კუპატა ზღაპრის გმირი გახდა - ამბები და ილუსტრაციები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს - მშობლები

კუპატა ზღაპრის გმირი გახდა - ამბები და ილუსტრაციები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

2025-11-21 17:22:00+04:00

ბათუმელი ძაღლის, რომელიც რამდენიმე წლის წინ ზებრა გადასასვლელზე ბავშვებს აცილებდა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, არსებობას სხვადასხვა ფორმით აგრძელებს - მისი ამბები გიორგი კეკელიძის წიგნში „კუპატას თავგადასავალშიც“ გრძელდება.

თუ ოდესმე ბათუმის ქუჩებში სეირნობისას შეგიმჩნევიათ, როგორ აჩერებს ძაღლი ზებრა გადასასვლელთან მანქანებს და ბავშვებს გზაზე უსაფრთხოდ გადასვლაში ეხმარება, უნდა იცოდეთ, რომ ეს კუპატა იყო. ის 5 წლის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრებით გახდა ცნობილი და მალევე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება. მის სანახავად მუდმივად იკრიბებოდნენ ბავშვები, ადგილობრივი მოსახლეობა თუ ტურისტები, რომლებმაც კუპატა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი აღმოაჩინეს.

ეს არის ამბავი ოთხფეხა გმირზე, რომელმაც ადამიანებს ყველაზე მთავარი, ერთგულება და გმირობა შეახსენა. სწორედ ამიტომ კუპატა ერთნაირად უყვართ უფროსებსა და ბავშვებს. გიორგი კეკელიძის ავტორობით შექმნილი მისი თავგადასავალიც, რომლის ილუსტრაციებზეც მხატვარმა სალომე ხოტივარმა იმუშავა, ყველა თაობის მკითხველისთვის ამაღელვებელი იქნება.

სალომე ხოტივარისთვის კუპატას ილუსტრაციებზე მუშაობა ემოციური და სევდიანი იყო. როგორც თავად გვიამბობს, მთავარი იყო იმის გააზრებაა, რომ კუპატა ცოცხალი აღარ არის:

„როგორც ყველა წიგნში, ვცდილობ, ილუსტრაცია იქმნებოდეს ისე, რომ ჰქონდეს კეთილი გარემო და პერსონაჟიც ასეთივე იყოს. კუპატას თავად არის სიკეთე და ჩემი მიზანიც ის იყო, რომ ილუსტრაციაში ეს გადმოცემულიყო“, - აღნიშნა მხატვარმა.

ცნობილი ოთხფეხა გმირის ამბით მისი სიკვდილის შემდეგაც მოცულები ვართ, რადგან ეს უანგარო სიკეთისა და მეგობრობის საოცარი მაგალითია. სწორედ ამიტომ გრძელდება მისი ისტორია სხვადასხვა ფორმით: ზებრა გადასასვლელებზე დატოვებული ნაკვალევისა და კედელზე დახატული სტენსილის გარდა მასზე შეიქმნა ანიმაცია, სახელად „სიყვარულმა გაჩერება არ იცის“, დაიწერა წიგნი - „კუპატას თავგადასავალი“ და ეს მხოლოდ დასაწყისია.

„ყველა ჩვეულებრივი ძაღლი არაჩვეულებრივია, ყველა არაჩვეულებრივი ძაღლი ჩვეულებრივი“ - სწორედ ასე იწყებს გიორგი კეკელიძე კუპატას ამბავს თავის წიგნში, რომელიც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი.

R