როგორ უნდა შევარჩიოთ ხორცი სწორად და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას - სპეციალისტი საუბრობს - მშობლები

როგორ უნდა გაიგოთ ყიდვისას, ხორცი იმპორტირებულია თუ ადგილობრივ ფერმაში გაზრდილი - სპეციალისტი საუბრობს

2025-11-12 10:21:35+04:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი, თეა ჩალიგავა, გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, როგორ უნდა შევარჩიოთ ხორცი სწორად და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას:

- სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ არაორგანიზებული ვაჭრობის ობიექტებში სურსათის შეძენისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. განსაკუთრებით მალფუჭებად, მაღალი რისკის სურსათს ვგულისხმობ, როგორიცაა, ხორცი და ხორცპროდუქტები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია ორგანიზებულ ბიზნესოპერატორების პროფილებზე ვრცელდება. რა თქმა უნდა, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში ვცდილობთ, შევამოწმოთ და უზრუნველვყოთ უვნებელი სურსათის განთავსება. ამაში მოსახლეობას ძალიან დიდი როლი აქვს. მოგეხსენებათ, ყველა ადგილას, ყველა მომენტში, ყველა ბიზნესოპერატორთან ფიზიკურად ვერ ვიქნებით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კანონმდებლობით, ბიზნესოპერატორი უვნებელი სურსათის განთავსებაზეა პასუხისმგებელი. მაგრამ, მომხმარებელსაც აქვს პასუხისმგებლობა.

პირველ რიგში, როდესაც ხორცის შეძენას გადაწყვეტთ, მოსახლეობას ვთხოვ, რომ შემდეგ ნიშნებს ყურადღება მიაქციოს: ხორცი სუფთა, დახურულ მაცივარში უნდა იყოს განთავსებული. დაცული უნდა იყოს ჰიგიენური პირობები. ასევე, ტემპერატურული რეჟიმები გათვალისწინებული უნდა იყოს. ახალი ხორცისთვის ეს 2-დან 6 გრადუსამდე, გაყინული ხორცის შემთხვევაში, -18 გრადუსია. ეტიკეტი აუცილებლად მოითხოვეთ. ეტიკეტი არის თანდართული დოკუმენტი, რომელზეც სარეალიზაციო დახლზე განთავსებული ხორცის შესახებაა ინფორმაცია. კერძოდ, რომელ ქვეყანაშია დაკლული, იმპორტირებულია თუ არა ხორცი, როდის დამზადდა და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ხორცს შევიძენთ, ამ ხორცით მთელი ქალაქი არ მოვიაროთ. დილით რომ ვიყიდით, საღამოს არ უნდა მივიტანოთ სახლში. თუ თერმოჩანთით დადიხართ, ჰიგიენური პირობები დაცულია, გაქვთ იმის უზრუნველყოფის საშუალება, რომ ტემპერატურა დაიცვათ, მაშინ პრობლემას არ წარმოადგენს.

დაუშვებელია, სურსათი, რომელიც საყინულეში შევდეთ, გავალღოთ და შემდეგ ისევ გავყინოთ. თუ ახალი ხორცი შევიძინეთ, დიდი ულუფაა და ერთი კერძისთვის არ გვინდა, ამდენის გამოყენება, დიასახლისს შეუძლია, დაანაწილოს და მაშინვე გაყინოს.

ხორცი სამაცივრე პირობებში, 4 გრადუსზე უნდა გალღვეს. თუ ხორცი შეფუთულ მდგომარეობაში იქნება, გამდინარე წყლის ქვეშ შეიძლება. უშუალოდ, მომზადების წინ, მიკროტალღურ ღუმელშიც შეიძლება, გალღვეს.