2026 წლის 1-ელი იანვრიდან პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება იკრძალება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს. ცვლილება "სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე" 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში შევიდა.
ასევე, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდებაც იკრძალება.
აღსანიშნავია, რომ რეგულაცია არ ეხება პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებს (საგნებს), რომლებიც დაფასოებული სურსათისათვისაა განკუთვნილი.
პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია ბაზარზე განთავსებული იყოს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.
ასევე, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან (2026 წლის 1 იანვრიდან) ექვსი თვის განმავლობაში.
კონტროლს ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებების შესრულებაზე, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აწარმოებს.
მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ არ იკრძალება პლასტმასის ზემოთ ჩამოთვლილი საგნების წარმოება ექსპორტის მიზნით. მწარმოებელი, რომელიც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის საგნებს ამზადებს ექსპორტის მიზნით, ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს როგორც წარმოების დაწყების, ასევე, დამთავრების ვადების, დასამზადებელი ნაკეთობების (საგნები) რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნებისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.