რა უნდა გააკეთოთ, რომ 2026 წლისთვის იღბალი, ფინანსური წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ - რჩევები ასტროლოგებისგან - მშობლები

რა უნდა გააკეთოთ, რომ 2026 წლისთვის იღბალი, ფინანსური წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ - რჩევები ასტროლოგებისგან

2025-11-05 12:04:58+04:00

ახალი წელი არის ის დრო, როდესაც გვინდა, ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ და ცხოვრება ახალი ენერგიით, შემართებითა და იმედებით გავაგრძელოთ. იმისათვის, რომ 2026 წელი ნამდვილად ბედნიერი წელი იყოს, ასტროლოგები სხვადასხვა რეკომენდაციის გათვალისწინებას გვირჩევენ.

დღეს რამდენიმე ასეთი რიტუალის შესახებ მოგიყვებით, რომელთა დახმარებითაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ფინანსურ წარმატებას, იღბალსა და კეთილდღეობას მოიზიდავთ:

შეხვდით ახალ წელს ჯიბეში მონეტით ან ქაღალდის კუპიურით

თუ გსურთ, 2026 წელს ფინანსური კეთილდღეობა გქონდეთ და წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებელია, ჯიბეში მონეტა ან ქაღალდის კუპიურა იქამდე ჩაიდოთ, ვიდრე ღამის 12 საათი შესრულდება და ახალი წელი დადგება.თუ ისეთი კაბა ან სამოსი გაცვიათ, რომელსაც ჯიბე არ აქვს, მაშინ შეეცადეთ, მონეტა ტანსაცმელზე დაიმაგროთ ან ქაღალდის კუპიურა ფეხსაცმელში მოათავსოთ. ითვლება, რომ ამ გზით მომდევნო 12 თვისთვის ფინანსურ წარმატებასა და იღბალს მოიზიდავთ.

დღესასწაულის შემდეგ ამ მონეტას ან კუპიურას ნუ დახარჯავთ, უსაფრთხო ადგილზე შეინახეთ. ის თქვენი პირადი სიუხვის თილისმა გახდება. ხოლო თუ გსურთ ეფექტის გაძლიერება, საფულეში ჩადეთ.

axali-celi-3-1762330088.jpg

გააღეთ კარი - შეხვდით წარმატებას

როგორც კი ღამის 12 საათი შესრულდება, სახლის შესასვლელი კარი 1 წუთით გააღეთ. ამ გზით წარმატებასა და ბედნიერებას მოიზიდავთ. გარდა ამისა, ითვლება, რომ გრილი ჰაერის პირველი ჩასუნთქვა თქვენს სახლში განახლების ენერგიას შემოიტანს.

ასევე, კარს დიდხანსაც ნუ დატოვებთ, რომ ძველი სიკეთეები და წარმატებები არ გაუშვათ. სიმბოლური ჟესტი საკმარისია. შეგიძლიათ, ხმამაღლაც თქვათ: "ძველი მიდის, ახალი მოდის, ბედნიერებავ, შემოდი!"

ეს რიტუალი მარტივია, მაგრამ ბევრს სჯერა, რომ ის ნამდვილად მუშაობს. მთავარია, პოზიტიური განწყობით შეასრულოთ.

მარილი - ნეგატივისგან დამცავი ფარი

ახალი წლის აღნიშვნამდე სახლი წლის განმავლობაში დაგროვილი ენერგეტიკული "მტვრისგან" უნდა გაწმინდოთ. ამის შესასრულებლად ყველაზე მარტივი მარილის რიტუალია. შემოსასვლელი კარის წინ, შიგნიდან, მარილის თხელი ზოლი გააკეთეთ და 15-30 წუთი გააჩერეთ. ლეგენდის თანახმად, მარილი ნეგატივს შთანთქავს. შემდეგ მარილი შეაგროვეთ და ცოტახნით კარის გარეთ დაყარეთ.

ითვლება, რომ ამ რიტუალის შემდეგ სახლში სითბოსა და სინათლეს შეიტანთ და ახალი ენერგიით აივსებით.

axali-celi-4-1762330107.jpg

ხელი ჩაკიდეთ თქვენს საყვარელ ადამიანს

როდესაც ღამის 12 საათი შესრულდება, არა მხოლოდ სურვილის ჩაფიქრებაა მნიშვნელოვანი, არამედ ჯობს, იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც გინდათ, ცხოვრებაში ბედნიერი იყოთ და წარმატებას მიაღწიოთ, ხელი ჩაკიდოთ და თქვენი სურვილი წარმოიდგინოთ. ეს უძველესი რიტუალია, რომელიც მტკიცე კავშირისა და ჰარმონიის სიმბოლოა.

ძველი ნივთებისაგან გათავისუფლებული გარემო და გონება

ახალ წლამდე დრო სახლის საფუძვლიანად დალაგებას დაუთმეთ. ყველა მოძველებული ნივთი, სამოსი, ატრიბუტი, რომლებსაც აღარ იყენებთ და რომლებიც წარსულის ნეგატიურ მოგინებებთან გაკავშირებთ, სახლიდან გაიტანეთ. ძველი ნივთები ძველ ენერგიას წარმოადგენს.

ახალი წლის ღამეს კი ნათელი, სადღესასწაულო სამოსი აირჩიეთ. რაც უფრო გულდასმით, სადღესასწაულოდ მოემზადებით, სამყაროს გაუგზავნით გზავნილს, რომ სიახლეებისა და სასიხარულო ცვლილებებისთვის მზად ხართ.

axali-celi-5-1762330121.jpg

მთავარი წესი - შეხვდით ახალ წელს კარგი განწყობით

ყველა რიტუალი, რაც არ უნდა კარგად ჟღერდეს, ერთი მარტივი პირობის გარეშე უსარგებლო იქნება. ის, თუ როგორი განწყობით შეხვდებით 2026 წელს, მეტწილად მთელი წლის ენერგიასა და განწყობებს განსაზღვრავს.

შეეცადეთ, ახალი წლის ღამეს პრობლემებზე არ იფიქროთ. კამათსა და ჩხუბს მოერიდეთ, ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს და ისიამოვნეთ თითოეული დეტალით, თუნდაც წვრილმანი იყოს.

შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობდეს, რომ ეს რიტუალები უბრალოდ ცრურწმენაა, მაგრამ ფსიქოლოგია ამტკიცებს, რომ როდესაც ადამიანი შეგნებულ რიტუალს ასრულებს, ის საკუთარ თავს წარმატებისთვის აპროგრამებს. ამიტომ, შეეცადეთ, დადებითი განწყობა შეიქმნათ, გამოხატოთ კეთილგანწყობა და სითბო სხვებსაც გაუზიაროთ.

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ყველაზე სასიკეთო 2026 წელი? - სრული პროგნოზი
როგორი იქნება 2026, წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი? როგორ უნდა შევხვდეთ, რა უნდა იყოს სუფრაზე და რას უქადის ჩინური ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს