მილიარდერების დილა: რას მიირთმევენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები საუზმეზე და როგორია იდეალური საუზმე - მშობლები

მილიარდერების დილა: რას მიირთმევენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები საუზმეზე და როგორია იდეალური საუზმე

2025-11-20 09:36:20+04:00

კვებითი ჩვევები თითოეული ადამიანის შემთხვევაში განსხვავებულია. ზოგიერთს კონკრეტული პროდუქტები უყვარს და დილას შესაბამისად იწყებს. ზოგს კი ურჩევნია, დილით საუზმე არ მიირთვას. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით შევსება ჩვენი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ჩვენს ტვინსა და სხეულს საკვები ნივთიერებები აკლია, მხოლოდ შოკოლადით ამ დანაკლისს ვერ შევივსებთ.

ნუტრიციოლოგი, დოქტორი, წიგნის "ძლიერი საკვები ტვინისთვის" ავტორი, ნილ ბარნარდი, დარწმუნებულია, რომ ჩვენი პროდუქტიულობა და სამსახურში წარმატება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიწყებთ დღეს და რა პროდუქტებს მივირთმევთ დილით.

კოფეინი ტკბილ ფუნთუშასთან ერთად, როგორც წესი, ცოტახნით ენერგიის მომატებას გამოიწვევს. მაგრამ, მალევე შიმშილის გრძნობა და უენერგიობა კვლავ დაგვიბრუნდება.

ნილ ბარბარდი ასახელებს იმ პროდუქტებს, რომელთა საუზმეზე მიღებაც ჯანმრთელობისათვის აუცილებელია:

რთული ნახშირწყლები

ნახშირწყლები გლუკოზის წყაროა, რომელსაც ორგანიზმი ენერგიად გარდაქმნის. იდეალური საუზმე მინიმუმ ერთ ჯანსაღ, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყალს უნდა შეიცავდეს, რომელიც სისხლში შაქრის მკვეთრი დონის მატებას არ გამოიწვევს.

მსხვილმარცვლოვანი შვრიის ფაფა და ჭვავის ტოსტი კარგი ვარიანტია. როგორც სპეციალისტი ამბობს, ეს პროდუქტები ენერგიას დიდი ხნის განმავლობაში შეგვინარჩუნებს და ტვინს საჭირო "საწვავს" მიაწოდებს.

sauzme-2-1763617405.jpeg

ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ნატურალური ცილა

ბეკონი და ძეხვი ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტებია, რომლებსაც ადამიანები კვერცხთან ან ტოსტთან ერთად მიირთმევენ. თუმცა, ექიმის თქმით, ისინი ქოლესტერინისა და ცხიმის დიდ რაოდენობას, შეიცავს. ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში საჭირო ენერგიით ნამდვილად ვერ მოგვამარაგებს. მეტიც, როგორც ნუტრიციოლოგი აღნიშნავს, აღნიშნულ ცხიმიან პროდუქტებში შემავალი ნივთიერებები თავს დაღლილად და უენერგიოდ გვაგრძნობინებს.

არაჯანსაღი, გადამუშავებული საკვების ნაცვლად, უმჯობესია, საუზმის ნაწილში ჯანსაღი ცილა ჩავრთოთ. მაგალითად, ფრინველის ან კურდღლის ფილე, თხილი, მარცვლეული და პარკოსნები.

ხილის სმუზი ან ნატურალური წვენი

შესაძლოა, ბევრი ადამიანისათვის დღის დაწყება ყავის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ბარნარდი გვირჩევს, რომ დილით კოფეინს მოვერიდოთ და ის ხილის სმუზით ჩავანაცვლოთ.

"კოფეინი სტიმულატორია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანები მასზე დამოკიდებულები ხდებიან", - ამბობს ექიმი. ნუტრიციოლოგი გვირჩევს, რომ ენერგიის გასაზრდელად საუზმეზე სმუზი ან ერთი ჭიქა ნატურალური წვენი მივიღოთ.

sauzme-3-1763617419.jpeg

ალტერნატიული რძე

მიუხედავად იმისა, რომ ძროხის რძე ცილის შესანიშნავი წყაროა, ბარნარდი ამბობს, რომ ის ასევე მდიდარია ქოლესტერინითა და ცხიმით, რამაც შეიძლება, მთელი დღის განმავლობაში დაგამძიმოთ. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს ლაქტოზის აუტანლობა აქვს. ექიმის აზრით, შესანიშნავი გამოსავალი მცენარეული რძის ალტერნატივაა. მაგალითად, სოიოს რძე. ის ლაქტოზას არ შეიცავს, ცილებით მდიდარია და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ბრინჯის და ნუშის რძეც კარგი ვარიანტია, მაგრამ ცილის შემცველობის თვალსაზრისით, სოიოს რძე უმჯობესია.

იცავენ თუ არა თანამედროვე მეწარმეები და ცნობილი ადამიანები ამ წესებს?

ბევრი ადამიანი ცდილობს, საუზმე ჯანსაღად დაიწყოს. ზოგიერთი კი სპეციალისტების წესებსა და რეკომენდაციებს უგულებელყოფს. მაგალითად, Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი ამბობს, რომ საუზმეს საერთოდ არ მიირთმევს, დღეში მხოლოდ ერთხელ, გვიან შუადღეს იკვებება.

საინტერესოა, როგორ იწყებენ დილას სხვა ცნობილი ადამიანები:

რიჩარდ ბრენსონი

sauzme-4-1763617434.jpeg

ბრიტანელი ბიზნესმაგნატი რიჩარდ ბრენსონი საკუთარი ქვეყნის ტრადიციული საუზმის მოყვარული არ არის, რომელიც შემწვარი ბეკონისგან, კვერცხისგან, პომიდვრისგან, სოკოსგან, პურისა და ძეხვისგან შედგება. The Virgin Group-ის დამფუძნებელი დღეს ხილის სალათითა და მიუსლით იწყებს, რომელიც ჩირისა და თხილეულისაგან შედგება. ნუტრიციოლოგის რეკომენდაციით, ეს პრაქტიკულად, საუზმისთვის იდეალურია.

პაიალ კადაკია

sauzme-5-1763617450.jpeg

ფიტნეს-სტარტაპ ClassPass Fruits-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დღეს ჯანსაღი კვებით იწყებს. ის ხილს, ვიტამინების დანამატსა და ციტრუსოვან-მწვანე ჩაის მიირთმევს. მეტიც, როგორც ცნობილია, მას დილით ვარჯისისა და სირბილის დროს ჩაი თან მიაქვს და პერიოდულად მიირთმევს.

კეტ კოული

sauzme-6-1763617462.jpeg

შეიძლება, ვიფიქროთ, რომ კეტ კოული, რომელმაც 26 წლის ასაკში საცხობის საერთაშორისო ქსელი Cinnabon-ი ჩაიბარა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული არ იქნება, თუმცა ასე არ არის. მის თეფშზე, როგორც წესი, დილით, კვერცხის ცილა, ავოკადოს ტოსტი და ხილია.

"ზუსტად ეს პროდუქტები უნდა მივირთვა, რომ შემდეგ ჩემს თავს სინაბონის ჭამის უფლება მივცე", - ხუმრობით თქვა მეწარმემ CNBC-ზე.

ჯონ მაკი

sauzme-7-1763617477.jpeg

Whole Foods Market-ის თანადამფუძნებელს, ისევე როგორც მისი სასურსათო მაღაზიის ბევრ მომხმარებელს, კომბოსტო უყვარს. საუზმეზე ჯონი ნუშის, შვრიის, ბრინჯის ან სოიოს რძით, ახალი ხილით და კომბოსტოს ან ისპანახის ფოთლებით სმუზის ამზადებს და მიირთმევს. ასევე, როგორც მეწარმე ამბობს, ბრინჯის ფაფა ძალიან უყვარს.

ბილ გეითსი

sauzme-8-1763617495.jpeg

ბილ გეითსი არის ადამიანი, რომელსაც დიეტოლოგების რეკომენდაციები ნაკლებად აინტერესებს. მისი ყოფილი მეუღლის, მელინდას თქმით, ის ხშირად საუზმეს საერთოდ არ მიირთმევს. თავად ბილმა ერთხელ საშუალო სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ მისი საყვარელი დილის კერძი რძიანი შოკოლადის კრუტონების ფაფაა.

გარდა ამისა, მილიარდერს სწრაფი კვების პროდუქტები განსაკუთრებით უყვარს. მისი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯო სერელამ, განაცხადა, რომ მისი საქმიანი ვიზიტების განუყოფელი ნაწილი დიეტური კოკა-კოლაა. სადილზე კი ხშირად ჩიზბურგერი ან ჰამბურგერი აქვს.

ილონ მასკი

sauzme-9-1763617510.jpeg

Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ძნელად შეიძლება, ვუწოდოთ. როგორც ცნობილია, ის საუზმეს ხშირად საერთოდ არ მიირთმევს. თუმცა, როცა საუზმის დრო აქვს, ომლეტსა ან ყავას ანიჭებს უპირატესობას.