"პანიკამ გააკეთა ის, რომ დეფიციტში გვაქვს პრეპარატი, რომელიც მუნის სამკურნალოდ ოქროს სტანდარტია... მუნი კანით კანთან მჭიდრო კონტაქტით გადადის. ასევე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა..." - სპეციალისტი მუნის შემთხვევების შესახებ საუბრობს - მშობლები

"ტანსაცმელი, რომელიც არ იხარშება, დეზინფექციის მიზნით, ჩააწყვეთ ცელოფანში და გაყინეთ" - უსაფრთხოების ზომები მუნთან კონტაქტისას და რისკები, რომელიც სამკურნალო პრეპარატის თვითნებურად გამოყენებას ახლავს

2025-11-12 12:11:10+04:00

დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი გადაცემაში "დღის პოსტი" ე.წ. მუნით ინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. ასევე, სპეციალისტი ასახელებს იმ პრაქტიკულ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია, ტანსაცმლიდან და სხვადასხვა ნივთიდან მუნის გამომწვევი ტკიპა მოვაშოროთ:

- პანიკამ გააკეთა ის, რომ დეფიციტში გვაქვს პრეპარატი, რომელიც (მუნის სამკურნალოდ) ოქროს სტანდარტია და სხვა მკურნალობას მივმართავთ, რომელიც შედარებით დამაზიანებელია. თუ ის ცოცხალ ორგანიზმს, ტკიპას კლავს, მეც ცოცხალი ორგანიზმი ვარ, მეც კანი მაქვს ცოცხალი, მეც მაქვს გარკვეული რისკი, რომ კანი დამიზიანდეს. ამიტომ, დოზას გააჩნია. დაპანიკებული ადამიანი თუ ბევრს წაისვამს, შეიძლება კონტაქტური დერმატიტი მივიღოთ. განსაკუთრებით, ბავშვებში. შეიძლება, ბავშვს ატოპიური დერმატიტი, მგრძნობიარე კანი, ალერგია ჰქონდეს და ქავილს ეს იწვევდეს და არა მუნი. მშობელს შეიძლება, დაცვა უნდოდეს, წაისვას და ამ დროს ირიტაციული დერმატიტი განვითარდეს.

თუ მუნით ინფიცირებულები ვართ, წავისვათ წამალი და კონტაქტში მყოფი პირები გავაფრთხილოთ. ეს საზოგადოებასთან ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა. თუ სკოლის მოსწავლეს მუნი დაუდგინდა, მშობელი ვალდებულია, პედაგოგი გააფრთხილოს. კონტაქტში მყოფი პირები თანადროულად იტარებენ არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ გარკვეულწილად კანის დამუშავებას, ინკუბაციურ პერიოდში რომ არ ვიყოთ. დეზინფექცია აუცილებელი პირობაა.

მიკროსკოპული ტკიპა მომენტალურად კვდება 100 გრადუს ტემპერატურაზე. ყველა ნივთი, რაც იხარშება, მაგალითად, პირადი თეთრეული, საწოლის თეთრეული, გადმოვხარშოთ. ასევე, სარეცხის მანქანებს 90-95 გრადუსი აქვს. თუ ტკიპა 100 გრადუსზე მომენტალურად კვდება, ამ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში თუ თეთრეული იქ ჩერდება, ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დეზინფექცია მოხდეს.

ქსოვილებზე, რბილ სათამაშოებზე შეიძლება, დიდხანს გაჩერდეს ტკიპა. ასევე, თუ ადამიანი მძღოლია, საჭეზეც შეიძლება, იყოს. სკამით არ გადავა იმიტომ, რომ ჩვენ ტანსაცმლით ვსხდებით და მუნით ინფიცირებულიც ტანსაცმლით იჯდა. თეორიული პროცენტია იმისა, რომ ტანსაცმლით ავიკიდოთ, შემდეგ ის ტანსაცმელი კანზე მოგვხვდეს. კანით კანთან მჭიდრო კონტაქტით გადადის. ასევე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.

როგორც ვთქვით, დეზინფექციის ერთი საშუალება გადმოხარშვაა. ვთქვათ, ტანსაცმელი არ იხარშება, ვიცით, რომ 24 საათის განმავლობაში მინუს გრადუსზე ტკიპა კვდება. რაც არ იხარშება, მაგალითად, ქურთუკები, ტყავი, შარფები, შალის ქსოვილები, გავრეცხოთ, გავაშროთ, ჩავდოთ ერთჯერად ცელოფანში და 24 საათის განმავლობაში გავყინოთ.

დუღილის ტემპერატურა და ორთქლად ქცევის ტემპერატურა, ორივე 100 გრადუსია. ანუ, თუ რბილ სათამაშოებს 10 წუთის განმავლობაში ორთქლზე დავაყენებთ, დეზინფექციას მივიღებთ.

ასევე, შეგვიძლია, გარეცხილი და გამშრალი სინთეზური ტანსაცმელი დავაფინოთ, სველი ტილო, რომელიც არ იწვის, ის ზედ დავადოთ და უთოთი დავაშროთ.

ამ მარტივი მეთოდების დახმარებით, ჩემს პაციენტებთან რეინფექციის შემთხვევა არ მქონია.

ნახეთ გადაცემა ვრცლად: