ისევ ექნებათ თუ არა ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა, "Erasmus+" -ის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უფასოდ ისწავლონ - განმარტება - მშობლები

რა იცვლება რეალურად "Erasmus+"-ის პროგრამაში - რა შეიცვლება სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის

2025-11-19 12:38:23+04:00

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის პროგრამა "Erasmus+" -ის 2026 წლის გზამკვლევი გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება პროგრამით ვეღარ ისარგებლებს. მიზეზად ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები და გადაწყვეტილებებია დასახელებული.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, პროგრამა აღარ დააფინანსებს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, ტრენინგებსა და აქტივობებს, რომლებსაც ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა და სააგენტოები ახორციელებენ.

ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, "Erasmus+" პროგრამის მეშვეობით 13 000-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა საქართველოდან ისწავლა და გაიარა ტრენინგები ევროპაში. მათი მგზავრობის, სწავლისა და ცხოვრების ხარჯები ევროკავშირის მხრიდან სრულად დაფინანსდა.

გაჩნდა შეკითხვა, ქართველ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ეს შესაძლებლობა ხომ არ შეეზღუდებათ.

"Erasmus+" -ის ქართული ოფისი ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და წერს, რომ ქართველი სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაცვლით პროგრამებში უფასოდ მონაწილეობის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ. განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ:

"განმარტება, Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების შესახებ, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისთვის საქართველოში:

ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში, Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად.

შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგ ცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან.

ნებისმიერი ევროკავშირის პროგრამის შემთხვევაში, წესები და შერჩევის კრიტერიუმები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია, რომ გადახედონ Erasmus+-ის პროგრამის უახლეს სახელმძღვანელო დოკუმენტს, კონსულტაცია გაიარონ Erasmus+-ის ეროვნულ ოფისთან საქართველოში და დაეყრდნონ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს, ზუსტი და უახლესი ინსტრუქციებისთვის." - წერია განცხადებაში.

რეალურად, სამომავლოდ, რა შეიძლება, შეიცვალოს იმ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის, რომლებიც გაცვლით პროგრამებში დააპირებენ მონაწილეობის მიღებას - საკითხის შეფასებისათვის განათლების ექსპერტს, სიმონ ჯანაშიას მივმართეთ:

- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის დაფინანსების წესები შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოსთან ერთად აპირებდნენ რაიმეს გაკეთებას. გაცვლითი პროგრამების თვალსაზრისით, რომ კვლევითი პროექტისთვის ან გამოცდილების გაზიარებისათვის ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში წავიდნენ, იქ გაატარონ სემესტრი ან რამდენიმე თვე, ამ კუთხით, ჯერჯერობით, არაფერი იცვლება. მაგრამ, მაგალითად, თუ პროფესორი აპირებდა, სახელმწიფოსთან ერთად პროექტი გაეკეთებინა, პირობითად, მოეწყო ახალი ბიბლიოთეკა, რისთვისაც ნაწილობრივ დაფინანსებას სახელმწიფოსგან, ნაწილობრივ კი აღნიშნული პროგრამიდან მიიღებდა, ასეთ შემთხვევაში დაფინანსებას ვეღარ მიიღებს. ასევე, პროფესორების ნაწილი სახელმწიფოს ხელთ არსებულ ტერიტორიებს, სიმდიდრეს იკვლევს. მაგალითად, თუ სახელმწიფოს მუზეუმშია ექსპონატები დაცული, ახალი კანონის მიხედვით, კვლევისთვის სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, "Erasmus+"-ის კრიტერიუმი რა იქნება, ჩაითვლება თუ არა ეს საქმიანობა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ჩატარებულ კვლევად, უცნობია.

ჯერჯერობით, გაცვლით პროგრამებს საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ, ეს მნიშვნელოვან ტენდენციას აჩვენებს. თუ "Erasmus+" გადაწყვეტს, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა მიუღებელია, მერე შეიძლება სტუდენტებს შერჩევის დროს ეჭვის თვალით შეხედონ. იმ ქვეყნებიდან სტუდენტებს, სადაც სახელმწიფოს არ ენდობიან, როგორც პოტენციურ ემიგრანტებს, ისე უყურებენ და "Erasmus+"-ის პროგრამებში მიღების თვალსაზრისით, მეტი პრობლემა ექმნებათ ხოლმე. პირდაპირი დირექტივა, რომ ახლა ეს ცვლილება სტუდენტებს ეხება, არ არის, თუმცა ცუდია, როდესაც "Erasmus+" კონკრეტულ სახელმწიფოს ეჭვის თვალით უყურებს. შემდეგ გრანტების რაოდენობა და ამ გრანტებისათვის აპლიკაციების მომზადება ეჭვქვეშ დგება იმიტომ, რომ შიდა ხარისხის კონტროლი არ არსებობს. თუ სახელმწიფო აღიარებს სტუდენტების ხარისხებს და, პარალელურად, თუ სახელმწიფოს "Erasmus+" არ ენდობა, ასეთ შემთხვევაში, საფრთხე შეიძლება შეექმნას იმ სტუდენტების "Erasmus"-ის პროგრამაში მონაწილეობას, რომელთა ხარისხის აღიარებაშიც ეს სახელმწიფო იყო ჩართული.

თამარ იაკობაშვილი