თვალშიდა ინიექციები, რომლებმაც ადამიანი სრული სიბრმავისგან შეიძლება დაიცვას - მშობლები

თვალშიდა ინიექციები, რომლებმაც ადამიანი სრული სიბრმავისგან შეიძლება დაიცვას

2025-11-17 13:15:21+04:00

თვალშიდა ინექცია თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელსაც კონკრეტული დაავადებების მართვის დროს ალტერნატივა არ გააჩნია. ამ დროს პრეპარატის შეყვანა ხდება უშალოდ თვალში, ბადურასთან, რადგან პათოლოგია იმდენად ღრმად არის თვალში, რომ წვეთებითა თუ აბებით მკურნალობა არაეფექტურია.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი მირიან მაკრახიძე განმარტავს, თვალში შეყვანილი პრეპარატი ამცირებს ბადურაზე წარმოქმნილი, პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდასა და განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ისეთი დაავადებების მკურნალობის ოქროს სტანდარტია, როგორიცაა: დიაბეტური რეტინოპათია, ასაკობრივი მაკულოპათია, ბადურის სისხლძარღვების თრომბოზი და ნეოვასკულარული გლაუკომა. თვალშიდა ინექციების შესახებ დეტალურად თავად მირიან მაკრახიძე გვესაუბრება.

- დეტალურად რომ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს თვალშიდა ინექციები?

- თვალშიდა ინექცია არის ერთ-ერთი ოფთალმოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც მედიკამენტის შეყვანა ხდება უშუალოდ თვალის შიგნით, მინისებრ სხეულში, ბადურასთან. აღნიშნული პროცედურა საჭიროა ბადურის კონკრეტული პათოლოგიებისა და დაავადებების დროს.

რადგან ბადურა თვალის კაკლის ყველაზე ღრმა შრეში მდებარეობს, იქ განვითარებული რიგი პათოლოგიების დროს წვეთებით ან მედიკამენტებით მკურნალობა უშედეგოა. სწორედ ამ დროს არის საჭირო თვალშიდა ინექციები.

- რამდენად რთული პროცედურაა თვალშიდა ინექცია?

- თვალშიდა ინქეცია საკმაოდ მარტივი პროცედურაა. ინექციამდეპაციენტს უტარდება ადგილობრივი გაუტკივარება წვეთების საშუალებით. ყუჩდება თვალის ზედაპირი, რომ პროცედურა სრულიად უმტკივნეულო იყოს. პაციენტი გრძნობს მხოლოდ მცირედ ზეწოლას და ოდნავ დისკომფორტს. უშუალოდ პროცედურა რამდენიმე წამი გრძელდება.

- თვალშიდა ინექცია ერთჯერადად ტარდება?

- ინექციების რაოდენობა დამოკიდებულია დაავადებასა და მის ხარისხზე. შესაძლოა ერთი პროცედურა საკმარისი იყოს ან რამდენჯერმე გახდეს საჭირო მისი ჩატარება. სხვადასხვა დაავადებას მკურნალობის სხვადასხვა მიდგომა აქვს.

- როგორია იმ დაავადებების სიმპტომები, რომელთა დროსაც თვალშიდა ინექცია ინიშნება? როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინექცია საჭიროა დიაბეტური რეტინოპატიის, ასაკობრივი მაკულოპათიის, ბადურის სისხლძარღვების თრომბოზისა და ნეოვასკულარული გლაუკომის დროს. ამ დაავადებებს ახასიათებს კონკრეტული კლინიკური გამოვლინებები, რომლის დროსაც პაციენტმა სპეციალისტს უნდა მიმართოს. ბადურა მხედველობის აქტში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. შესაბამისად, იქ არსებული ცვლილებები პირველ რიგში მხედველობის დაქვეითებით გამოვლინდება. მხედველობა იმდენად ქვეითდება, რომ პაციენტებს უჭირთ საგნების აღქმა, წერა, კითხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მხედველობის დაქვეითება შეიძლება ნელ-ნელა მიმდინარეობდეს ან უეცარად მოხდეს. მაგალითად, რამდენიმე წუთში დაკარგოს ადამიანმა მხედველობა. ეს ბადურის სისხლძრღვების თრომბოზის დროს ხდება.

ასაკობრივ მაკულოპათია, რომელიც ფაქტობრივად შეუქცევადი პროცესია, 2 ფორმა აქვს. მშრალი და სველი, რომელიც უფრო გართულებული ფორმაა. სწორედ ამ დროს არის საჭირო თვალშიდა ინქეცია საჭირო, რომ მხედველობის სრული დაკარგვა არ მოხდეს.

დიაბეტური რეტინოპათიას ბადურის შეშუპება ახასიათებს, ნეოვასკულარულ გლაუკომას კი - მაღალი თვალშიდა წნევა.

როგორც ვხედავთ თითოეული მათგანი ბადურასთან არის კავშირში და მთავარი ჩივილი, რაც გვაფიქრებინებს, რომ დაზიანება ბადურაზეა, საგნების არასწორი აღქმაა. ამ დროს პაციენტები საგნებს ხედავენ დაკლაკნილად, უსწორმასწოროდ, ბუნდოვნად. ხშირია მხედველობის ველში შავი ლაქა, რომელიც თვალის მოძრაობას არ დაჰყვება. დამახასიათებელია მხედველობის ცენტრალურ არეში ხედვის გაუარესება.

- როგორ ხდება აღნიშნული დაავადებების დიაგნოსტიკა და თვალშიდა ინექციების საჭიროების განსაზღვრა?

- თვალის ფსკერის ბიომიკროსკოპით დათვალიერების დროს პათოლოგიური ცვლილების დაფიქსირებისას, სიღრმისეული ინსტრუმენტული კვლევები ინიშნება. „ნიუს ჰოსპიტალსში“ აღნიშნული კვლევა უახლესი ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფიით (OCT) ხდება. ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც თვალის ბადურის ღრმა შრეების დეტალური დათვალიერების საშუალებას იძლევა.

- თვალშიდა ინექციებს ახლავს თუ არა რაიმე ტიპის რისკები?

- როგორც ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას, აღნიშნულსაც შეიძლება მოჰყვეს გვერდითი მოვლენები. თუმცა ეს საკითხი ძირითადად სპეციალისტის კვალიფიკაციასა და ჩატარების ტექნიკაზეა დამოკიდებული, რადგან თავად პროცედურა სრულიად უსაფრთხოა.

ზოგადად, თვალი ძალიან ნატიფი ორგანოა და ინექციის შემდეგ შეიძლება დაფიქსირდეს მსუბუქი დისკომფორტი, სიწითლე, უცხო სხეულის შეგრძნება, მომატებული თვალშიდა წნევა. უფრო სერიოზული გართულების შემთხვევაში, შეიძლება დაიწოს ჩირქოვანი ინფექცია ან სისხლდენა. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს მანიპულაციის შემდეგ უნდა დაენიშნოს ანტიბიოტიკის წვეთები.

- რა კრიტერიუმები განსაზღვრავს თვალშიდა ინექციის შედეგის ხარისხს?

- ზოგადად, ამ ტიპის მკურნალობა ახალი არ არის და რიგ შემთხვევაში ალტერნატივაც არ გააჩნია. თუმცა მუდმივად მიმდინარეობს მისი განვითარება პრეპარატების თვალსაზრისით. დღეს მკურნალობის შედეგსა და ხარისხს განსაზღვრავს ის პრეპარატი, რომელიც თვალში შეგვყავს. „ნიუ ჰოსპიტალში“ ვიყენებთ უახლესი თაობის წამლებს, რომლებსაც დღეს ევროპისა და აშშ-ის წამყვანი კლინიკები იყენებენ. შესაბამისად, ჩვენთან თვალშიდა ინექციები უმაღლესი სტანდარტების დაცვით ტარდება.

- რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებულმა ან არასწორმა მკურნალობამ?

- ჩამოთვლილ დაავადებებს პროგრესირება ახასიათებს, შესაბამისად დაგვიანებულმა მკურნალობამ ან მისმა არასწორმა მენეჯმენტმა შეიძლება სრულ სიბრმავემდე მიიყვანოს პაციენტი.

R