ა.წ. 1-ელ ოქტომბერს თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში 26 წლის მასწავლებელგიგა ავალიანსსაცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სამწუხაროდ, მისის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე.
დანაშაულებრივი ფაქტიდან 23 დღის შემდეგ, 2025 წლის 24 ოქტომბერს გიგა ავალიანი მიღებული დაზიანების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გიგა ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით. ალექსანდრე გაბაშვილს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი რიკაძეს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა. ბოლო დღეების განმავლობაში დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ არის დაკავებული აღნიშნულ საქმეზე დამატებით სხვა რამდენიმე პირი.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ, რაც უტყუარად დასტურდება არსებული ვიდეოჩანაწერებით.
აქვე განვმარტავთ, რომ ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი საქმე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბუნებრივია ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".