პატარა მიროსლავის ისტორიამ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ადამიანის შეშფოთება გამოიწვია და საერთაშორისო პრესის გვერდებზე აღმოჩნდა. მოსკოვში ბავშვის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს. ამავდროულად, რაც უფრო მეტ დეტალს არკვევდა გამოძიება, ამბავი კიდევ უფრო გამაოგნებელი ხდებოდა.
როგორც მედიაში წერენ, 6 წლის ბიჭს შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა. მას გადაადგილების უნარი ჰქონდა შეზღუდული. სამართალდამცავებმა მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად ბავშვის დედა და მისი პარტნიორი დაასახელეს...
16 ნოემბრის დილით, გამვლელებმა გოლიანოვსკის ტბორის სამხრეთ სანაპიროზე ცელოფანში გახვეული ზურგჩანთა შენიშნეს. შიგნით ბავშვის თავი იყო. სასამართლო ექსპერტიზამ წინასწარი შეფასებით, გარდაცვლილი 7-დან 10 წლამდე შეაფასა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ის მხოლოდ 6 წლის იყო.
იმავე დღეს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები პოლიციას დაუკავშირდა. პენსიონერი აცხადებდა, რომ მისი შვილიშვილი, მიროსლავი, გაუჩინარდა. ქალი ამბობდა, რომ ბავშვი მასთან იყო, თუმცა წინა დღით მამინაცვალმა წაიყვანა და მას შემდეგ, გაუჩინარდა. პენსიონერი ამბობდა, რომ არც დედა და არც მამინაცვალი ტელეფონზე არ პასუხობდნენ. ხოლო, როცა ინტერნეტში შემზარავი ამბავი გავრცელდა, ქალმა საკუთარ შვილიშვილზე იეჭვა.

სამართალდამცავებმა მალევე ბავშვის დედა და მამინაცვალი დააკავეს. სახლის ჩხრეკის შედეგად კი, აივანზე მცირეწლოვანი ბიჭის სხეული აღმოაჩინეს. როგორც დადგინდა, 31 წლის ელენა პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა. მამინაცვალმა 6 წლის ბიჭს სასტიკად სცემა. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ბავშვი ცემით შემოაკვდათ, ბრალის დაფარვა ამ გზით სცადეს და ცხედარი დაანაწევრეს...
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6 წლის ბიჭს გადაადგილება არ შეეძლო. ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა და განსაკუთრებულ მოვლასა და მეთვალყურეობას საჭიროებდა. ოჯახის მეგობრების თქმით, ბავშვი ხშირად სახლში იჯდა ან იწვა, გარეთ მხოლოდ ბებიასთან ერთად გადიოდა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მასზე ზრუნავდა.
31 წლის ელენა, ორი შვილის დედა, დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მას სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები, განწყობის უეცარი ცვალებადობა და უმიზეზო აგრესიის შეტევები აწუხებდა. მეზობლები იხსენებდნენ, რომ ქალი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, შვილებს უმიზეზოდ ეჩხუბებოდა, სახლში ნივთებს ყრიდა და აგრესიული იყო.
როგორც ცნობილია, ქალი ზაფხულში ქმარს დაშორდა. ის ორი შვილით მარტო დარჩა. ელენას, ვაჟის გარდა, 9 წლის ქალიშვილი ჰყავს.
გაირკვა ისიც, რომ ქალს უამრავი ვალი ჰქონდა და სამსახურს ხშირად იცვლიდა. წყაროები აღნიშნავენ, რომ ქალი საკუთარ თავს ჯადოქარს უწოდებდა, აკრძალულ ნივთიერებებს იყენებდა და სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებდა.

ელენას პარტნიორი საქმეში მთავარ ფიგურას წარმოადგენს. მეზობლები ამტკიცებენ, რომ მამაკაცი ნარკოტიკულ საშუალებებს რეგულარულად მოიხმარდა და ფხიზელი არ იყო. მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ ის ბავშვს ხშირად სცემდა და ელენა პარტნიორს კი არ ეწინააღმდეგებოდა, ბავშვის ცემაში უერთდებოდა კიდეც.
ქალმა დანაშაული აღიარა. გამოძიება მკვლელობის დეტალებსაც აღწერს. ამჟამად ელენას დაკითხვა ვერ ხერხდება. როგორც მედია წერს, ქალი მონაცვლეობით ტირის, იცინის და არაფხიზელია. ისიც თქვა, რომ თავადაც აპირებდა თავის მოკვლას, მაგრამ კატები შეეცოდა, რომლებისთვისაც უნდა ეჭმია...
ბავშვის ბებია ამბობს, რომ მისი შვილი, ელენა, მკვლელობაში დამნაშავე არ იქნება, რადგანაც ქალს ბავშვები ძალიან უყვარდა. თუმცა, გამოძიებით საპირისპირო მტკიცდება.
ახლა გამოძიება მიმდინარეობს. წყვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა ელოდება.