რაციონალურად კვება გადაჭარბებით კვებას არ ნიშნავს ზაფხულის ცხელ სეზონზე ბავშვის კვების რაციონში გარკვეულწილად ცვლილებების შეტანაა საჭირო. მითუმეტეს, რომ სიცხეში ბავშვს მადა უქვეითდება. წყალი, გაზიანი სასმელი, ნაყინი და ხილი მისი ყველაზე სასურველი პროდუქტი ხდება. აუცილებლად უნდა მიიღოთ ზომები, რათა ამ გემრიელობებმა ბავშვის ძირითადი საკვები არ ჩაანაცვლოს. ზაფხულში ხომ ბავშვის ორგანიზმი ისევე იზრდება და ისევე საჭიროებს სასარგებლო ნივთიერებებს, როგორც ზამთარში.
თუ პატარას ძუძუთი კვებავთ, თავად უნდა აკონტროლოთ საკუთარი რაციონი, რათა დედის რძეს საჭირო ვიტამინები და კვებითი ღირებულებები არ მოაკლდეს. თუნდაც არ გინდოდეთ, ზაფხულშიც მიირთვით ხორცი, კვერცხი, პური, მაკარონი, რძის პროდუქტები, მცენარეული და ცხოველური ცხიმები (არა მარგარინი), ახალი ხილი, ბოსტნეული და ტკბილეული.
გახსოვდეთ, რაციონალურად კვება გადაჭარბებით კვებას არ ნიშნავს. ეცადეთ, ნატურალური პროდუქტები მიიღოთ, რადგან ყველაფერი, რასაც თქვენ შეჭამთ, რძის შემადგენლობაზე აისახება. კულინარიული ექსპერიმენტების და ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება სამომავლოდ გადადეთ.
თუ ბავშვი უკვე უფროსებთან ერთად უზის სასადილო მაგიდას, ქათმის უცხიმო ხორცი ან თევზი შესთავაზეთ. ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ რძის და რძემჟავა პროდუქტები. ზაფხული ძირითადად მაინც ხილ-ბოსტნეულის სეზონია და აუცილებლად უნდა ისარგებლოთ ამით. ბევრი მშობელი ზედმეტ გულმოდგინებას იჩენს და ცდილობს, ბავშვის ორგანიზმი ვიტამინების მთელი წლის მარაგით "აავსოს". ვეხეწებით, ჭამოს რაც შეიძლება მეტი ხილი საუზმედაც, სადილადაც და ვახშმადაც. რამდენად აქვცს აზრი ასეთ მიდგომას?
გადაჭარბებას არ გირჩევთ, ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ზაფხულის ნობათი ბავშვმა შეუზღუდავი რაოდენობით უნდა მიიღოს. ნუ დაივიწყებთ ალერგიას თუნდაც მარწყვთან მიმართებაში. ნურც ეგზიტიკურ ხილს მიეძალებით, გახსოვდეთ, რომ ყველაზე მეტი სარგებლობა იმ ხილ-ბოსტნეულს მოაქვს, რომელიც ბავშვისთვის ჩვეულ კლიმატურ ზონაშია მოყვანილი.
უხვად შეაზავეთ წვნიანები მწვანილით, ხშირად დაუმზადეთ ბავშვს ხილის კისელი, წვენები. რა თქმა უნდა, ხილ-ბოსტნეული უმი სახითაც უნდა შესთავაზოთ. პროდუქტი კარგად გარეცხეთ და ეცადეთ, ერთი საათი ცივ წყალშიც გააჩეროთ. ამით პროდუქტში არსებულ ნიტრატებს გაანეიტრალებთ.
აუცილებელი წესები - როგორ ვკვებოთ ბავშვი ზაფხულში
როცა მგზავრობთ და წასახემსებლად გზისპირა კაფეში შეჩერდებით, არ არის აუცილებელი, იქაური საჭმელი ბავშვსაც გაასინჯოთ. ასეთი ნაუცბათევი წახემსება უფროსებსაც კი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებს უქმნის, წარმოიდგინეთ, ბავშვი რა მდგომარეობაში აღმოჩნდება. სამაგიეროდ, ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას და გაასინჯეთ ზღვის ნებისმიერი პროდუქტი (ოღონდ არა შებოლილი), მთავარია, ბავშვს მასზე ალერგია არ ჰქონდეს. ეს პროდუქტები ბავშვის რაციონში 3 წლიდან უნდა ჩართოთ.
კუჭ-ნაწლავის აშლილობისგან მაინც არც ერთი ბავშვი არ არის დაზღვეული, თუნდაც მხოლოდ სახლში დამზადებული კერძებით იკვებებოდეს და ყოველი ჭამის წინ ხელებს იბანდეს. სიცხეში ყველა პროდუქტი სწრაფად ფუჭდება, მცირდება ვიტამინებისა და მიკროელემენტების რაოდენობა. ამიტომ ზაფხულობით ბავშვს მხოლოდ ახალგაკეთებული კერძები აჭამეთ. დაიცავით კვების რეჟიმი. მისი წყალობით ბავშვის კუჭის წვენი ზუსტად საჭირო დროს, საკვების მიღებისას გამოიყოფა. ეს რეფლექსური მოვლენაა, ამიტომ ბავშვს ერთსა და იმავე დროს უნდა აჭამოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მადა დაეკარგოს ან მონელების პრობლემა ჩამოუყალიბდეს.
რაც შეეხება კვებათა შორის შუალედებს, ყველაზე ოპტიმალურია 3,5 ან 4 სათი. 3 წლიდან კი ეს ინტერვალი 5 საათამდე იზრდება. ზაფხულობით ეცადეთ, რომ ბავშვმა ღამ-ღამობით არ ჭამოს. დაძინებამდე ვახშამი 2 საათით ადრე უნდა მიირთვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მშვიდად ვერ დაიძინებს.
განსაკუთრებით აკონტროლეთ დღის განმავლობაში მიღებული სითხის ოდენობა. ზაფხულობით ბავშვმა მეტი წყალი უნდა დალიოს, ვიდრე გრილ სეზონზე. სუფთა წყლის გარდა რეკომენდებულია ახალგაწურული და წყლით გაზავებული წვენიც. ტკბილი და გაზიანი სასმელები წელიწადის არც სხვა დროს არის სასურველი, მითუმეტეს ზაფხულში წყურვილის მოსაკლავად ისინი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ.