თანამედროვე მოზარდები ძალიან განსხვავდებიან წინა თაობების თანატოლებისგან. ისინი იზრდებიან სმარტფონებით ხელში, კარგად ერკვევიან ინტერნეტში და ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე. ინტელექტუალური და ემოციური თვალსაზრისით ისინი უფრო რთული და მრავალფეროვანი არიან. უფრო სწრაფად ვითარდებიან და ბევრად უფრო ადრე აწყდებიან ფსიქიკურ გამოწვევებს, რომლებიც გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ჩვეულებრივი „თინეიჯერული დრამა".
და ამ ყველაფრის ფონზე ხშირად ისე ვექცევით მათ, თითქოს უკვე სრულფასოვანი ზრდასრულები იყვნენ. მაგრამ, მიუხედავად მათი „სუპერ შესაძლებლობებისა“, ისინი ჯერ კიდევ ბავშვები არიან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოლოდინების გაწონასწორება — ზედმეტი მოთხოვნები და წნეხი ცუდია როგორც მშობლისთვის, ისე თავად მოზარდისთვის.
ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული შეცდომები, ანუ რას არ უნდა ელოდოთ და რისი იმედი არ უნდა გქონდეთ მოზარდისგან:
თქვენ მასზე უდიდეს გავლენას ახდენთ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ის სხვა ადამიანია — თავისი სამყაროთი, ინტერესებითა და გავლენებით. თანატოლები, მეგობრები და სოციალური ქსელები მის ყოფაზე ხშირად გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ, ვიდრე მშობელი. ის სხვა გარემოსა და ეპოქის შვილია, ვიდრე თქვენ იყავით.
როდესაც თხოვთ გარკვეულ საქმეს — თუნდაც მარტივს, მაგალითად ოთახის დალაგებას — ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს სწორად. ისევე როგორც ოდესღაც ასწავლიდით წიგნის კითხვას ან წერას, ახლა მას ისევ სჭირდება გარკვეული მიმართულება. მოზარდის სიმაღლე ან გარეგნული „ზრდასრულობა“ არ ნიშნავს, რომ მას ზრდასრულის ცოდნა და უნარები აქვს.
მოზარდები ხშირად საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას იმას, რაც მათ არ აინტერესებს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უყვარხართ — უბრალოდ ნაკლებად ადარდებს თქვენი ლექცია ჭურჭლის მანქანის სწორ ჩატვირთვაზე. სკოლაში იცის, რომ უნდა იყოს კონცენტრირებული, მაგრამ თავისუფალ დროს მისი ტვინი „ითიშება“ — და ის მზადაა მხოლოდ იმისთვის, რაც ტავად აინტერესებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დროებითი ეტაპია და გადაივლის.
ნუ შეადარებთ საკუთარ, რეალურ ბავშვს სხვის იდეალიზებულ შვილებს — სინამდვილეში მათ შესახებ არაფერს იცით.
მოზარდები ბუნებრივად უფრო ეგოცენტრულები არიან. გაიხსენეთ საკუთარი თავი ამ ასაკში — მადლობას უხდიდით მშობელს ყველაფრისთვის? ალბათ არა. მაშინ ვერც კი აცნობიერებდით, რამდენი სირთულეა ბავშვების გაზრდაში.
თითქოს გუშინ იყო, როცა სკოლიდან დაბრუნებული მოუთმენლად გიყვებოდათ ყველაფერს. მაგრამ ასაკთან ერთად ეს უფრო ნაკლებად ხდება, ხოლო მოზარდობაში თითქმის სრულად წყდება. ეს ნორმალურია — მათ აღარ სურთ, რომ მშობელი მათი ყოველდღიური ცხოვრების ყველა დეტალს იცნობდეს.
მშობლების ორი ხშირი შეცდომაა: • ზედმეტად ადრე ან ზედმეტად გვიან „თავისუფლების მიცემა, როცა უკვე ზრდასრულის ყველა ნაბიჯს აკონტროლებთ. ორივე შეცდომაა - ურთიერთობას აზიანებს და ადრეულ ასაკში პასუხისმგებლობის ფორმირებას უშლის ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად გაიზარდა, ხმაც დაუბოხდა და მანერებიც ასწავლეთ, შინაგანად ის ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული ადამიანი. მას სჭირდება სითბო, სიყვარული, მიღება და გარკვეული საზღვრები. მიეცით უფლება, იყოს ბავშვი, სანამ შეუძლია.
თქვენი შეხედულებები მისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც საკუთარი მოსაზრება ჩამოუყალიბდება და საკუთარი გადაწყვეტილებები ექნება. ბევრი მათგანი თქვენ არ მოგეწონებათ — და ეს ბუნებრივია. მთავარია, რომ მას არჩევანის გაკეთება და შედეგების გაცნობიერება ასწავლოთ.
თუ არ განიცდის ცუდ ნიშნებს — ეს კარგია. გაცილებით უარესია, როცა ერთი "რვიანი" კატასტროფას და თვითშეფასების დაცემას იწვევს. მოზარდში გაღვივებულმა პერფექციონიზმმა, რაც ხშირად მშობლის ზედმეტად მაღალი მოთხოვნები იწვევს, შეიძლება მძიმე ემოციურ მდგომარეობამდე მიიყვანოს.
თუ ის პრობლემით მოგმართავთ, ხოლო პასუხად იღებს: „ეს რა გიქნია?!“ — ამას მოჰყვება დანაშაულის განცდა და საკუთარი თავისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. შეცდომები ადამიანური გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია — განსაკუთრებით მოზარდებში. თქვენი როლია მხარში დადგომა, რათა ის ისწავლოს საკუთარი შეცდომებიდან და არ აღიქვას ისინი მსოფლიო კატასტროფად.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მოზარდი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, განვითარებადი პიროვნებაა — საკუთარი საზღვრებით, ინტერესებითა და რთული ემოციური სისტემით. ნუ მოითხოვთ მისგან იმაზე მეტს, ვიდრე ასაკი და შესაძლებლობები აძლევს. თქვენი მთავარი ამოცანაა სიყვარული, მხარდაჭერა, სწორი საზღვრები და სივრცე, რომ გაიზარდოს და საკუთარი თავი იპოვოს.