ქართველი პიანისტი, ოპერის ვარსკვლავ ლადო ათანელის მეუღლე მანანა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს:
"ფოტო, რომელიც მამამ - მხატვარმა შალვა ჩიქოვანმა გადამიღო 18 წლის ასაკში"...

ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამავე პერიოდის სხვა ფოტოებიც საოცარია, ქალბატონი მანანას მამის - შალვა ჩიქოვანის გადაღებული.


მანანა ჩიქოვანი მსოფლიო ბარიტონის მეუღლეა, უკვე 30 წელზე მეტია. ბოლო პერიოდია, წყვილი ბერლინიდან სამშობლოში გადმოვიდა საცხოვრებლად.
ქალბატონი მანანა არა მხოლოდ მეუღლეა, მისი უახლოესი მეგობარი, მრჩეველი, პარტნიორია.

მანანა ჩიქოვანი დაიბადა თბილისში, მხატვრისა და მომღერლის ოჯახში. მამა – შალვა ჩიქოვანი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1985), ღირსების ორდენის კავალერი – 50 წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. დედა – ვენერა ჩიქოვანი ამავე თეატრის ერთ–ერთი წამყვანი მომღერალი (მეცო–სოპრანო) იყო და მრავალ სპექტაკლში მონაწილეობდა.
მანანა და მისი და, ლიანა ვერაზე გაიზარდნენ. სამი წლის ასაკიდან უმეტეს დროს ოპერაში ატარებდნენ და ამან განაპირობა მათი პროფესიის არჩევაც.
ბავშვობაში მანანა ჯერ ბალერინობაზე, შემდეგ მსახიობობაზე და რეჟისორობაზე ოცნებობდა, მაგრამ მუსიკის სიყვარულმა გადაძლია და მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაც დაამთავრა. მას მიენიჭა საკონცერტო პიანისტის, პედაგოგისა და კონცერტმაისტერის წოდება. ლიანა ჩიქოვანი კი ოთხსიმიან ხემიან საკრავს – ალტს დაეუფლა და ალტისტი გახდა. დღეს თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში.
მანანა ჩიქოვანის მომავალი განსაზღვრა მისმა შეხვედრამ ლადო ათანელთან, დღეს სახელგანთქმულ მომღერალთან. ერთმანეთი კონსერვატორიაში გაიცნეს. მანანა თავიდანვე მოიხიბლა ლადოს ხმითა და პიროვნული თვისებებით. იგი ჯერ მისი კონცერტმაისტერი, მალე კი მეუღლეც გახდა. საოპერო პარტიების მომზადებისას კონსულტაციას მაესტრო ნოდარ ანდღულაძე უწევდათ. სწორედ ბატონ ნოდარს სთხოვეს მეჯვარეობა და 1993 წლის 27 ნოემბერს მისივე ბინაში აღნიშნეს შეუღლება პატარა ქორწილით.
დაქორწინების შემდეგ მანანა ჩიქოვანმა პიანისტის კარიერა გვერდზე გადადო და მთელი ცხოვრება მეუღლეს მიუძღვნა. მომღერლის შემოქმედებით წარმატებაში მას ლომის წილი მიუძღვის. მანანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლადოს შემოქმედების პირველი ეტაპის მონაპოვარი განვითარებულიყო და იმ ფენომენად ჩამოყალიბებულიყო ვოკალური ხელოვნების ისტორიაში, რომელიც დღეს ლადო ათანელის სახელითაა ცნობილი.
1990-იან წლებში საქართველოში იყო უმძიმესი პირობები – უშუქობა, გაყინული დარბაზები, დახურული თეატრები. ლადო დაუღალავად იღვწოდა ხმის დახვეწისა და შემდგომი დაოსტატებისთვის, მაგრამ გრძნობდა, რომ მის შემოქმედებით წინსვლას დიდი საფრთხე ემუქრებოდა. ერთადერთი გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლა იყო და 1993 წელს მანანამ და ლადომ გერმანიას მიაშურეს. თუმცა ცოლ-ქმარს თავდაპირველად არც გერმანიაში ჰქონდათ დალხენილი ცხოვრება. მატერიალურად უჭირდათ, ხუთი წელი ელოდნენ მოქალაქეობის მიღებას, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრიდნენ, საერთო ძალისხმევით არჩევდნენ და აანალიზებდნენ ამა თუ იმ ოპერისა თუ საკონცერტო პროგრამის არსს, მუსიკალურ-საშემსრულებლო ნიუანსებს და შედეგმაც არ დააყოვნა. დაუღალავი ტიტანური შრომის შედეგად მათ ერთობლივად მოამზადეს 40-ზე მეტი საოპერო პარტია.

კორესპონდენტის კითხვაზე „რა როლი აქვს მანანას მის ცხოვრებაში, ლადო ათანელი პასუხობს: „ - ვერ ვიტყვი, რა როლი აქვს, რადგან ის ჩემთვის ყველაფერია, ღმერთისგან ნაბოძები შეუფასებელი საჩუქარია, რომელზე ლაპარაკისას სიტყვები არ მეყოფა. ღმერთს შევთხოვე, რომ მინდოდა, პირველი პრემიის ლაურეატი სამჯერ გავმხდარიყავი. მან მისმინა და ჩემს მანანასთან ერთად, გავხდით სამჯერ პირველი პრემიის ლაურეატი“...
მანანა ჩიქოვანი არ დასჯერდა მხოლოდ ოჯახურ და შემოქმედებით ურთიერთობას. იგი გახდა ლადო ათანელის ბიოგრაფი და არქივარიუსი. მანანა ლადოს ყოველ საკონცერტო თუ საოპერო სპექტაკლს ხან ფოტოაპარატითა და ხან ვიდეოთი აფიქსირებს ნებისმიერ ქვეყანაში გამოსვლისას. თუმცა გადაღება არ შეიძლება, მაგრამ იგი ისე დაოსტატდა, რომ ლა-სკალაშიც კი ახერხებს ჩაწერას. გარდა ამისა აგროვებს მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილ სტატიებს. მისივე დამსახურებით 2013 წელს გამოიცა წიგნი „ლადო ათანელი: მოგონებები ნოველებად“.
"მანანამ ორი საოცარი წიგნის გამოცემას უხელმძღვანელა, მისი დამსახურებით არსებობს უამრავი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი, აქტიურად მონაწილეობს საკონცერტო პროგრამების განხილვაში. მოკლედ, დიდი ძალაა, როცა გვერდით ნამდვილი პროფესიონალი, გასაოცარი ენერგიისა და ინტუიციის მქონე, განათლებული და გემოვნებიანი ადამიანი გყავს. მასთან ერთად 43 საოპერო როლი მოვამზადე, მისი თანადგომით გავიმარჯვე ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონკურსზე. ის მეგობარია როგორც შემოქმედებით, ისე პირად ცხოვრებაში".

მანანასთან ერთად ლადო ათანელმა 2009 წელს თბილისში დააარსა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“, რომლის მიზანია ფინანსურად დაეხმაროს ღვაწლმოსილ მომღერლებს, საოპერო თეატრის წამყვან მსახიობებს. ასევე, 2010 წლიდან ტარდება ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი ახალგაზრდა ნიჭიერი ვოკალისტების (35 წლის ასაკამდე) გამოსავლენად და საერთაშორისო სარბიელზე მათ გასაყვანად. ლადოსა და მანანასთან ერთად ცნობილი პედაგოგებისა და პროფესორებისგან შემდგარმა ჟიურიმ უკვე რამდენჯერმე დაასახელა გამარჯვებულები და მიაკუთვნა მათ ლადო ათანელის სახელობის სტიპენდია.

