"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ" კანონში 1-ელი ნოემბრიდან შესული ცვლილებები კვლავ ვნებათაღელვის თემაა. სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ცვლილებების მიხედვით, მასწავლებლებს, რომლებიც საჯარო სკოლებში არიან დასაქმებული, სკოლის დირექტორის თანხმობის გარეშე, დამატებით ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება არ შეეძლებათ. მათ შორის, სკოლის გარეთ მოსწავლეების მომზადება შეეზღუდებათ.
განათლების სამინისტროში რეპეტიტორებთან დაკავშირებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებენ და განმარტებას აკეთებენ.
კერძოდ, განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია, მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომ მასწავლებელს, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული, არ შეუძლია, მოსწავლეები კერძოდ საცხოვრებელ სახლში მოამზადოს. სამინისტროში ამბობენ, რომ "რეპეტიტორის" ცნება არ არსებობს და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. აქვე, განათლების სამინისტროში განმარტავენ იმასაც, რომ თუ მასწავლებელს, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული, სურს, სხვა ანაზღაურებად სამსახურში დასაქმდეს და ეს სამსახური იურიდიულად რეგისტრირებულია, მასზე ცვლილებები ვრცელდება და სკოლის დირექტორის ნებართვა დასჭირდება, რომ სხვა იურიდიულად რეგისტრირებულ სამსახურში დაიწყოს მუშაობა.
"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის შედეგად განისაზღვრა გარკვეული ტიპის სფეროები, სადაც დაშვებულია დამატებითი საქმიანობა. მათ შორის, ასეთად განათლების სფეროში სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა განისაზღვრა. შესაბამისად, დამსაქმებლის თანხმობით, პედაგოგებსა და აკადემიური წრეების, ასევე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დამატებით სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ.
ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება მასწავლებლებთან და ე.წ. კერძო რეპეტიტორებთან დაკავშირებით. გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს საგანმანათლებლო კანონმდებლობის მიხედვით, "რეპეტიტორის" დეფინიცია არ არსებობს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გარკვეული ტიპის შეთავსებებზე ან თანხმობებზე ვისაუბროთ, რადგან ასეთი ტიპის განმარტება კანონმდებლობაში არ არსებობს.
ამ ეტაპისთვის, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კერძო რეპეტიტორებსა და მშობლებს შორის ურთიერთობები სცილდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს. ამიტომ, ის ყველა შემთხვევაში როგორც პედაგოგიური საქმიანობად ვერ იქნება განმარტებული და მასზე ვერ გავრცელდება ამ მიმართულების შეზღუდვები.
დამატებით გვინდა განვმარტოთ, მაგალითად, არსებობს ტრენინგ ცენტრები, რომლებიც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებენ ან უცხო ენის კურსები. ის თუ რეგისტრირებულია და მათ შორის, წერილობითი მომსახურების ხელშეკრულება ან თუნდაც შრომითი ხელშეკრულება არსებობს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კანონის მოთხოვნები ვრცელდება და დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი ფორმით თანხმობის გაცემა აუცილებელია." - ამბობს ზვიად გაბისონია.