიზეზი, რომ საკუთარი თავი დაკარგო," - ამბობს ადამიანი, რომელსაც შეეძლო კუნძული ეყიდა, მაგრამ ძველი ველოსიპედი და წიგნები აირჩია. თანხის დიდ ნაწილს კი ქველმოქმედებას ახმარს.
კილიან მერფი ირლანდიელი მსახიობი და მუსიკოსია, რომელიც მუშაობს თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში. 2020 წელს The Irish Times-მა ის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ირლანდიელ კინომსახიობად დაასახელა.
კილიან მერფი დაიბადა 1976 წლის 25 მაისს, დუგლასში, კორკის გარეუბანში, ოჯახში, სადაც მასწავლებლობა თითქმის მემკვიდრეობითი იყო. დედამისი, მერი, ფრანგულს ასწავლიდა, მამამისი, ბრენდანი, განათლების დეპარტამენტში მუშაობდა.
მისი ბაბუა, დეიდები და ბიძები ასევე მასწავლებლები იყვნენ.

„დედაჩემი ფრანგულს ასწავლიდა, მამაჩემი - ირლანდიურს და მათემატიკას, დეიდები და ბიძები კი მასწავლებლები იყვნენ. 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ პროფესიით არასდროს დავკავდებოდი“, - იხსენებს მერფი.
კილიანმა ბავშვობა ბალინტემპლში გაატარა, სადაც თავის უმცროს ძმასთან, პედისთან და დებთან, შილთან და ორლასთან ერთად გაიზარდა. ათი წლის ასაკში შემოქმედებითი მიდრეკილებები გამოავლინა - დაიწყო სიმღერების შექმნა და საჯაროდ გამოსვლა.[
კათოლიკური პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობდა, სადაც საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ ხშირად არღვევდა წესებს. ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, ნაკლებად აინტერესებდა სპორტი, რომელსაც სკოლის სასწავლო გეგმაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა და წუხდა, რომ ხელოვნებას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა.
გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც სკოლაში ჩატარდა თეატრალური სემინარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პეტ კირნანი, ექსპერიმენტული თეატრალური დასის „კორკადორკას“ მხატვრული ხელმძღვანელი. მერფიმ მოგვიანებით ეს მოვლენა წარმოუდგენელ ემოციურ აღმავლობად გაიხსენა, ცნობიერების გაღვიძებად.
თუმცა კარიერა მაინც დაიწყო არა როგორც მსახიობმა, არამედ როგორც მომღერალმა. ახალგაზრდა მერფი როკ-ვარსკვლავის კარიერაზე ოცნებობდა. მან და მისმა ძმამ რამდენიმე მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელთაგან ყველაზე წარმატებული იყო The Sons of Mr. Green Genes, სახელი, რომელიც შთაგონებულია ფრენკ ზაპას ამავე სახელწოდების კომპოზიციით. თავად მერფის თქმით, მათი ნამუშევრები გამოირჩეოდა ექსცენტრული ტექსტებითა და გაჭიანურებული გიტარის სოლოებით.

მიუხედავად იმისა, რომ Acid Jazz Records-მა მათ ხუთალბომიანი კონტრაქტი შესთავაზა, ძმებმა უარი თქვეს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ პედი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა და ნაწილობრივ იმიტომ, რომ შეთანხმების არახელსაყრელი პირობები მერფის საკუთარ კომპოზიციებზე უფლებებს ართმევდა. მსახიობმა მოგვიანებით აღიარა, რომ საერთოდ არ ნანობდა თავის გადაწყვეტილებას, რადგან ასეთი კონტრაქტები მუსიკოსებს ხმის ჩამწერი კომპანიის „საკუთრებად“ აქცევს.
1996 წელს მერფი კორკის იურიდიულ პროგრამაზე ჩაირიცხა, თუმცა მალე გაუქრა სწავლის ინტერესი. გარდამტეხი მომენტი დადგა, როცა „მექანიკური ფორთოხალის“ დადგმას უყურა, რის შემდეგაც სერიოზულად დაინტერესდა მსახიობობით. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი უნივერსიტეტის დრამატული საზოგადოების მიერ დადგმულ სამოყვარულო დადგმაში „უყურეთ ოლსტერის შვილებს, რომლებიც სომასკენ მიემართებიან“ შედგა. მოგვიანებით მერფიმ მთავარი როლი შეასრულა მიუზიკლში „საშინელებათა პატარა მაღაზია“, რომელიც კორკის ოპერის თეატრში დაიდგა. თუმცა, როგორც თავად მსახიობმა აღიარა, იმ დროს მისი მოტივაცია მაღალი ხელოვნებისგან შორს იყო - ის უფრო სტუდენტური წვეულებებითა და გოგონებთან შეხვედრებით იყო დაინტერესებული.

2000-იანი წლების დასაწყისამდე, ძირითადად, თეატრში თამაშობა. მერე კი კინოც გამოჩნდა მის ცხოვრებაშუ. ერთ-ერთი პირველი იყო „28 დღის შემდეგ“ (2002), შავი კომედია „დაშორება“ (2003), სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი „მზის შუქი“ (2007)... კომედიურ-დრამაში „საუზმე პლუტონზე“ (2005) ირლანდიელი ტრანსგენდერი ქალის როლმა მას პირველი „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია მოუტანა, კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ - მიუზიკლი ან კომედია.
წარმატებული გამოდგა კრისტოფერ ნოლანთან თანამშრომლობა ტრილოგიაში "ბნელი რაინდი", ბოევიკი "დასაწყისი" და სამხედრო დრამა "დიუნკერკი". დიდი წარმატება მოუტანა ტიმოთი შელბის როლმა სერიალში "ალესილი კეპები". ხოლო "ოპენჰაიმერში" შესრულებულმა როლმა "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" მოუტანა.

კილიანი 2004 წელს დაქორწინდა თავის დიდი ხნის შეყვარებულზე, ივონ მაკგინესზე, რომელიც 1996 წელს, თავისი როკ-ჯგუფის კონცერტზე გაიცნო. წყვილი თავდაპირველად დუბლინში ცხოვრობდა, მაგრამ 2001 წელს ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა ივონს პრესტიჟულ სამეფო ხელოვნების კოლეჯში ესწავლა. თოთხმეტი წლის შემდეგ, 2015 წელს, ირლანდიაში დაბრუნდნენ, სადაც დასახლდნენ. მსახიობს ორი ვაჟი შეეძინა.


როგორი უბრალო და თავშეკავებულიცაა, ასეთივე ერთგული მეუღლეა და ხშირად ამბობს, რომ არ აინტერესებს ვარსკვლავური ცხოვრება. წითელ ხალიჩაზე ყველა გავლა კი მისთვის ტანჯვაა. არ უყვარს არც ტაბლოიდების ყურადღება. არ აქვს სოცქსელი და ერიდება საჯარო ცხოვრებას.
სამაგიეროდ, აქტიურად არის ჩართული ირლანდიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფოკუსირებულია სოციალური სამართლიანობისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე. 2007 წელს ის შეუერთდა Rock the Vote Ireland კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში საყოველთაო არჩევნების წინ. მან ასევე მხარი დაუჭირა Focus Ireland-ს, იცავდა უსახლკაროთა უფლებებს და ყურადღებას ამახვილებდა ამ აქტუალურ სოციალურ საკითხზე. აქტიურად მონაწილეობს ქველმოქმედებაში და მიიჩნევს, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დროის კარგვა ვარსკვლავურ ცხოვრებაზე.