გენეტიკოსი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე გადაცემაში "ახალი დღე" გენეტიკური დაავადებების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რამდენად შეიძლება გარემო ფაქტორებმა გენეტიკური ხაზები შეცვალოს:
- ადამიანი თავის გენეტიკურ ინფორმაციას ორივე მშობლისგან - დედისგანაც და მამისგანაც თანაბრად იღებს. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ არის კიდევ განსაკუთრებული ტიპის დნმ, რასაც მიტოქონდრიულ დნმ-ს ვეძახით და ყველა ადამიანი მიტოქონდრიულ დნმ-ს დედისგან იღებს. ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა ადამიანს ცოტა მეტი გენეტიკური ინფორმაცია დედისგან აქვს მიღებული.
- არსებობს ე.წ. მუტაციები და თუ ადამიანს პათოგენური ცვლილება აქვს, რომელიც მასთან მონოგენურ, გენეტიკურ დაავადებას იწვევს, ამ კოდის გამოსწორება დღეს შეუძლებელია. მედიცინას ამის გამოსწორების საშუალება არ აქვს. თუმცა, ტექნოლოგიები წინ მიდის და კვლევები ამაზეცაა. მაგრამ, ჩვენს ორგანიზმში სხვაგვარი გარკვეული ვარიაციებიცაა, რომელიც ადამიანს წინასწარგანწყობას უწევს. მაგალითად, დიაბეტისადმი, ფსორიაზისადმი, თრომბოზისადმი წინასწარი განწყობა არსებობს. წინასწარი განწყობა ნიშნავს, რომ ჩვენში გარკვეული გენეტიკური ვარიაციებია, რომლებიც უფრო მეტად მიდრეკილს ხდის ადამიანს, რომ დაავადება განუვითარდეს და აქვე გარემო ფაქტორებია. გარემო და გენეტიკური ფაქტორების ერთობლიობით ადამიანს შესაძლოა, რისკი მოემატოს და განუვითარდეს ან პირიქით, გარემოს მოდიფიკაციის შედეგად, სწორი კვებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით ეს რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ და ადამიანმა დაავადების პრევენცია მოახერხოს.