"როდესაც ბავშვი 3 წლისათვის ბაღში მიდის, მას 4 მნიშვნელოვანი ფუნქცია და უნარი უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული" - სპეციალისტი საუბრობს, როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის - მშობლები

"როდესაც ბავშვი ბაღში მიდის, მას 4 მნიშვნელოვანი უნარი უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული" - სპეციალისტი საუბრობს, როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის

2025-11-07 09:41:00+04:00

ფსიქიატრი ნინო ნანეიშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის და რა უნარები უნდა ჰქონდეს მას განვითარებული:

- ბავშვი ბაღისთვის უნდა მოვამზადოთ. პირველ რიგში, 3 წლამდე ბავშვის ორგანიზმი ჩამოყალიბებული არ არის. არც იმუნიტეტია ჩამოყალიბებული, არც ნევროლოგიური სისტემა, არც ფსიქიკური სისტემა. ამიტომ, როდესაც ბავშვი 3 წლისათვის ბაღში მიდის, მას 4 მნიშვნელოვანი ფუნქცია და უნარი უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული.

პირველი დამოუკიდებლობის უნარია. დამოუკიდებლად უნდა ახერხებდეს კვებას, ჰიგიენური ნორმების დაცვას. 3 წლის ასაკის ბავშვი საპირფარეშოში დამოუკიდებლად უნდა შედიოდეს. იცვამდეს, იხდიდეს და ასე შემდეგ.

უნდა იცოდეს და შეეძლოს საკუთარი ნივთების გამოცნობა - რომელია მისი ქურთუკი, სათამაშო, ფეხსაცმელი და ასე შემდეგ.

ასევე, კოგნიტური ანუ შემეცნებითი გარკვეული უნარები უნდა ჰქონდეს განვითარებული - ბავშვი, რომელიც ბაღში მიდის, უნდა ამბობდეს, რა უნდა, რისი სურვილი, მოთხოვნილება აქვს და ელემენტარული ვერბალური კონტაქტის დამყარების საშუალება უნდა ჰქონდეს.

ყურადღების კონცენტრაცია უნდა ჰქონდეს განვითარებული, რომ მასწავლებლის ნათქვამი ზღაპარი მოისმინოს ან გარკვეულ აქტივობაში ჩაერთოს. ასევე, უნდა ჰქონდეს ცნობისმოყვარეობა, რომ ახლის მიმართ ინტერესი გაუჩნდეს. ელემენტარული ემოციური რეგულირების უნარი და ასევე, სოციალური ურთიერთობის დამყარების უნარი უნდა ჰქონდეს.