საზოგადოება ხშირად აღიარებს დედების ემოციურ გადაღლას, მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს იმავე პრობლემაზე მამების შემთხვევაში. თანამედროვე მამა ცდილობს იყოს ოჯახის საიმედო მარჩენალიც, აღმზრდელიც და სრულფასოვანი პარტნიორიც. ისიც ცდილობს „სუპერმამობას" და ეს მცდელობა მათშიც ისევე იწვევს სტრესს, გაღიზიანებას და სრულ შინაგან გამოფიტვას, როგორც დედებში. როგორ შევამჩნიოთ ეს მდგომარეობა და როგორ დავუბრუნოთ მამაკაცებს ძალა და ბედნიერი მამობა? რა თქმა უნდა, ფსიქოლოგებს ამ საკითხზეც მზად აქვთ განმარტებები.
საზოგადოებრივი სტერეოტიპები წლებია ამყარებდა წარმოდგენას, რომ მამა უპირველესად „მარჩენალია“, რომლის მთავარი მისიაა ოჯახისთვის მატერიალური უზრუნველყოფა, ხოლო ემოციური ჩართულობა – მეორეხარისხოვანი. ასეთი მიდგომა ზრდიდა წნეხს და შედეგად, მამების ემოციური პრობლემები საერთოდ არ განიხილებოდა.
მაგრამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მამაკაცური თვითშეგნება მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს ბევრ მამას სურს აქტიურად ჩაერთოს ბავშვის აღზრდაში, გამოხატოს გრძნობები, შექმნას ემოციურად თბილი ურთიერთობა. სწორედ ამ ახალმა მოდელმა გამოამჟღავნა, რომ მამებიც ისევე განიცდიან გადაღლას და შინაგან სიცარიელეს, როგორც დედები.
ურთიერთობები — იქნება ეს პარტნიორებს შორის თუ მშობელსა და შვილებს შორის — არა მხოლოდ შეთანხმებებსა და წესებზე დგას. მათი მთავარი ძალა ემოციებია: სიყვარული, სითბო, თანაგრძნობა. როდესაც შინაგანი ენერგია ამოწურულია და ადამიანი ვერ ავსებს საკუთარ რესურსებს, წარმოიქმნება ემოციური „სიცარიელე“.
მამების გადაღლა — ეს არის მდგომარეობა, როცა მამაკაცი მთლიანად იხარჯება ოჯახის კეთილდღეობისთვის, მაგრამ აღარ აქვს ძალა, რომ ენერგია აღიდგინოს. ხდება გულგრილი, ვერ გრძნობს სიხარულს, ოჯახის წევრებიც ხედავენ, რომ თითქოს "გაცივდა", „ემოციები გაქრა“.
ეს არის კრიზისი, რომელიც საჭიროებს გააზრებას: გახდება ეს შინაგანი გატეხვის წერტილი თუ ახალი, გაცნობიერებული ეტაპის დასაწყისი?
ბოლო წლებში დედების გადაღლაზე უფრო ხშირად საუბრობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მამების მდგომარეობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. პირიქით — ის უფრო ხშირად რჩება შეუმჩნეველი.
1. სოციალური წნეხი: თანამედროვე მამა ერთდროულად უნდა იყოს წარმატებული, სტაბილური და მუდმივად დასაქმებული — ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე ეს განსაკუთრებით მძიმეა.
2. დროის დეფიციტი: გრძელი და დატვირთული სამუშაო საათები იწვევს იმას, რომ ოჯახისთვის მინიმალური დრო რჩება.
3. ახალი მოლოდინები: დღეს მამებისგან ელიან არა მხოლოდ ფინანსურ უზრუნველყოფას, არამედ მუდმივ ჩართულობას, ემოციურ მხარდაჭერას და აქტიურ მონაწილეობას აღზრდაში. ბევრს ამ ცვლილებაზე გადართვა უჭირს.
4. თავშეკავება ემოციების გამოხატვაზე: საზოგადოება ხშირად მაინც ეჭვის თვალით უყურებს მამაკაცს, რომელიც ღიად საუბრობს დაღლილობაზე, შფოთვაზე ან გადატვირთვაზე. ამის გამო მამაკაცები ხშირად „იგროვებენ“ სტრესს, სანამ ძალები სრულიად არ ამოეწურებათ.
შედეგად, მამაკაცი იწყებს ბრძოლას ორ ფრონტზე — სამსახურსა და ოჯახში — და საკუთარ საჭიროებებს უგულებელყოფს. მუდმივი პასუხისმგებლობის გრძნობა, მარცხის შიში და პირადი სივრცის ნაკლებობა ძლიერ სტრესს იწვევს.
მამების გადაღლა ხშირად აღიქმება როგორც „ცუდი ხასიათი“ , თუმცა სინამდვილეში ეს სისტემური მდგომარეობაა. მისთვის დამახასიათებელია:
მუდმივი დაღლილობა
უძილობა
ხშირი გაციებები და იმუნიტეტის შესუსტება
მამა მარტივ მიზეზზეც კი ფეთქებადია, უხეშად პასუხობს, მწვავედ რეაგირებს.
აღარ ახარებს შვილებთან გატარებული დრო, ჰობისადმი ინტერესი ქრება.
მამა თითქოს „არსებობს“ ოჯახში, მაგრამ არ არის ჩართული — არის ფიზიკურად, მაგრამ არა ემოციურად.
ის ყველასგან მოშორებას ცდილობს, ხშირად იმალება საკუთარ სამყაროში. ეს არის ფსიქიკის დაცვის მექანიზმი.
შედეგები მტკივნეულია ყველასთვის: ბავშვები კარგავენ მამობრივ სითბოს, დედა — მხარდაჭერას, ხოლო მამა — სრულიად გამოფიტულია.
პირველი და ყველაზე რთული ნაბიჯი — გააცნობიეროთ, რომ არსებული მდგომარეობა ნორმალური არ არის და რესურსები ამოწურულია.
იყავით რეალური მამა — შეიძლება შეცდომები დაუშვათ, მაგრამ ოჯახთან ყოველთვის გულწრფელი იყავით.
30 წუთიც კი, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, დაგიბრუნებთ ენერგიას: სპორტი, ჰობი, წიგნი, სეირნობა — ყველაფერი, რაც ძალას გაძლევთ.
აუცილებელია ემოციებზე ლაპარაკი, დახმარების თხოვნა, პასუხისმგებლობების გადანაწილება.
თუ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებთ — ფსიქოლოგთან მიმართვა ძალიან ეფექტური ნაბიჯია.
მამების ემოციური გადაღლა არ არის სისუსტე — ეს ბუნებრივი და ადამიანური მდგომარეობაა, რომელსაც სჭირდება აღიარება, მხარდაჭერა და ძალების აღდგენა. როცა მამაც და დედაც კარგად გრძნობს თავს, მაშინ არის ოჯახში ნამდვილი ჰარმონია.