ბავშვი, რომელიც საფენს გადაეჩვია, რატომ იწყებს კვლავ შარვალში ჩასველებას? - მიზეზები და სწორი რეაგირების გზები - მშობლები

ბავშვი, რომელიც საფენს გადაეჩვია, რატომ იწყებს კვლავ შარვალში ჩასველებას? - მიზეზები და სწორი რეაგირების გზები

2025-11-06 07:17:46+04:00

საფენს გადაჩვეული ბავშვი, რომელიც უკვე ტუალეტის შესახებ ატყობინებს მშობელს, შესაძლოა ისევ "საფენებში დაბრუნდეს". ანუ პატარა აღარ აფრთხილებს უფროსს და უწინდებურად ისაქმებს საცვალში. ეს მოვლენა, როგორც წესი, მშობლების მღელვარების და დაბნეულობის მიზეზი ხდება. რა შეიძლება განაპირობებდეს ასეთ რეგრესს?

თუ ამას სისტემატური ხასიათი მიეცა, განიხილეთ ეს მიზეზები:

1. შემთხვევითობა

შესაძლოა, ისე გაერთო თამაშში, რომ მოთხოვნილება ვერ იგრძნო. ან იგრძნო, მაგრამ ვერ მოწყდა მისთვის საინტერესო აქტივობას. რაღაც მომენტში კი უკვე გვიანი იყო ტუალეტისკენ გაქცევა.

ამ დროს ბავშვი გრძნობს, რომ დააშავა და მხარდაჭერას ეძებს. შარვლის დასველების შემდეგ ის ქვეცნობიერად უბრუნდება იმ დროს, როცა დედის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობდა. ამიტომ შესაძლებელია ასეთი რამ კვლავ განმეორდეს.

როგორ მოვიქცეთ?

ამის გამო ნუ გაკიცხავთ და ნუ შეარცხვენთ ბავშვს. ის უკვე საკმარისად არაკომფორტულად გრძნობს თავს და თქვენი აღშფოთება მხოლოდ გაამწვავებს მის სტრესს. დაამშვიდეთ, უთხარით, რომ ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. და მხოლოდ ამის შემდეგ აუხსენით, რომ უფრო ყურადღებით უნდა იყოს და მაშინვე ტუალეტისკენ გაიქცეს, როგორც კი იგრძნობს მოთხოვნილებას.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი უკვე გრძნობდეს, რომ დიდია, რომელსაც შეუძლია მშრალად იყოს და ბუნებრივი მოთხოვნილებები გააკონტროლოს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა მისთვის. მას არ სურს, რომ სხვებმა „ ჩაფსმული“ უწოდონ. გააფრთხილეთ ბაღის მასწავლებელი, რომ არ შეარცხვინოს ბავშვი სხვა ბავშვების წინაშე.

2. პროტესტის ნიშანი

ხშირად ხდება, რომ ჩასველების პრობლემა დაძაბულობითა და დისკომფორტითაა გამოწვეული. საბავშვო ბაღი და სხეულის კონტროლის საჭიროება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. და როცა ბავშვს უჭირს, შეეწყოს ბაღის გარემოს, დისკომფორტს სწორედ ამ გზით გამოხატავს.

შეიძლება უჭირს ჯგუფური წესების შესრულება, რეჟიმის დაცვა, აქტიურობა და ამავდროულად წესებზე დამორჩილება. შესაძლოა, მასწავლებლის კომუნიკაციის მანერაა მისთვის არაკომფორტული და თავს დაუცველად გრძნობს. ან სხვა ბავშვებთან ურთიერთობა უჭირს. რთულ სიტუაციაში აღმოჩენისას ბავშვი, როგორც წესი, თითქოს სხვებს აცნობებს, რომ ძალიან პატარაა ასეთი სირთულეებისთვის და ისევ მოვლა და მხარდაჭერა სჭირდება.

შარვლის დასველების შემდეგ ის კვლავ იმ დროის დაბრუნებას ცდილობს, როცა დედის გვერდით კომფორტულად იყო. თანაც ეს „კარგი“ გზაა მშობლის ყურადღების მისაპყრობად, რომელიც რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად სჭირდება..

როგორ მოვიქცეთ?

უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ, რა იწვევს მის დაძაბულობასა და დისკომფორტს. ესაუბრეთ მასწავლებელსაც. ეცადეთ, ძილის წინ საუბრებში გამოვლინოთ პრობლემის სათავე. თუ საჭიროა, რამდენიმე დღე ბაღისგან დაასვენეთ კიდეც.

3. ძალიან მორცხვია

ზოგჯერ მორცხვობა ხელს უშლის მას დროულად ითხოვოს საპირფარეშოში გასვლა. მაგალითად, მასწავლებელს გაჰყავს ხოლმე ბავშვები საპირფარეშოში. როცა სხვები შეიყვანა, მაშინ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა კი, როცა ეს რიტუალი დასრულდა, მოუნდა. ამიტომ ნერვიულობას იწყებს და წუხს, სწორად მიიღებენ თუ არა მის მოთხოვნას.

ბავშვმა, რომელიც ყოველთვის ემორჩილება ცხოვრების დადგენილ წესებს, შეიძლება თავი დამნაშავედ იგრძნოს, რომ დროულად არ შევიდა ტუალეტში . შესაძლოა, მასწავლებელმა მსგავს სიტუაციაში მყოფ სხვა ბავშვს შენიშვნა მისცა და არ უნდა, იმ ბავშვის ბედი გაიზიაროს, მასწავლის უკმაყოფილება გამოიწვიოს. უწყინარმა შენიშვნამაც კი პატარა ბავშვის თავში შეიძლება დრამატული სახე მიიღოს. ზოგჯერ მარტო შესვლაც ეშინიათ იმ განსხვავებულ ოთახში.

როგორ მოვიქცეთ?

უთხარით მას მასწავლებლის თანდასწრებით, რომ ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს ტუალეტით სარგებლობა და ამისთვის არ დაისჯება. აუხსენით, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს, ტუალეტში წასვლა ითხოვოს. როცა კაფეში, სუპერმარკეტში ან რესტორანში აღმოჩნდებით, ტუალეტში ყოველთვის შეიყვანეთ. ეს დაეხმარება მას შეეჩვიოს საზოგადოებრივ, უცნობ ადგილებში ტუალეტით სარგებლობას.

4. ზოგჯერ მიზეზი რთულდება

თუ ყველა ფაქტორის მოგვარების შემდეგ შარვლის დასველება გრძელდება, ესე იგი ბავშვის შფოთვა იმდენად ძლიერია, რომ ვერ უმკლავდება მას. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, რომელიც ხშირად სპეციალისტების რჩევას საჭიროებს. შესაძლოა, ბავშვი გლოვობს ბებია-ბაბუას, განიცდის შფოთვას დედმამიშვილის დაბადების, მშობლების ჩხუბის ან დაშორების გამო. გრძნობებს ასე გამოხატავს, რადგან ყველაფრის გამოსახატად მას საკმარისი ლექსიკა არ გააჩნია.

შეიძლება ბაღში განიცდის მუდმივ ზეწოლას, რომელიმე ბავშვი ავიწროვებს, გარიყულია ან აქვს კონკრეტული პრობლემა, მაგრამ მასწავლებლის მხარდაჭერის იმედი არ აქვს. ამიტომ ასე გამოტავს დაძაბულობას - იფსამს.

როგორ მოვიქცეთ?

მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს, რომელიც მას უარყოფითი გრძნობების ამოცნობაში და გამოხატვაში დაეხმარება.

თუ ბავშვი ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ მოისაქმებს შარვალში, განსაკუთრებული არაფერი ხდება: დროდადრო ასეთი „უბედური შემთხვევები“ აბსოლუტურად ყველა ბავშვს ემართება. მაგრამ თუ ეს ხშირად განმეორდება, შეიძლება ბავშვის თვითშეფასება დაეცეს. არსებობს რისკი, რომ საბავშვო ბაღში, შემდეგ კი სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობა გაუფუჭდება. ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება. თუ ხედავთ, რომ სიტუაცია უკონტროლოა, მიმართეთ ფსიქოლოგს: ის თქვენზე ბევრად სწრაფად გაიგებს ასეთი რეგრესიის მიზეზს და დაგეხმარებათ მის გადალახვაში.