"დედა გარდაცვლილი მყავს და ჩემთვის, ეს თემა მძიმეა. მჯერა, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ამისთვის დედაჩემმა იქ, სადღაც ძალიან ბევრი ილოცა... კარლომ სამთავროს მონასტერში ამიხსნა სიყვარული... " - მარიამ შარმანაშვილი - მშობლები

"დედა გარდაცვლილი მყავს და ჩემთვის, ეს თემა მძიმეა. მჯერა, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ამისთვის დედაჩემმა იქ, სადღაც ძალიან ბევრი ილოცა... კარლომ სამთავროს მონასტერში ამიხსნა სიყვარული... " - მარიამ შარმანაშვილი

2025-11-04 12:08:45+04:00

სოფი ლორენის ქართველი რძალი, მარიამ შარმანაშვილი, საკუთარი ცხოვრების, კარლო პონტის გაცნობისა და ლეგენდარულ მსახიობთან პირველი შეხვედრის შესახებ გადაცემაში "შენი ამბავი" საუბრობს:

- დედა გარდაცვლილი მყავს და ჩემთვის, ეს თემა მძიმეა. 2011 წელს, ძალიან მოულოდნელად გარდაიცვალა. 21 წლის ვიყავი, დედიკო კი - 47 წლის, ძალიან ახალგაზრდა... ამ თემაზე საუბარი ყოველთვის მიჭირს. დედიკოზე საკმაოდ დამოკიდებული ვიყავი. დარწმუნებული ვარ, ყველა დედა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, მაგრამ მე დედაზე ზედმეტად დამოკიდებული ბავშვი ვიყავი და მაგიტომ, კიდევ უფრო მეტად გამიჭირდა იმ რეალობასთან შეგუება, რა რეალობაც ჩემ წინაშე დადგა.

მჯერა, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ამისთვის დედაჩემმა იქ, სადღაც ძალიან ბევრი ილოცა. სანამ ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეუღლე გამოჩნდებოდა, პანდემიის პერიოდი იყო და პურად ცხოვრებაში რთული ეტაპი მქონდა. ხშირად გარდაცვლილ დედას არ ვესაუბრები. მახსოვს, მაშინ გამოცდის პერიოდი მქონდა, აფთიაქში ვმუშაობდი. წიგნები გვერდზე გადავდე და მაშინ მომინდა, დედასთვის მეთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ჰარმონიას მომიტანს-თქო. არ ვიცი, ამის თქმა რატომ მომინდა. ეს სიხარული იმდენად შევიგრძენი, თითქოს, მანიფესტაცია გავაკეთე. რამდენიმე დღეში კარლოს პირველი მესიჯი ვნახე... საქმე იმაშია, რომ მე არ ვიცოდი, ის ვინ იყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პირველი მესიჯის დროს მქონდა განცდა, რომ ეს მესიჯი ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა. ერთმანეთი ინსტაგრამზე გავიცანით.

როგორც გითხარით, რთული პერიოდი მქონდა. ჩემი მეგობარი, რომელიც ფოტოგრაფია, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. ძალიან ბევრჯერ მთხოვა, რომ ფოტოს გადამიღებდა. არ ვიცი, რატომ ჰქონდა აკვიატებული. ერთ დღეს სახელდახელოდ არც მაკიაჟი მქონია, არც არაფერი განსაკუთრებული, ძალიან ბუნებრივი ფოტოები გადამიღო. იმ ოთახში ფორტეპიანო იდგა. ვთხოვე, რომ ფორტეპიანოსთან გადაეღო. ფოტოები გადავიღეთ. მეორე დღეს ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა და რაღაც ჰეშთეგიც მომწერა, ამით ატვირთეო. მერე რომ დავფიქრდი, ეს ჰეშთეგი რომ არ ყოფილიყო და ეს ფოტოები რომ არ ყოფილიყო, ჩემი და კარლოს გზები, რა თქმა უნდა, ვერ გადაიკვეთებოდა. ჩემი მეგობრის დიდი დამსახურებაცაა, რომ საბოლოო ჯამში ამხელა სიყვარული მეწვია.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დამაჯერებელი ფაქტი იყო, როდესაც სამთავროს მონასტერში სიყვარული ამიხსნა. იქ დავრწმუნდი, რომ ეს ნამდვილად ის გრძნობა იყო, რასაც შემიძლია, რომ ვენდო. პირველად რომ ჩამოვიდა, რაც შემეძლო, თბილისთან ახლოს მენახვებინა, ერთ-ერთი სამთავროს მონასტერი იყო. მამა გაბრიელთან ვილოცე და ასეთი სიტყვები ვუთხარი: "თუ ეს გრძნობა მისი მხრიდან ნამდვილია და თუ ჩვენი ურთიერთობა უფლის ნებაა, დაგვლოცე და დამარწმუნე მეც, რომ ნამდვილია." მართლა კინოს სცენარია - ტაძრიდან გამოვდივართ, კარლომ გულში ჩამიხუტა და მითხრა, რომ ახლა კიდევ უფრო უკეთ ვხვდები, ჩემთვის რა მნიშვნელოვანი ადამიანი ხარო. მივხვდი, რომ ეს ნიშანი იყო და, რა თქმა უნდა, მეც უფრო მეტად ვენდე.

სოფი ლორენთან პირველი შეხვედრა ჟენევაში, ჩემს შვილთან ერთად შედგა. რა თქმა უნდა, ამაღელვებელი იყო. პირველივე შეხვედრაზე არანაირი დისტანცია არ ჰქონია. საქართველოზე მკითხა... დემეტრეს ბევრი ესაუბრა. დემეტრემ პირველივე ვიზიტის დროს მისი გული მოინადირა. ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე დემეტრეზე, ძალიან სიმპათიური ბიჭიაო.

ნახეთ გადაცემა ვრცლად: