2025 წლის "მის სამყაროს" ორგანიზატორები სკანდალში გაეხვნენ. კონკურსი ტაილანდში ტარდება. ორგანიზატორმა ნავატ იცარაგრისილმა მექსიკის წარმომადგენელს, ფატიმა ბოშს "სულელი" უწოდა იმის გამო, რომ დასპონსორებულ ფოტოსესიაში მონაწილეობა არ მიიღო. ამის შესახებ MS News წერს.
მოსამზადებელი ღონისძიებების დროს, კონკურსის პროდიუსერმა, "მის გრანდ ინტერნეშენალის" პრეზიდენტმა და "მის სამყარო ტაილანდის" ეროვნულმა დირექტორმა, ნავატ იცარაგრისილმა, მექსიკელი კონკურსანტი ფატიმა ბოში საჯაროდ გაკიცხა. ფატიმა დასპონსორებულ ფოტოსესიაში მონაწილეობას არ იღებდა. როდესაც კონკურსის პროდიუსერმა მიზეზი იკითხა, გოგონამ თქვა, რომ მექსიკაში, ეროვნულ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმების თანახმად, ნებისმიერ ასეთ ფოტოსეიაში მონაწილეობის მისაღებად, მას ოფიციალური დასტური სჭირდებოდა. ამაზე კონკურსის ორგანიზატორი გაბრაზდა და მექსიკელ მონაწილეს დაუყვირა: "სულელი ხარ! გაჩუმდი!" შემდეგ მან დაცვის სამსახურს დაურეკა, რომ ფატიმა გაეყვანათ და გოგონას საიმიგრაციო პოლიციის გამოძახებითაც დაემუქრა.
მან სხვა კონკურსანტებსაც უთხრა: "ვისაც არ სურს კონკურსში მონაწილეობა, ადექით და წადით!" რამდენიმე გოგონამ, მათ შორის დანიის წარმომადგენელმა, "მის სამყარო 2024"-ის გამარჯვებულმა, ვიქტორია კიერ ტეილვიგმა, ფატიმას მხარდასაჭერად დარბაზი დატოვა.
ინციდენტის შემდეგ ფატიმამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისთვის ასეთი ქმედება მიუღებელია.
"უბრალოდ, მინდა ჩემს ქვეყანას ვუთხრა, რომ არ მეშინია ჩემი აზრის გამოთქმის. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და მე არ ვარ თოჯინა, რომელსაც შეიძლება, ტანსაცმელი ჩააცვა. აქ იმისთვის მოვედი, რომ ყველა ქალისა და გოგონას ხმა ვიყო." - თქვა გოგონამ.
შეურაცხმყოფის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

როდესაც ეს ამბავი საერთაშორისო მედიაში გავრცელდა, ორგანიზაციამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პრეზიდენტმა რაულ როჩა კანტუმ ნავატ იცარაგრისილი მკაცრად დაგმო: "როგორც მასპინძელ ორგანიზაციას, იცარაგრისილს აკისრია პასუხისმგებლობა, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს "მის სამყაროს" კონკურსანტებს. ნავატ, შენ ეს უნდა შეწყვიტო."
მოგვიანებით, თავად ნავატმა პრესასთან ინტერვიუში განმარტა, რომ გაღიზიანდა და მსგავსი სიტყვები იმიტომ თქვა: "ფული ჩავდე და ყველაფერი ვცადე, რომ ღონისძიება სამართლიანი ყოფილიყო, მაგრამ ამის კონტროლი რთულია. ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს დისკომფორტი შევუქმენი."
კანტუმ ასევე პირობა დადო, რომ ინციდენტის საპასუხოდ "კორპორატიულ და სამართლებრივ ქმედებებს" მიმართავდა.
"მის სამყარო" ყოველწლიურად ტარდება და ბევრი გოგონასთვის ეს ძალიან პრესტიჟული კონკურსია. 2025 წელს "მის სამყაროს" გვირგვინისთვის მთელი მსოფლიოდან 134 ახალგაზრდა ქალი იბრძოლებს. ფინალი 21 ნოემბერს გაიმართება.