"წელში გასწორდი", სწორად დაჯექი"... ამ შენიშვნებს აზრი არა აქვს, ბავშვი სპეციალურად კი არ იხრება... თუ მისი პოზა არ მოგწონთ, ესე იგი პრობლემა აქვს და შენიშვნა კი არა, დახმარება სჭირდება" - მშობლები

"წელში გასწორდი", "სწორად დაჯექი"... - ამ შენიშვნებს აზრი არ აქვს, ბავშვი სპეციალურად კი არ იხრება, რაღაც უშლის ხელს ტანის სწორად დაჭერაში და შენიშვნა კი არა, დახმარება სჭირდება"

2025-11-10 12:01:53+04:00

„გაიმართე წელში!“, „ნუ იხრები!“, „სწორად დაჯექი!“ — ეს ფრაზები თითქმის ყველა მშობელს უთქვამს. მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროთ, შედეგი, როგორც წესი, საპირისპიროა: - ბავშვი მაინც აგრძელებს ზურგში მოხრას. რატომ ხდება ასე?

მშობლების უმეტესობა შვილებს ხშირად იმ სიტყვებით აძლევს შენიშვნებს, რომლებითაც თავადაც აღიზარდნენ, თუმცა ბევრ მათგანს ზიანი უფრო მოაქვს ვიდრე რეალური სარგებელი. რატომ არ "მუშაობენ" ეს მითითებები და როგორ უნდა ვიზრუნოთ ბავშვების აღნაგობაზე.

1. „გაიმართე!“

ეს ყველაზე გავრცელებული, მაგრამ პრაქტიკულად უსარგებლო ფრაზაა. ბავშვი სპეციალურად და ჯიბრზე არ იხრება. არც იმიტომ, რომ ასე „მოსწონს“. უმეტეს შემთხვევაში, მას ფიზიკურად უჭირს სწორად ჯდომა — შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს კუნთების დაჭიმულობით, წინა ტრავმებით ან ემოციური სტრესით. მუდმივი შენიშვნები კი მხოლოდ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას და შეიძლება ოჯახში ფსიქოლოგიური დისკომფორტიც კი გამოიწვიოს.

როგორ ჯობია: ჯერ უნდა გავიგოთ, რა უშლის ხელს ბავშვს ზურგის გამართულად დაჭერაში. ეს შეიძლება იყოს კუნთების სისუსტე, არასწორი სამუშაო პოზა, ან ფსიქოლოგიური დაძაბულობა. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიში, სამკურნალო გამაჯანსაღებელი მასაჟები და საჭიროების შემთხვევაში — სპეციალისტის კონსულტაცია. ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილის სწორად მოწყობა: მაგიდა და სკამი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლეს, რათა სხეულს ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდებოდეს. ტელეფონი ან ტაბლეტი სასურველია დაიჭიროს თვალის სიმაღლეზე, რომ კისერი არ დაიღალოს.

თუ მოზარდი ზრდის პერიოდში თავს უხერხულად გრძნობს — მაგალითად, სხეულის ცვლილებების გამო, გოგონებს გაზრდილი მკერდის გამო — შესაძლოა ზურგის მოხრა ფსიქოლოგიური თავდაცვის ფორმად იქცეს. ასეთ დროს ხშირად ეხმარება ფსიქოლოგის რჩევა.

2. „სკამს მიეყუდე“

მშობლები ხშირად მოითხოვენ, რომ ბავშვი მჭიდროდ მიეყრდნოს სკამის ზურგს, თითქოს ეს ეხმარება სწორ პოზაში. სინამდვილეში ეს ყოველთვის არ არის სწორი.

როგორ ჯობია:თუ სკამი ბავშვისთვის ძალიან ღრმაა, საზურგეზე მიყრდნობა პირიქით ამრგვალებს ზურგს და ასწორებს მუხლებს. ასეთ ჯდომას ბავშვს ურჩევნია, კიდეზე იჯდეს, უფრო კომფორტულადაა. მთავარია, სკამი შეესაბამებოდეს მისი სხეულის ზომას — ჯდომის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს ბარძაყის სიგრძეს. საუკეთესო ვარიანტია სპეციალური სკამი, რომელიც წელის არეში ბუნებრივ მოხრას უწყობს ხელს და ამავდროულად, არ აძალებს სხეულს ერთ პოზაში ყოფნას. დრო და დრო ადგომა და მსუბუქი მოძრაობა ყოველთვის სასარგებლოა.

3. „ნუ ირწევი სკამზე!

“ბავშვი რომ ირწევა სკამზე, ეს არ ნიშნავს დაუდევრობას, არც სპეციალურად აკეთებს — ეს უბრალოდ სხეულის ბუნებრივი რეაქციაა დაძაბულობის მოსახსნელად. ასე ბავშვი განტვირთავს ზურგის და ფეხების კუნთებს.

როგორ ჯობია:შეიძლება აირჩიოთ სკამი ან სავარძელი, რომელსაც რწევის მექანიზმი აქვს — ის საშუალებას აძლევს ბავშვს ბუნებრივად იმოძრაოს და შეინარჩუნოს ტონუსი. მსგავსი სკამი ასევე სასარგებლოა უფროსებისთვის, რომლებიც დიდხანს სხედან კომპიუტერთან.

4. „ნუ აზიხარ ფეხს!“

ბავშვები ხშირად აჩვევენ ფეხის ქვეშ მოყოლებას და ასე სხედან. ამას ფეხმორთხმით ჯდომასაც ვეძახით. მშობლები ამას აპროტესტებენ, მაგრამ ზოგჯერ სწორედ ამით ცდილობს ბავშვი სხეულის ბალანსის აღდგენას.

როგორ ჯობია: თუ ბავშვი ხშირად ჯდება ასე, ეს შეიძლება მიუთითებდეს ტანადობის მცირე ასიმეტრიაზე. ასეთ პოზაში სხეული ცდილობს თავად „გაასწოროს“ დისბალანსი. ამიტომ ნუ ეჩხუბებით — ჯობს გაირკვეს, რა იწვევს ამ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, მიმართოთ სპეციალისტს. თუმცა, თუ ასეთი ჩვევა გამუდმებით გაგრძელდება, შეიძლება გამოიწვიოს სკოლიოზი ან ტანის არათანაბარი განვითარება, ამიტომ პრობლემა უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.

ბავშვს სწორი პოზის შესანარჩუნებლად არ სჭირდება უწყვეტი შენიშვნები — სჭირდება მხარდაჭერა, ფიზიკური კომფორტი და უსაფრთხო გარემო, სადაც სხეული და ემოციები ჰარმონიაში არიან. შესაფერისი ავეჯი, ზომიერი მოძრაობა, დადებითი დამოკიდებულება და მოთმინება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უხეშად დაყვირებული „გასწორდი!“.