"ადამიანი უნდა ისწრაფოდეს იმისკენ, რომ ჰარმონიული სექსი ჰქონდეს" - ზურაბ მარშანია საუბრობს, რა როლი აქვს წყვილის ბედნიერად ცხოვრებაში ჰარმონიულ სქესობრივ ცხოვრებას და რამდენად შესაძლებელია ამის სწავლა - მშობლები

"ჩვენი ქალები საკუთარ ჯანმრთელობას, მით უმეტეს, სექსუალურ ჯანმრთელობას, მამაკაცებისგან განსხვავებით, ყურადღებას არ აქცევენ. ამბობენ, რომ მთავარია, ქმარი, ბავშვები იყვნენ კარგად... საკუთარი ბედნიერება ქალისთვის მეორეხარისხოვანი ხდება"

2025-11-18 14:21:42+04:00

ექიმი-სექსოლოგი, პროფესორი,ზურაბ მარშანიაგადაცემაში"მამების დრო" საუბრობს, რა როლი აქვს წყვილის ბედნიერად ცხოვრებაში ჰარმონიულ სქესობრივ ცხოვრებას და რამდენად შესაძლებელია ამის სწავლა:

- ადამიანი უნდა ისწრაფოდეს იმისკენ, რომ ჰარმონიული სექსი ჰქონდეს. ეს ჩვენთვის ღვთის მიერ მონიჭებული უფლების რეალიზაციის საშუალებაა. ღმერთმა ბედნიერების უფლება მოგვანიჭა. ბედნიერება ჰარმონიული სექსის გარეშე არსებობს?

აუცილებელია, წყვილმა ჰარმონიული სქესობრივი ცხოვრება ისწავლოს. ეს არის არის ადვილი. ძალისხმევას მოითხოვს. ეს ისეთივე მძიმე შრომას მოითხოვს, რაც, მაგალითად, უცხოური ენის ათვისებას სჭირდება. მაგრამ, უცხოური ენის ათვისებისათვის მოტივაცია ძალიან ძლიერია. სამწუხაროდ, ამ საკითხში ასეთ მოტივირებულობას ვერ ვატყობ. ლათინური ანდაზაა: "პრევენცია უკეთესია, პროფილაქტიკაა, ვიდრე მკურნალობა." მკურნალობით გაფუჭებულ საქმეს ასწორებ. არ ჯობს, არ გააფუჭო? სქესობრივი განათლება სექსუალური დისფუნქციების პრევენციაა. განათლების ამაღლების მოტივაცია, სამწუხაროდ, ჩვენთან მაღალი არ არის. რაც ჩვენს საზოგადოებაში, ქვეყანაში ხდება, ამ მოტივირებულობის ზრდას სულ არ უწყობს ხელს. პირიქით მგონია...

ჰარმონიული სქესობრივი ცხოვრება ნიშნავს, ადამიანის უფლებას, იყოს ჯანმრთელი, ჰქონდეს ჯანსაღი როგორც რეპროდუქციის, ასევე სქესობრივი ცხოვრების უნარი. ეს, რა თქმა უნდა, ორივე პარტნიორს ეხება იმიტომ, რომ სექსი მხოლოდ ერთი ადამიანის ფუნქცია არ არის. ეს წყვილოვანი ფუნქციაა. სექსი ჰარმონიულია მაშინ, როდესაც ის ორივე პარტნიორისთვის სასიამოვნო და სასიხარულოა. როდესაც არ არის არანაირი პრობლემა, არანაირი პათოლოგია, სექსუალური დისფუნქცია ერთი ან მეორე მხრიდან. მაგრამ, სამწუხაროდ, არის სიტუაციები, როდესაც არც ქალს და არც მამაკაცს პათოლოგია არ აქვს, მაგრამ ჰარმონია არ არის და ოჯახი ინგრევა. არც ყოფითი პრობლემები აქვთ, მაგრამ რაღაცნაირად ერთმანეთისკენ გული აღარ მიუწევთ. ჰარმონია იყო და დაიკარგა... ეს უკვე დიაგნოზია - პარტნიორული სექსუალური დისჰარმონია. ქორწინების დასაწყისში ჰარმონია იყო, მერე დაიკარგა. ეს ადვილი გასარკვევი არ არის. ფსიქოლოგიც ერთვება. ზოგჯერ თავადაც არ იციან, ეს რატომ მოხდა. ყველაფერი მოგვარებადია, უბრალოდ, ორივე მხრიდან ძალისხმევაა საჭირო. ექიმის მხრიდან მაღალი პროფესიონალიზმი, პაციენტის მხრიდან კი მოტივირებულობა და დისციპლინაა აუცილებელი. დისციპლინა ცოტა გვიჭირს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქართველ ქალებს მკურნალობის დისციპლინა უჭირთ. ჩვენი ქალი საკუთარ ჯანმრთელობას ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს. მით უმეტეს, სექსუალურ ჯანმრთელობას. მამაკაცზე ამას ვერ ვიტყვი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე ჩვენი მამაკაცების მონდომებასა და მოტივირებულობას ტაშს ვუკრავ. მაგრამ, ჩვენი ქალებისას, რა თქმა უნდა, მხოლოდ გულისტკივილით აღვნიშნავ. რა არის მიზეზი, ძნელი სათქმელია. მე მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული კვლევის საგანია. არა მარტო სამედიცინო ხასიათის, არა მარტო სოციოლოგიური ხასიათის, არამედ სოციო-კულტურული კვლევის. ეს ჩვენს მენტალობაზეა დამოკიდებული. მამაკაცმა იცის, რომ სექსი აუცილებელია. მისთვის სექსი თვითდამკვიდრების საშუალებაცაა. ქალში ასე არ არის. ქალი უფრო მოტივირებულია ოჯახზე. ამბობს, რომ მთავარია, ბავშვები, ქმარი. მთავარია, ისინი იყვნენ კარგად. აქედან გამომდინარე, ორგაზმის სიმულირების მასობრივი გავრცელებაა. სიმულაციას მიმართავენ იმისათვის, რომ მამაკაცმა თავი ბედნიერად იგრძნოს. საკუთარი ბედნიერება კი ქალისთვის მეორეხარისხოვანი ხდება.