თორნიკე გოგრიჭიანი „მეჩბოქსის“ თემატიკაზე შექმნილ ახალ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში მიიღებს მონაწილეობას - მშობლები

თორნიკე გოგრიჭიანი „მეჩბოქსის“ თემატიკაზე შექმნილ ახალ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში მიიღებს მონაწილეობას

2025-11-11 17:06:35+04:00

თორნიკე გოგრიჭიანის ჰოლივუდური თავგადასავალი გრძელდება - ამჯერად მსახიობი მონაწილეობას მიიღებს Apple Original Films-ისა და Mattel-ის ახალ ბლოკბასტერში, რომელიც საკულტო სათამაშოების სერიის, Matchbox-ის თემატიკაზეა.

ქართველი მსახიობი ფილმში ითამაშებს ჯონ სენასა და ჯესიკა ბილისთან ერთად, რომლებიც მთავარ როლებს ასრულებენ. ბლოკბასტერში ასევე მონაწილეობს The Walking Dead-ის ვარსკვლავი დანაი გურირაც. ფილმის რეჟისორია სემ ჰარგრეივი, რომლის ავტორობითაც 2023 წელს Extraction 2 გამოვიდა კინოეკრანებზე. ინფორმაციასკინომიღმა - MovieVerseავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე გოგრიჭიანი Extraction 2-ში კრის ჰემსვორთთან, სემ ჰარგრეივთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობდა.

თორნიკე გოგრიჭიანი/Extraction 2

Apple Original Films-ისა და Mattel-ის ბლოკბასტერის პრემიერა, სავარაუდოდ, 2026 წელს შედგება.

„მეჩბოქსის“ შესახებ: ეს ლეგენდარული ბრენდი 1953 წელს შეიქმნა. თავდაპირველად ის Lesney Products-ს ეკუთვნოდა, 1997 წლიდან კი კრიზისის ფონზე უკვე სათამაშოების გიგანტის Mattel-ის მფლობელობაში გადავიდა.

სახელწოდება - Matchbox მოდის სათამაშო მანქანების შეფუთვიდან, რომელიც ასანთის კოლოფს ჰგავდა.

„მეჩბოქსის“ სერიები, თავისი ავთენტურობის, რეალისტურობისა და მრავალფეროვანი არჩევანის გამო სწრაფად იქცა ათასობით ბავშვის საოცნებო და საყვარელ სათამაშოდ. კოლექციებს აგროვებდნენ უფროსებიც.

დღეს, „მეჩბოქსის“ ავტომობილების ვინტაჟური მოდელები საკოლექციოდ ითვლება და ხშირად სახლების, კომერციული თუ სხვა დაწესებულებების ვიტრინებშიც მოკრავთ თვალს, როგორც ღირებულ ნივთს.

Mattel-ის მფლობელობაში „მეჩბოქსი“ გლობალურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენელია მაღაზიათა ქსელი „პეპელა“, სადაც ბავშვებისა თუ კოლექციონერების და უბრალოდ, ენთუზიასტებისთვის, ხელმისაწვდომია როგორც ბრენდის ცალკეული ავტომობილები, ასევე სერიები, ვინტაჟური და ახალი მოდელები, აქსესუარები და სხვა.

NS