"1-ელი იანვრიდან პენსია მინიმუმ 200 ლარით უნდა გაიზარდოს... ეს შესაძლებელი და რეალისტურია. მიტოვებულ მოქალაქეებსა და გაზულუქებულ პოლიტიკოსებს შორის გაჩენილი უფსკრული უნდა შევამციროთ" - დეპუტატი - მშობლები

"იანვრიდან პენსია მინიმუმ 200 ლარით უნდა გაიზარდოს... ეს შესაძლებელი და რეალისტურია. ეკონომიკურ ზრდაზე ამაყად საუბრობთ... ბიუჯეტში ფული პენსიის ღირსეული ზრდისთვის ვერ იპოვეთ" - დეპუტატი

2025-11-13 11:06:09+04:00

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი სოფიო ხორგუანი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პენსიების ზრდასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს:

- როგორი სახელმწიფო გვინდა საქართველოსთვის? სახელმწიფო, სადაც ადამიანი და მისი ღირსება დაცულია. სადაც სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნაა. სადაც არც შვილის გაჩენის გეშინია, არც სიბერის. სადაც პატიოსანი შრომა ფასდება, დოვლათს ქმნი და სახელმწიფო შენი მოკავშირეა და არა მძარცველი. თქვენი პროექტით, 1-ელი იანვრიდან საქართველოს დეპუტატის ხელფასი 1120 ლარით იზრდება. პენსია კი 20 ლარით. ეს არის უსამართლობა. საქართველოში მშობლის მოვლა, მოხუცებულზე ზრუნვა, ყველაზე მდგრადი ტრადიცია იყო. ქართული და ქრისტიანული ტრადიციაა - პატივი ეცი მშობელს. 34-ჯერ ნაკლებია პენსიონერის პენსია დეპუტატის ხელფასზე. მაშინ, როდესაც თქვენი ფავორიტი ორბანის უნგრეთში ეს, დაახლოებით, 7-ჯერ ნაკლებია. პოსტსაბჭოთა პოლონეთში 3,5-ჯერ ნაკლებია მხოლოდ. თავს იწონებთ, რომ დასავლეთს ჩვენი შურს. ბიუჯეტში ფული პენსიის ღირსეული ზრდისთვის ვერ იპოვეთ. ეს თანხა არსებობს. უბრალოდ, იფიქრეთ იმ მოხუცზე, ქუჩაში უმწიფარ ლიმონს რომ ჰყიდის იმისათვის, რომ თავი ირჩინოს. იმ მოხუცზე, ხელის კანკალით კაპიკებს რომ ითვლის, აფთიაქში ერთი კვირის სამყოფი წამალი რომ იყიდოს. მარკეტში მორიდებით ათვალიერებს ფასებს და ითვლის, პურის გარდა, რის ყიდვას შეძლებს, ხვალ რომ მშიერი არ დარჩეს...

1-ელი იანვრიდან პენსია მინიმუმ 200 ლარით უნდა გაიზარდოს და ყოველ წელს უნდა მოემატოს. ეს შესაძლებელი და რეალისტურია. მიტოვებულ მოქალაქეებსა და გაზულუქებულ პოლიტიკოსებს შორის გაჩენილი უფსკრული უნდა შევამციროთ. პოლიტიკოსებისადმი ნდობის აღდგენა გაცილებით რთულია და ამას უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. მაგრამ, ესეც ჩვენი გასაკეთებელია იმიტომ, რომ ჩვენ საერთო სამშობლო გვაქვს. გვითხარით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, დაახლოებით, 10 000 დოლარი იქნებაო. რა ფასი აქვს ამას, თუ მხოლოდ 25 ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება?! საქართველოს მოქალაქე სამშობლოდან გარბის. გარბის არა იმიტომ, რომ სამშობლო არ უყვარს, უბრალოდ, ერთ სამსახურს რომ იპოვის, მერე მეორე და მესამეც უნდა იპოვოს. არაქათგამოცლილი არა თუ სწავლასა და ცხოვრებას, არსებობას ძლივს ახერხებს. საჯარო მოხელეებს თამამად ხომ აუკრძალეთ 2 ადგილას მუშაობა და ამას კორუფციასთან ბრძოლა დაარქვით?! ირაკლი კობახიძემ თავი იმართლა და გვითხრა, ეს თუ ანაზღაურების გამო ხდება, მოდი, ანაზღაურება გავუზარდოთო. ეს უნდა შესრულდეს... საქართველოს მოქალაქეებს რასაც დაჰპირდებით, უნდა შესრულდეს. საქართველოში მინიმალური ხელფასის ზღვარი კანონმა უნდა განსაზღვროს, ის 1000 ლარი უნდა იყოს და ყოველ წელს გაიზარდოს. ეს შესაძლებელი და რეალისტურია. არა ისე, როგორც ქონების გადასახადზე მოხდა. ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ვითარების შესაბამისი ნორმა უნდა იყოს. ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, მაღალი თანამდებობის პირები გვპირდებოდით, რომ ქონების გადასახადის ჩარჩო შეიცვლებოდა. მაგრამ, მოქალაქეები მოტყუებულები დავრჩით. ლამის, 20 წლის წინანდელი ნორმით უნდა გადავიხადოთ ბეგარა და ღალა იმ სოფლის სახლისთვის, რომელიც მამა-პაპისგან დაგვრჩა, ვენახებისთვის... იმ ჭერისთვის, რომლისთვისაც ისედაც უძვირესი იპოთეკის სესხის პროცენტს ვიხდით, იმ ბინისთვის, ემიგრაციიდან რომ ფულს აგზავნი და იმედი გაქვს, ერთ დღეს სამშობლოში დაბრუნდები და კერა დაგხვდება. ეს რბოლაა, გადარჩენისთვის.

მაშინ, როცა ქალაქები და სოფლები ღირსეული ცხოვრების ძიებაში იცლება, ეკონომიკურ ზრდაზე, ციფრებსა და პროგნოზებზე ამაყად საუბრობთ. მიეცით შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს, მათაც იამაყონ არა მხოლოდ დიდებული წარსულით, არამედ აწმყოთი. აქ, ამ აწმყოში, ღირსეული მომავალი შექმნან.

დედაჩემი მოხუცებულთა თავშესაფრის დირექტორი იყო. ძალიან სწუხდა, რომ სულ უფრო მეტი ქართველი საკუთარ მშობელს, ბებიას, ბაბუას აბარებს. ამისგან დაზღვეული არავინაა. გაითვალისწინეთ ეს, როდესაც პენსიის ზრდაზე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.