"რა ხდებოდა სკოლაში?" - რატომ არის ეს შეკითხვა ბავშვისთვის გამაღიზიანებელი და რა კითხვები უნდა დაუსვათ, რომ სკოლის და დღის ამბები გულწრფელად გაგიზიაროთ - მშობლები

"რა ხდებოდა სკოლაში?" - რატომ არის ეს შეკითხვა ბავშვისთვის გამაღიზიანებელი და რა კითხვები უნდა დაუსვათ, რომ სკოლის და დღის ამბები გულწრფელად გაგიზიაროთ

2025-11-18 09:32:22+04:00

ბევრი მშობელი შვილს ყოველდღე უსვამს ერთი შეხედვით უწყინარ კითხვებს: „რა ხდებოდა სკოლაში?“ ან „როგორ ჩაიარა დღემ?“. თუმცა ფსიქოლოგების აზრით, ეს შეკითხვის სწორი ფორმა არ არის. უმეტეს შემთხვევაში, ბავშვი პასუხობს: „კარგად“, „ნორმალურად“, მაგრამ ამ სიტყვებს უკან შეიძლება უამრავი ემოცია, სირთულე ან მნიშვნელოვანი დეტალი იმალებოდეს. რატომ არ უყვართ ბავშვებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და როგორ დავუსვათ ისეთი კითხვები, რომლებსაც გულწრფელი პასუხები მოჰყვება — ამას კლინიკური ფსიქოლოგი მარტა დეიროს კოლადო განმარტავს.

რატომ არ მუშაობს კითხვა „რა ხდებოდა სკოლაში?“

„წარმოიდგინეთ საკუთარი თავი სამუშაო დღის შემდეგ. ხშირად უბრალოდ გინდათ, დაივიწყოთ სამსახური, აღარავის უპასუხოთ და სახლში დაისვენოთ. ბავშვებიც ზუსტად ასეთები არიან. მთელი დღე მათ უსვამენ კითხვებს, აძლევენ დავალებებს, სთხოვენ მოსმენას. როცა სკოლიდან ბრუნდებიან, მათი ტვინი დასვენებას ითხოვს. ამიტომაც პასუხობენ ერთ სიტყვას — „ნორმალურად“ — ამბობს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, ბავშვებს ხშირად თავიდანვე არ უყვართ ასეთი ტიპის კითხვები. როცა მშობელი მხოლოდ ინტერესისთვის ეკითხება, პასუხი მაინც ზედაპირული რჩება: „მკითხეს — ვუპასუხე“. ასეთი დიალოგი არც მშობელს აძლევს რეალურ ინფორმაციას და არც ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, გახსნას.

რა უნდა გავაკეთოთ ამის ნაცვლად?

1. მოთმინება — მთავარი წესია

სწორედ სკოლიდან დაბრუნების წუთებში არ ღირს შეკითხვების დასმა. ნეირობიოლოგიის კვლევებით, ბავშვს შეუძლია გააზრებული დიალოგი მხოლოდ მაშინ, როცა მშვიდადაა და მისი ძირითადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია.

ამ დროს საკმარისია მხოლოდ ის, რომ ბავშვს აგრძნობინოთ — გიხარიათ მისი ნახვა. დააკვირდით, რა ემოციით დაბრუნდა: გახარებული? დაღლილი? ჩუმი? გაღიზიანებული?

ფსიქოლოგი გვირჩევს: „დაარქვით ემოციას სახელი.“ მაგალითად: „ისე გამოიყურები, დღეს რაღაც მოხდა…“ ან „მგონი ცოტათი მოწყენილი ხარ, ხომ ყველაფერი რიგზეა?“

ეს ბავშვში უსაფრთხო სივრცეს ქმნის და ხშირად მას ეს უფრო ამხნევებს, ვიდრე პირდაპირი შეკითხვა.

2. ყველაზე გულწრფელი საუბრები საღამოს ხდება

მარტა კოლადოს თქმით, ყველაზე ღრმა და ნამდვილი საუბრები დაძინებამდე მიმდინარეობს — როცა ბავშვი სრულიად მოდუნებულია და თავს დაცულად გრძნობს.

მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ: ეს არ უნდა იყოს დაკითხვა და შემოწმება.

ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს: „თუ გინდათ, რომ ბავშვმა გიამბოთ, როგორ გაატარა დღე, დაიწყეთ საკუთარი თავით. მოუყევით იმ დღის სასაცილო მომენტი, რაღაც მოულოდნელი, ის, რაც გაგიკვირდათ ან გაგიხარდათ. როცა თქვენ უზიარებთ ემოციებს, ბავშვიც ბევრად მარტივად გაიხსნება.“

6 კითხვა, რომლებზეც ბავშვისგან გულწრფელ პასუხს მიიღებთ

  1. იყო დღეს რამე სასაცილო ან სახალისო?

  2. რა მოგეწონა ყველაზე მეტად დღეს?

  3. რაზე ილაპარაკეთ მასწავლებელთან ან მეგობართან?

  4. ხიმ არ გეწყინა რამე?

  5. რამ გამოგიკეთა ხასიათი?

  6. იყო რამე სირთულე და შეძლე მისი გადალახვა?

ეს კითხვები ბევრად კონკრეტულია და ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, ემოციებსა და ფაქტებს შორის უკეთ გაერკვეს.

მნიშვნელოვანი შენიშვნა

სკოლის ასაკში ბავშვები ხშირად ვერ გამოყოფენ „ფაქტებს“ და „გრძნობებს“. მაგალითად, თუ ამბობს: „მგონია, რომ ძალიან ცუდად ვსწავლობ“, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტობრივად ასეა — ეს მხოლოდ ემოციაა. მშობლის ამოცანაა დაეხმაროს მას რეალობის და განცდების გაშიფვრაში.

როცა ბავშვი მოზარდის ასაკში შედის

თინეიჯერობის პერიოდში მშობლები ბუნებრივად გადადიან მეორე პლანზე — ბავშვებისთვის პირველი ადგილი თანატოლებს, მეგობრებს უკავიათ. ეს არ ნიშნავს, რომ უფროსები აღარ არიან მნიშვნელოვანი. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ახლა საჭიროა სხვა, უფრო მოქნილი კომუნიკაციის ფორმა — საუბარი თინეიჯერის ინტერესების, მისი სამყაროს და მის განწყობას უნდა შეესაბამებოდეს.

ბავშვისთვის კითხვა „როგორ ჩაიარა დღესმ, რა ხდებოდა სკოლაში?“ ზედმეტად ზოგადია და ემოციურად დამღლელიც. იმისთვის, რომ ბავშვი გაიხსნას, საჭიროა:

  • სიმშვიდე და მოთმინება

  • ემოციებისთვის სახელის დარქმევა

  • საკუთარ გამოცდილებაზე გახსნილი საუბარი

  • კონკრეტული, თბილი და ემპათიური კითხვები

მშობლის ყურადღება, ნამდვილი სითბო და სწორი კომუნიკაცია ქმნის იმ გარემოს, სადაც ბავშვი სურვილით და ნდობით ყვება თავის დღეზე — და სრულად გიზიარებთ ყველაფერს, რაც მის გულში იმალება.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვი მისთვის შეუფერებელ სკოლაში დადის - რა ნიშნებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება სკოლის შეფასებებისას
როგორ იცვლება ბავშვი 6 წლის ასაკში და როგორ შევუწყოთ ხელი, რომ სასკოლო ეტაპი სიძნელეების გარეშე გადალახოს - შეამოწმეთ, მზად არის თუ არა სკოლისთვის