განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია, "შუადღის" ეთერში განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება უცხოეთში უნდათ, საქართველოში 12 კლასის დასრულების შესაძლებლობას მისცემენ:
- პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ სწავლების 11, 12 ან 13 წელს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამიტომ, ეს ბოლონიის პროცესთან კავშირში არ არის. თუმცა, ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს თავისი საფუძველი იმისათვის, რომ განსხვავებული მოთხოვნა დააყენოს. ვადასტურებთ, რომ ასეთი 12 წელი ევროკავშირის უმრავლეს ქვეყანაშია. თუმცა, განსხვავებულიცაა. მაგალითად, ესპანეთს 13 წელი აქვს. იმის გამო, რომ არც ერთი პოტენციური სტუდენტის სურვილი ინტერესის მიღმა არ დარჩეს და არ ჩავთვალოთ ის, რომ შესაძლებელია, რომელიმე სტუდენტს გარკვეული ტიპის ტექნიკური ბარიერები შეექმნას, განათლების სამინისტრო ამუშავებს მოდელს, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ერთიან კონცეფციაში იქნება წარმოდგენილი. მას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი წარადგენს. ზოგადი განათლების მიმართულებით იქნება პრეზენტაცია, სადაც ძალიან ნათლად ვაჩვენებთ, რა ტიპის მოდელს ვთავაზობთ. იცით, რომ ასეთი ბავშვების (საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველების) რაოდენობა სტატისტიკურად ძალიან მცირეა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბავშვის ინტერესი დაცული იყოს და გარკვეული ბარიერები არ ჰქონდეს.
ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ 12 კლასი ოფციის სახით იქნება შენარჩუნებული როგორც კერძო სკოლებში, ასევე შესაძლებელია, საჯარო სკოლებში გარკვეული ტიპის კლასების დამატებით. ეს დამოკიდებულია რაოდენობაზე. ამაზე უფრო დეტალურად მინისტრი ისაუბრებს. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ტიპის წინასწარი რეგისტრაციები დავიწყოთ, რომ ვნახოთ, რა რაოდენობაზეა ლაპარაკი, რომ ამის მიხედვით იგივე საჯარო სკოლებში სპეციალიზებული მე-12 კლასები დავამატოთ.
ზვიად გაბისონიამ ამავე გადაცემაში აღნიშნა, რომ მინისტრი პრეზენტაციაზე განმარტავს, ასეთ შემთხვევაში, სასწავლო პროგრამები როგორ გადანაწილდება.