პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე გადაცემაში "პაციენტი” საუბრობს, რა კავშირშია განათლება რეპროდუქციასთან, რატომ არის საჭირო ადრეული სქესობრივი განათლება და რისგან დაიცავს ის მომავალ თაობას:
- ჩვენ, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ამიერკავკასია, ფაქტობრივად, "სქესობრივი ინვალიდები" ვართ. სქესობრივი ფუნქციის განხორციელება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა. როგორც ფაქტობრივი, ასევე იურიდიული - დამტკიცებული გაეროს, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მას აქვს უფლება, ნორმალური სქესობრივი ცხოვრება და სქესობრივი კმაყოფილება ჰქონდეს. გასაგებია, რომ სქესობრივი ცხოვრება იმისათვისაა, რომ შთამომავლობას საწყისი მიეცეს. მაგრამ, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ სქესობრივი ცხოვრების მიზანი არის როგორც აუცილებელი პირობა სიამოვნების მიღებისა, ანუ ადამიანის ნორმალური არსებობისა.
სქესობრივი ცხოვრების შესახებ ერთი სიტყვა არ იცოდნენ. სქესობრივი ცხოვრება დაიწყეს, მაგალითად, 15 წლის ასაკში, შიშის ქვეშ, რომ ვინმემ არ გაიგოს, რომ ამის შემდეგ ორსულობა არ დადგეს, რომ არ დაემართოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები... ამ შიშს კიდევ ემატება ტკივილი, სისხლის დენა - აი, რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს 15 წლის გოგოს ამის შემდეგ? ვიღებთ იმას, რაც გვაქვს.
როდესაც ბუნება კარნახობს და სქესობრივი მომწიფება იწყება, გოგონებში უფრო ადრე, დაახლოებით, 9 წლის ასაკში, ბიჭებში 10-11 წლის ასაკიდან, ამ პერიოდში მათი განათლების დონე მზად უნდა იყოს, რომ სწორად გაიგონ, მაგალითად, გოგონას რატომ ეზრდება მკერდი, ბიჭს რატომ უჩნდება თმიანობა, რატომ გაუხშირდა ერექცია. ერექცია პატარა ბავშვებსაც აქვთ, მაგრამ მათთვის გაუგებარია. ეს უკვე სქესობრივ ინტერესთანაა დაკავშირებული. ისინი უკვე მოწინააღმდეგე სქესის მიმართ სქესობრივ ინტერესს იჩენენ. ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ჩუმად არიან, ამის თქმის ეშინიათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ნორმალურია ან არანორმალური თუკი ადრე მოხდა და ასე შემდეგ. სწორედ ამას ასწავლის თანამედროვე სექსოლოგია, რომლის გამოცდილებაც არსებობს და რომლის გადმოღება საქართველოსა და ჩვენნაირ ქვეყნებში აბსოლუტურად აუცილებელია. ეს არის გამოსავალი. მაგრამ, ეს არ უნდა მოხდეს ვულგალურად.