რუმეისა გელგი, რომლის სიმაღლე 215.16 სანტიმეტრია, მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქალად არის დასახელებული. ჯიოტი ამგე კი, რომლის სიმაღლეც მხოლოდ 62.8 სანტიმეტრია, ყველაზე დაბალი ქალია დედამიწაზე. როცა მათ გინესის მორიგი რეკორდსმენობის სიგელი გადასცეს, შეახვედრეს კიდეც ერთმანეთს ლონდონში, ფინჯან ჩაიზე. ორ ქალს შორის სიმაღლეში უზარმაზარი სხვაობაა, თუმცა მათ შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს. „ჩვენ გვაქვს საერთო რაღაცეები. ორივეს გვიყვარს მაკიაჟი, თავის მოვლა, სამკაულები და ფრჩხილების გაკეთება“, - თქვა გელგიმ შეხვედრის შემდეგ, -„სიმაღლეში სხვაობის გამო ზოგჯერ თვალით კონტაქტის დამყარება გვიჭირდა, მაგრამ ეს შეხვედრა შესანიშნავი იყო“.
ამგემაც დასძინა, რომ „ძალიან ბედნიერი“ იყო რეკორდსმენთან შეხვედრით. მათ ორივეს აერთიანებთ განსხვავებულობა, რადგან დაბადებიდან, მთელი ცხოვრების განმავლობაში ისინი ყველასგან გამოირჩევიან.


თურქი ვებ დიზაინერი გელგი 2021 წელს დასახელდა ყველაზე მაღალ ქალად.მისი სიმაღლე განპირობებულია უივერის სინდრომის სახელით ცნობილი უკიდურესად იშვიათი დაავადებით. ის მსოფლიოში 27-ე ადამიანია, რომელსაც ეს სინდრომი დაუდგინდა.
27 წლის გელგი ასევე ფლობს სხვადასხვა ტიპის რეკორდს ყველაზე გრძელი ხელების, ხელის მტევნების, ყველაზე გრძელი ყურებისთვის.


ამგეს, ინდოეთში დაბადებული მსახიობი და მედიაპერსონა, ძვლის ზრდის დარღვევა, აქონდროპლაზია აქვს და სწორედ ამან განაპირობა მისი ტანდაბლობა. ის სოციალურ მედიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ასევე გამოჩნდა ამერიკულ სატელევიზიო სერიალში „ამერიკული საშინელებათა ისტორია: ფრიკ შოუ“ მა პეტიტის როლში. ის ოფიციალურად ყველაზე დაბალი მსახიობის ტიტულის მფლობელიც გახდა.