2014 წელს, ხუან კარლოს I ტახტიდან შვილის სასარგებლოდ გადადგა, სასიყვარულო ინტრიგებისა და ფინანსური მაქინაციების ფონზე. ამჟამად ის დუბაიში ცხოვრობს და ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ აქვს...
ბოლო წლებში ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ყველაზე ხშირად ხვდება სკანდალებში, თუმცა ესპანეთის მონარქიაც არ აკლებს. 2023 წლის დეკემბერში დედოფალი ლეტიცია მოექცა ყურადღების ცენტრში მას მერე, რაც ტაბლოიდებმა ის ქმრის, ფილიპე VI-ის, მოქმედი მეფის ღალატში დაადანაშაულეს. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა სწრაფად უარყვეს ყველა ბრალდება, თუმცა ხალხში მაინც საუბრობენ, რომ ლეტიციამ ნამდვილად უღალატა ქმარს.
ხუან კარლოს I-მა ტახტი 2014 წელს თავისი ვაჟის, ფილიპე VI-ის სასარგებლოდ დატოვა. ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ყოფილმა მეფემ მემუარები გამოაქვეყნა, რომელშიც პირადი ცხოვრების მრავალი დეტალი გაამხილა. მათ შორის, მან 1956 წელს უმცროსი ძმის გარდაცვალების ამბავი გაიხსენა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ 14 წლის ინფანტე ალფონსო პორტუგალიაში იარაღის უყურადღებო გამოყენების შედეგად გარდაიცვალა.

თავის წიგნში ხუან კარლოს I გულახდილად იხსენებს იმ საბედისწერო დღეს მომხდარ მოვლენებს. ის იმ დროს 18 წლის იყო: მან და მისმა ძმამ სახლში პისტოლეტი იპოვეს და თამაში დაიწყეს. „წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ტყვია კიდევ იყო დარჩენილი“, - წერს ხუან კარლოს I. საბოლოოდ, ყრუ ხმა გაისმა და ტყვია 14 წლის ალფონსოს თავში მოხვდა. ის რამდენიმე წუთში მამის მკლავებში გარდაიცვალა. როგორც თავად ყოფილი მეფე ხაზს უსვამს, ის ძმას არ უმიზნებდა - ტყვია რიკოშეტით გავარდა და ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა.
იმ დროს სასამართლო გამოძიება არ ჩატარებულა, თუმცა ერთ-ერთმა მოახლემ თქვა, რომ ხუან კარლოს I-მა განზრახ დაუმიზნა ძმას, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ პისტოლეტი ცარიელი იყო. ყოფილმა მეფემ აღნიშნა, რომ თითქმის 70 წლის განმავლობაში არ სურდა ამ ტრაგედიაზე საუბარი, მაგრამ ახლა გადაწყვიტა ხმამაღლა ისაუბროს, რადგან სურს გააუმჯობესოს ურთიერთობა ოჯახთან, მათ შორის შვილთან, ფილიპე VI-სთან. ფილიპე VI რამდენიმე წელია მამასთან არ საუბრობს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველი, ხუან კარლოს I-მა მნიშვნელოვნად შელახა მონარქიის რეპუტაცია, რადგან არაერთხელ დაადანაშაულეს გადასახადებისგან თავის არიდებასა და ფულის მითვისებაში. ასევე - სასიყვარულო ინტრიგებში.
მეორეც, ხუან კარლოს I-ს არასდროს მოსწონდა თავისი რძალი, ლეტიცია, და ღიად უწოდებდა მას „მსახურს“, რადგან ის არისტოკრატული წარმომავლობის არ არის.
როდესაც ფილიპე VI-მ ოჯახს პირველად წარუდგინა ჟურნალისტი რჩეული, მამამისმა მკაცრად გააპროტესტა ეს კავშირი, რაც საბოლოოდ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მონარქიის გახლეჩვის საფრთხე შეუქმნა. ფილიპე VI დაემუქრა მამს, რომ თუ დაქორწინების ნებართვას არ მიიღებდა, ტახტზე უარს იტყოდა, მამამისმა საბოლოოდ დათმო.

2024 წელს ფილიპე VI-მ მეფობის 10 წლის იუბილე აღნიშნა: ზეიმი განსაკუთრებული პომპეზურობით გაიმართა მთელ ქვეყანაში, მაგრამ ხუან კარლოს I-ს მოწვევა არ მიუღია. ის დუბაიში სრულ სიმარტოვეში ცხოვრობს და ოჯახის წევრებთან შერიგების იმედი აქვს.
