8 საბავშვო წიგნი 50 ლარად - „თბილისის წიგნის დღეებზე“ დიდი ფასდაკლებები გელოდებათ - მშობლები

8 საბავშვო წიგნი 50 ლარად - „თბილისის წიგნის დღეებზე“ დიდი ფასდაკლებები გელოდებათ

2025-11-13 17:22:43+04:00

14-15-16 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონი „თბილისის წიგნის დღეებს“ უმასპინძლებს. ტრადიციულად, ღონისძიების მონაწილეებს შორის იქნება გამომცემლობა „პალიტრა L“-იც, რომელიც წიგნებისა და აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანით გაგანებივრებთ და ფასდაკლებებს, სიურპრიზებს, საჩუქრებსა და საინტერესო აქტივობებს შემოგთავაზებთ.

თუ ღონისძიებისთვის უკვე ემზადებით და გსურთ, საბავშვო წიგნები მოიმარაგოთ, ამაში ჩვენი პატარა გზამკვლევი დაგეხმარებათ, რომლის ფარგლებშიც წინასწარ გაწერილი ბიუჯეტით საინტერესო და ყველა ბავშვისთვის საყვარელ მხატვრულ ლიტერატურას შეიძენთ.

„თბილისის წიგნის დღეებზე“ 50-ლარიანი ბიუჯეტით შემდეგ 8 საბავშვო წიგნს შეიძენთსერიებიდან „მოსწავლის არჩევანი“ დაLiber Kids:

  1. რობერტ ლუის სტივენსონი - განძის კუნძული

„განძის კუნძული“ რეკომენდებულია 10 წლის ზემოთ ასაკის მოზარდებისთვის. სტივენსონის ეს ნაწარმოები მოზარდებს საოცარ სამყაროში ამოგზაურებს, ისინი მძაფრად შეიგრძნობენ მთავარ პერსონაჟთა თავგადასავლებს.

წიგნი მოგვითხრობს მოხუცი მეკობრის, ბილი ბოუნზის ძველი ზანდუკის ამბავს, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი მეკობრე ცდილობს. საბოლოოდ, ზანდუკში საგულდაგულოდ დამალულ განძის კუნძულის რუკას პატარა, უშიშარი ბიჭი, ჯიმ ჰოკინზი დაეუფლება და აქედან იწყება კიდეც მისი ფათერაკებით აღსავსე, საინტერესო თავგადასავალი ზღვასა თუ ხმელეთზე.

  1. ლუის კეროლი - ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ლუის კეროლის ეს კლასიკა, რომელიც მოზრდილებსა და ბავშვებს ერთნაირად უყვარს, საუკეთესო შენაძენი იქნება თქვენი ოჯახის ბიბლიოთეკისთვის.

წიგნი მოგვითხრობს ელისის თავგადასავალს, რომელმაც ბოცვრის სოროდან სრულიად ჯადოსნურ სამყაროში ამოყო თავი. ეს მომაჯადოებელი რომანი, ხომ უამრავ დაუჯერებელ ამბავს, სრულიად წარმოუდგენელ გმირებსა და მოულოდნელ განცდებს გვაზიარებს! „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ ჭეშმარიტად წიგნი-დღესასწაულია, რომელიც ზოგჯერ მეტისმეტად დაძაბულ სინამდვილეს თუნდაც ცოტა ხნით დაგვავიწყებს და სუფთა ჰაერის ჩაყლაპვის შესაძლებლობას გვაძლევს.

წიგნი რეკომენდებულია 8 წლის და უფრო უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

  1. თამრი ფხაკაძე-ვერცხლის ზანზალაკები

„ვერცხლის ზანზალაკები“ განკუთვნილია 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

წიგნი გვიამბობს ბიძია ღიმილას ამბავს, რომლის ფუნთუშების ამბავი საქვეყნოდ იყო ცნობილი. საიდან და ვინ არ მოდიოდა მათ გასასინჯად. ერთხელ ესპანეთის მეფეც კი ჩამობრძანდა. ზუსტად ორმოცდაათი ფუნთუშა შეჭამა, სამასი ცალი კი ესპანეთში წაიღო. და აი, ერთხელ... როცა გარეთ ზამთრის ქარბუქი ზუზუნებდა და თოვლიც ბარდნიდა, კარი გაიღო და საფუნთუშეში ორი თავზე ხელაღებული ყაჩაღი შემოვიდა...

  1. ვასო გულეური, ნათია ჯანაშია - თოვლის გუნდას ამბები - წიგნი 2

ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის ამბები გრძელდება. თოვლის გუნდასა და მისი მეგობრების თავგადასავლების მეორე ნაწილი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ამ წიგნში გაიგებთ, როგორ იპოვა გუნდამ დაკარგული ცხვირი, თქვენ გაყვებით გუნდასა და ესკიმოს სკოლაში, გაიგებთ, როგორ ისწავლეს მათ მათემატიკა; იმოგზაურებთ სათაფლიას მღვიმეში, გაიზიარებთ ბავშვებისა და გუნდას ექსკურსიისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს; თეატრში წარმოდგენას დაესწრებით და ბევრს იხალისებთ, თოვლის გუნდას თეატრალურ ოინებზე; ბიბლიოთეკაშიც გაისეირნებთ, რომელსაც „ბიბლიოთეკა“ ჰქვია. რატომ ბიბლიოთეკა? - ამას თვითონ გაიგებთ. წინ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ.

  1. ჰანს ქრისტიან ანდერსენი - თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები

ჰანს ქრისტიან ანდერსენის საოცარი სამყარო, ჯადოსნური ამბები და პერსონაჟები თაობებს უყვარს. მის ახალ გამოცემაში გაერთიანებულია მწერლის თითქმის ყველა ზღაპარი, რომელსაც ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ.

წიგნი განკუთვნილია 6 წლის და უფრო ასაკის ბავშვებისთვის.

  1. იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

იაკობ გოგებაშვილის ამ მოთხრობებში გაიცნობ სახელგანთქმულ ქართველ მეფეებსა და გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალეს: ააგეს კულტურული ძეგლები, დააფუძნეს ქალაქები, შექმნეს ქართული ენა და დამწერლობა, განავითარეს ლიტერატურა, განავრცეს განათლება და ააშენეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოიგეს გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრძოლები და გააერთიანეს ქვეყანა

წიგნი განკუთვნილია 8 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

  1. სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები

ეს ჩამონათვალი არ იქნებოდა სრულყოფილი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების გარეშე, რომელთა შეგონებებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბავშვებმა და მოზარდებმა იფიქრონ სხვადასხვა მორალურ პრინციპზე და ზოგადად, ადამიანური ურთიერთობების რაობაზე.

წიგნი განკუთვნილია 6 წლის და უფროსი ასაკისთვის.

  1. დენ ფრიდმენი - მე ვარ ლენი ბრაუნი

წიგნი გამოცემულია „პალიტრა L“-ის სერიის ფარგლებში - Liber kids. ის მოგვითხრობს 8 წლის ბიჭის, ლენი ბრაუნის შესახებ, რომელსაც გადატანილი სტრესის გამო სხვებთან ურთიერთობა უჭირს და მხოლოდ დედასა და თავის საყვარელ ძაღლს, როკის ელაპარაკება. როცა ლენის სხვა სკოლაში გადასვლა მოუწევს, მისი ცხოვრება იცვლება... არცთუ უკეთესობისკენ. იპოვის მეგობრებს? როგორ უნდა შეეგუოს გარემოს? მიიღებენ მას, განსხვავებულს, თანაკლასელები? - ამაზე წუხს ყოველდღე ბიჭი. მაგრამ ერთ დღესაც თვითგამოხატვის სულ სხვა ხერხს იპოვის და ყველას გააოცებს - მისი თანატოლები და მასწავლებლები მიხვდებიან, რა საოცარი ბიჭია ლენი ბრაუნი.

ესტუმრე „თბილისის წიგნის დღეებს“, არ გამოტოვო შესაძლებლობა, შეავსო შენი ბიბლიოთეკა საუკეთესო ფასად და სასიამოვნო დრო გაატარო ოჯახისა თუ მეგობრების თანხლებით.

R